2025 წელს მომსახურების ექსპორტმა $8.6 მილიარდს მიაღწია – უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნები

2025 წელს მომსახურების ექსპორტმა $8.6 მილიარდს მიაღწია – უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნები

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან მომსახურების ექსპორტმა 8.57 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. ამავე პერიოდში მომსახურების იმპორტი 1.3%-ით გაიზარდა და 3.86 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. შედეგად, მომსახურებით ვაჭრობაში საქართველოს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 4.71 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 19.1%-იანი ზრდაა.

წყარო: საქსტატი

საქსტატის ანგარიშის თანახმად, მომსახურების ექსპორტში ყველაზე დიდი წილი მოგზაურობაზე მოდიოდა. 2025 წელს ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.69 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 54.7%-ია. მეორე ადგილზე სატრანსპორტო მომსახურება იყო 1.75 მილიარდი დოლარით (20.4%), ხოლო მესამე პოზიციას სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება იკავებდა, საიდან მიღებულმა შემოსავალმაც 1.37 მილიარდი დოლარი შეადგინა (16%).

რაც შეეხება მომსახურების იმპორტს, ყველაზე დიდი თანხა სატრანსპორტო მომსახურებაზე დაიხარჯა. 2025 წელს ამ მიმართულებით იმპორტმა 2.24 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მომსახურების მთლიანი იმპორტის 58.1%-ია. მეორე ადგილზე მოგზაურობა იყო 460.8 მილიონი დოლარით (11.9%), ხოლო მესამეზე – სხვა საქმიანი მომსახურება, რომლის იმპორტის ღირებულებამ 340.2 მილიონი დოლარი (8.8%) შეადგინა.

მომსახურების ექსპორტის მიმართულებით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, 2025 წელს 958.6 მილიონი დოლარის ღირებულების მომსახურებით. მეორე ადგილზე რუსეთი იყო 899.2 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე – ისრაელი 686.3 მილიონი დოლარით. აღსანიშნავია, რომ მომსახურების ექსპორტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 54%-ს შეადგენდა.

წყარო: საქსტატი

მომსახურების იმპორტის მხრივაც პირველი ადგილი თურქეთს ეკავა, 556.9 მილიონი დოლარის მომსახურებით. მეორე პოზიციაზე ჩინეთი იყო 210.9 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე – აშშ 182.6 მილიონი დოლარით. ათ უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყანაზე მომსახურების მთლიანი იმპორტის 46% მოდიოდა.

წყარო: საქსტატი

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი