შემოსავლის მცირე კლება და მოგების 43.8%-იანი ვარდნა – Tesla-მ III კვარტალის ანგარიში წარადგინა

შემოსავლის მცირე კლება და მოგების 43.8%-იანი ვარდნა – Tesla-მ III კვარტალის ანგარიში წარადგინა

ფოტო: Shoko Takayasu/Bloomberg

Tesla-მ 2026 წლის მესამე კვარტალში $28.05 მილიარდის შემოსავალი მიიღო. მაჩვენებელი ანალიტიკოსების მოლოდინებს მცირედით აღემატება, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოდნავ შემცირებულია. ამავე პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება წლიურად $1.4 მილიარდიდან $787 მილიონამდე, 43.8%-ით შემცირდა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე 48 ცენტი შეადგინა.

ამასთან, ელექტრომობილების მწარმოებელმა კვარტალი $1.5 მილიარდის თავისუფალი ფულადი ნაკადით დაასრულა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები $4.9 მილიარდის გადინებას პროგნოზირებდნენ.

მესამე კვარტალში Tesla-ს კაპიტალურმა დანახარჯებმა $4.73 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების $7.5-მილიარდიან მოლოდინზე ნაკლებია.

თვის დასაწყისში კომპანიამ მესამე კვარტლის ავტომობილების მიწოდების მონაცემებიც გამოაქვეყნა. Tesla-მ მომხმარებლებს 486,532 ავტომობილი მიაწოდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს აღემატებოდა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა. მიწოდების დინამიკა კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან Tesla ცდილობს, ზედიზედ მესამე წლის განმავლობაში ავტომობილების წლიური მიწოდების შემცირება თავიდან აიცილოს.

Tesla ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლების, მათ შორის BYD-ის, მზარდ კონკურენციას აწყდება. 2025 წელს კომპანიის შემოსავალმა $94.8 მილიარდი შეადგინა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი $97.7 მილიარდი იყო.

ამავდროულად, Tesla მნიშვნელოვან რესურსებს მიმართავს ხელოვნური ინტელექტის, რობოტაქსების, ჰუმანოიდი რობოტებისა და ნახევარგამტარების წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ამ მიმართულებებს ბიზნესის სამომავლო ზრდის მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევს. თუმცა Tesla-ს შემოსავლის უდიდესი ნაწილი კვლავ ავტომობილების გაყიდვებზე მოდის.

იმისთვის, რომ კომპანიამ 2025 წლის ავტომობილების მიწოდების საერთო მაჩვენებელი გაიმეოროს და წლიური კლების ზედიზედ მესამე წელი თავიდან აიცილოს, მეოთხე კვარტალში სულ მცირე 311,448 ავტომობილის მიწოდება დასჭირდება.

Tesla-ს აქციების ფასი ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ არასავაჭრო საათებში 1.5%-ზე მეტით გაიზარდა. ოთხშაბათის სავაჭრო სესია კი აქციებმა 3.4%-იანი ზრდით დაასრულა და $386.47 შეადგინა.

კომპანიის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების პერიოდში ყურადღების ცენტრში Tesla-სა და SpaceX-ის შესაძლო შერწყმის საკითხიც მოექცა. სამშაბათს მასკმა დაადასტურა, რომ ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ გარიგების განხილვის მიზნით სპეციალური კომიტეტები შექმნა. მისი თქმით, შერწყმა საინტერესო იდეაა, თუმცა გარიგება ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

Tesla და SpaceX უკვე თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტზე. მათ შორისაა ტეხასში ერთობლივად დაგეგმილი Terafab-ის ნახევარგამტარების საწარმოო კომპლექსი, რომლის მასშტაბური წარმოების დაწყებაც 2028 წლის მესამე კვარტლისთვის არის მოსალოდნელი. ოქტომბერში Tesla-მ SpaceX-ის ობიექტზე მეორე თაობის განახლებული Roadster-ის პროტოტიპიც წარადგინა. კომპანიის განცხადებით, ავტომობილი SpaceX-ის ტექნოლოგიებს, მათ შორის ძრავების ნაცვლად გამოყენებულ სპეციალურ გამშვებ სისტემებსა და სხვა საინჟინრო გადაწყვეტილებებს, აერთიანებს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი