Illustration by Alice Lagarde for Forbes
მილიარდდოლარიანი სპორტსმენების კლუბი ფართოვდება — ამერიკული Forbes-ის შეფასებით, სპორტის ისტორიაში კარიერის განმავლობაში $1 მილიარდზე მეტი უკვე ცხრა სპორტსმენს აქვს გამომუშავებული. 2026 წელს ამ ექსკლუზიურ სიას კალათბურთელები სტეფ კარი და კევინ დურანტი შეუერთდნენ, ხოლო გამოცემის პროგნოზით, ეს სია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 11-მდე გაიზრდება. ამ ნიშნულს უკვე მიუახლოვდნენ F1-ის ბრიტანელი პილოტი ლუის ჰამილტონი და ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი.
სპორტსმენებს შორის პირველი, რომლის კარიერულმა შემოსავალმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ტაიგერ ვუდსი იყო. გოლფის ამერიკელმა მოთამაშემ ეს ნიშნული 2009 წელს დააფიქსირა, მომდევნო რვა წლის განმავლობაში კი ის ვერავინ გაიმეორა. მხოლოდ 2017 წელს ეს ამერიკელმა მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა შეძლო.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, სპორტის სახეობებში ინვესტიციების ზრდის გავლენით დღეს ამ ექსკლუზიურ სიაში მოხვედრა შედარებით მარტივი გახდა. გამოცემის დათვლით, ეს თანხა აერთიანებს როგორც სპორტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ შემოსავლებს — ხელფასებსა და საპრიზო თანხებს, ისე მოედნის მიღმა მიღებულ ანაზღაურებას, მათ შორის სარეკლამო კონტრაქტებს. ამასთან, საბოლოო თანხას არც გადასახადები და არც აგენტების საკომისიოებია გამოკლებული.
კალათბურთელები სტეფ კარი და კევინ დურანტი მილიარდდოლარიან ზღვარს 2025-2026 წლების სეზონში გადასცდნენ. მოსალოდნელია, რომ 2026-2027 წლების სეზონში ისინი NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეებიც გახდებიან. კერძოდ, კარის შემოსავალი $203.6 მილიონს, ხოლო დურანტის — $104.9 მილიონს მიაღწევს. ამ ტემპით, მომავალი წლის გაზაფხულისთვის კარიერული შემოსავლების რეიტინგში ორივე გადაასწრებს ფლოიდ მეივეზერს, როჯერ ფედერერსა და ფილ მიკელსონს და მე-5 და მე-6 პოზიციებს დაიკავებენ.
თუმცა გაცილებით უფრო რთული იქნება რეიტინგის პირველ ოთხეულში მოხვედრა. 2026 წელს პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი მოქმედი სპორტსმენი, რომლის კარიერულმა შემოსავალმა $2 მილიარდს გადააჭარბა. მისი შემოსავლების ზრდაზე საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“ გადასვლა აისახა. მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ სავარაუდოდ $300 მილიონის შემოსავალს მიიღებს, რაც მის მიერ კარიერის პერიოდში გამომუშავებულ თანხას $2.39 მილიარდამდე გაზრდის.
რაც შეეხება არგენტინელ ფეხბურთელს ლიონელ მესის, ის $1.87 მილიარდის კარიერული შემოსავლით რეიტინგის მესამე ადგილზეა და ტაიგერ ვუდს ($1.97 მილიარდი) ჩამორჩება. Forbes-ის პროგნოზით, მომდევნო წლისთვის მესის კარიერული შემოსავალიც გადააჭარბებს $2-მილიარდიან ნიშნულს. ამავე ნიშნულს უახლოვდება ტაიგერ ვუდსიც, რომელიც ბოლო წლებში ტრავმების გამო გოლფის ტურნირებში იშვიათად მონაწილეობს, თუმცა მხოლოდ მოედნის მიღმა საქმიანობით ყოველწლიურად $45 მილიონამდე გამოიმუშავებს. მეოთხე ადგილზეა ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, რომლის კარიერული შემოსავალიც ამ დროისთვის $1.68 მილიარდს შეადგენს.
აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეიტინგის პირველ ოთხეულში შემავალი პირები ერთადერთი მოქმედი სპორტსმენები არიან, რომლებმაც მილიარდერის სტატუსიც მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილ მიკელსონის, როჯერ ფედერერის, ფლოიდ მეივეზერის, კევინ დურანტისა და სტეფენ კარის კარიერულმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა, Forbes-ის შეფასებით, მათი ქონება მილიარდ დოლარზე ნაკლებია.
ქალ სპორტსმენებს შორის კარიერული შემოსავლებით მილიარდ დოლარამდე მიღწევას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდი დრო დასჭირდება. 2022 წელს, კარიერის დასრულებამდე, სერენა უილიამსმა $450 მილიონი გამოიმუშავა, რაც მას ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ქალ სპორტსმენად აქცევს. გასულ წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი კოკო გაუფი იყო, $33 მილიონის შემოსავლით, რაც რონალდუზე დაახლოებით ცხრაჯერ ნაკლებია.
ასევე, Forbes-ის გათვლებით, მომდევნო წელს მილიარდდოლარიან ნიშნულს, სავარაუდოდ, კიდევ ორი სპორტსმენი გადალახავს. ერთ-ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარია, რომლის მიერ სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებული წლიური შემოსავალი კვლავ $20 მილიონს აჭარბებს. შედეგად, ნეიმარის კარიერული შემოსავალი $960 მილიონს შეადგენს. მეორე კი Formula 1-ის პილოტი ლუის ჰამილტონია. გასულ წელს მისმა შემოსავალმა, სავარაუდოდ, $100 მილიონი შეადგინა, ხოლო ამ დროისთვის ბრიტანელის კარიერული შემოსავალი $940 მილიონს აღწევს.
სპორტსმენები, რომელთა კარიერული შემოსავალი $1 მილიარდს აჭარბებს
#1. კრიშტიანუ რონალდუ
კარიერული შემოსავლები: $2.09 მილიარდი
სპორტის სახეობა: ფეხბურთი
ასაკი: 41
2027 წლისთვის პროგნოზირებული შემოსავალი: $2.39 მილიარდი

