აშშ-მა ირანში კუნძულ ქეშმზე „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელა

აშშ-მა ირანში კუნძულ ქეშმზე „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელა

ფოტო: ariananews.af

 

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ორშაბათს ღამით შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში მდებარე ირანის კუნძულ ქეშმზე საჰაერო იერიში მიიტანა. ამერიკული მხარე აცხადებს, რომ კუნძულზე „თავდაცვითი დანიშნულების საჰაერო დარტყმები“ განახორციელეს.

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, აღნიშნა, რომ იერიშები რომელთა შესახებაც მანამდე Wall Street Journal-ი იუწყებოდა, შეზღუდული ხასიათის იყო და არ წარმოადგენს მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების განახლებას.

კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები იმ ქმედების საპასუხოდ განხორციელდა, როდესაც ირანულმა მხარემ აშშ-ის სამხედრო რესურსების წინააღმდეგ „მიწა-ჰაერი“ ტიპის რაკეტები გამოიყენა.

კიდევ ერთი ვერსიით, აშშ-მა კუნძულზე ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურა, რომლითაც ირანმა ამერიკული დამრტყმელი დრონი, MQ-9 Reaper-ი ჩამოაგდო.

პენტაგონმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისთვის ჟურნალისტები აშშ-ის ცენტრალური სარდლობისკენ (CENTCOM) გადაამისამართა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებს ხელმძღვანელობს.

ქეშმის კუნძულზე რამდენიმე აფეთქების შესახებ ინფორმაცია გუშინ ირანულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მაც გაავრცელა.

ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიანიშნებდა, რომ სამშაბათს დაგეგმილი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, ირანზე თავდასხმები განახლებულიყო. თუმცა ორშაბათს მან განაცხადა, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება შეეცვალა.

პარალელურად, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები სხვადასხვა მედიატორის ჩართულობით კვლავ მიმდინარეობს. მხარეები პერიოდულად პოზიციების დაახლოებაზე მიანიშნებენ, თუმცა მოლაპარაკებებში რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა ამ დრომდე არ მიღწეულა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.