აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის თებერვლის შემდეგ პირველი მოლაპარაკებების მედიატორი იქნება

აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის თებერვლის შემდეგ პირველი მოლაპარაკებების მედიატორი იქნება

ფოტო: Ukrainian Presidential Press Office via AP

 

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები შეიკრიბებიან. შეხვედრის მიზანი მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების, ომის შემდგომი უსაფრთხოების შეთანხმებებისა და დეესკალაციის საკითხების განხილვაა. შეერთებული შტატები აღნიშნულ პროცესში მედიატორის როლში იქნება წარმოდგენილი.

აშშ-ის შუამავლობით გამართული ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები თებერვალში შედგა, მანამ, სანამ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ომს დაიწყებდნენ.

როგორც აშშ-ის მაღალჩინოსანმა მედიასააგენტო Reuters-ს განუცხადა, აბუ-დაბიში შეერთებულ შტატებს, სავარაუდოდ, მთავარი მომლაპარაკებლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, წარმოადგენენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამმხრივი მოლაპარაკებების ახალ რაუნდს მას შემდეგ დათანხმდა, რაც ორი კვირის წინ სანქტ-პეტერბურგში უიტკოფს შეხვდა. ეს ნაბიჯი აშშ-ის მორიგი მცდელობაა, შეაჩეროს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი.

აშშ-ის ოფიციალური პირის განმარტებით, ამ კვირაში ბრიუსელში ამერიკელი მომლაპარაკებლები საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურა და უკრაინის აღდგენისთვის საჭირო ეკონომიკური მხარდაჭერა იქნება.

მაღალჩინოსნის განმარტებით, ეს შეხვედრები მხარეებს შორის ბოლო დროს გამართულ დისკუსიებს ეფუძნება და „ასახავს პრეზიდენტ ტრამპის მუდმივ ძალისხმევას, მიაღწიოს რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივ სამშვიდობო შეთანხმებას“.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.