#2. ტაიგერ ვუდსი
კარიერული შემოსავლები: $1.97 მილიარდი
სპორტის სახეობა: გოლფი
ასაკი: 50
2027 წლისთვის პროგნოზირებული შემოსავალი: $2.01 მილიარდი

#3. ლიონელ მესი
კარიერული შემოსავლები: $1.87 მილიარდი
სპორტის სახეობა: ფეხბურთი
ასაკი: 39
2027 წლისთვის პროგნოზირებული შემოსავალი: $2.02 მილიარდი

#4. ლებრონ ჯეიმსი
კარიერული შემოსავლები: $1.68 მილიარდი
სპორტის სახეობა: კალათბურთი
ასაკი: 41
2027 წლისთვის პროგნოზირებული შემოსავალი: $1.77 მილიარდი

#5. ფილ მიკელსონი
კარიერული შემოსავლები: $1.13 მილიარდი
სპორტის სახეობა: გოლფი
ასაკი: 56
2027 წლისთვის პროგნოზირებული შემოსავალი: $1.14 მილიარდი

#6. როჯერ ფედერერი
კარიერული შემოსავლები: $1.11 მილიარდი
სპორტის სახეობა: ჩოგბურთი (დასრულებული)
ასაკი: 45

#7. ფლოიდ მეივეზერი
კარიერული შემოსავლები: $1.08 მილიარდი
სპორტის სახეობა: კრივი (დასრულებული)
ასაკი: 49

#8. კევინ დურანტი
კარიერული შემოსავლები: $1.06 მილიარდი
სპორტის სახეობა: კალათბურთი
ასაკი: 38
2027 წლისთვის პროგნოზირებული შემოსავალი: $1.17 მილიარდი

#9. სტეფ კარი
კარიერული შემოსავლები: $1.02 მილიარდი
სპორტის სახეობა: კალათბურთი
ასაკი: 38
2027 წლისთვის პროგნოზირებული შემოსავალი: $1.22 მილიარდი









