ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა – რა გაძვირდა?

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა – რა გაძვირდა?

ფოტო: ISTOCK

 

2026 წლის ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.9%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტრანსპორტის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, საცხოვრებლისა და ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფებში ფასების ზრდამ მოახდინა.

2026 წლის ოქტომბერში წლიურმა საბაზო ინფლაციამ 4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9%-ით განისაზღვრა.

თვიურ ჭრილში ინფლაციაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაძვირებამ მოახდინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.43 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. კერძოდ, ტანსაცმელი 12%-ით, ხოლო ფეხსაცმელი 8.2%-ით გაძვირდა.

მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ტრანსპორტის ჯგუფსაც, სადაც ფასები 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო თვის ინფლაციაში წვლილმა 0.34 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამ პერიოდში პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 4.2%-ით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენა კი 1.4%-ით გაძვირდა. ამასთან, სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები 2.4%-ით შემცირდა.

საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში ფასები თვიურად 0.6%-ით გაიზარდა, რამაც საერთო ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. გაძვირდა საცხოვრებელზე ფაქტობრივი გადასახადი (1.3%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.8%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.2%).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ყველაზე დიდი წვლილი ტრანსპორტის ჯგუფმა შეიტანა. ამ ჯგუფში ფასები გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 21.9%-ით გაიზარდა, რამაც წლიურ ინფლაციაში 2.54 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. მათ შორის, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 30.3%-ით, სატრანსპორტო მომსახურება 14.5%-ით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა 1.7%-ით გაძვირდა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 3.1%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ამ პერიოდში ყველაზე მეტად თევზეული გაძვირდა – 20.2%-ით. ხორცისა და ხორცის პროდუქტების ფასები 7.6%-ით, ზეთისა და ცხიმის 7%-ით, ყავის, ჩაისა და კაკაოს 5.7%-ით, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის 4.1%-ით, პურისა და პურპროდუქტების კი 4%-ით გაიზარდა. რძის, ყველისა და კვერცხის ჯგუფში ფასების ზრდამ 0.6% შეადგინა.

ამასთან, გაიაფდა ხილი და ყურძენი – 4.5%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 3.3%-ით, ხოლო მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1.2%-ით.

საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში წლიურმა ინფლაციამ 10.1% შეადგინა, რამაც საერთო ინფლაციაზე 0.98 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. კერძოდ, საცხოვრებელზე ფაქტობრივი გადასახადი 12.8%-ით, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 11.9%-ით, ხოლო ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 10.6%-ით გაძვირდა.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები წლიურად 8.4%-ით გაიზარდა, რაც მთლიან ინფლაციაში 0.69 პროცენტული პუნქტის წვლილით აისახა. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 11.7%-ით, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა კი 9.4%-ით გაძვირდა.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, განათლების ჯგუფში ფასები წლიურად 12%-ით შემცირდა, რამაც საერთო ინფლაცია 0.53 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კლება ძირითადად უმაღლესი განათლების საფასურის 32.9%-ით შემცირებამ განაპირობა. ამასთან, სკოლამდელი და დაწყებითი განათლება 8.8%-ით, საშუალო განათლება 6.6%-ით, ხოლო დონით განუსაზღვრელი განათლება 5.5%-ით გაძვირდა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი