ევროკავშირის გაფართოების სამიტი: რა თქვა კობახიძემ Euronews-თან ინტერვიუში?

ევროკავშირის გაფართოების სამიტი: რა თქვა კობახიძემ Euronews-თან ინტერვიუში?

ფოტო: Euronews

 

„მონტენეგრო, ალბანეთი და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინ მიიწვენ, სომხეთი კი, EU-ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას 2027 ან 2028 წელს განიხილავს. საქართველო კვლავ ჩიხშია…“, — ასე ეხმაურება Euronews-ი ბრიუსელში, მისივე ორგანიზებით გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტს“. სამიტზე, სახელწოდებით „ევროპის მომავალი“ საქართველოდან დელეგაცია იყო წარდგენილი, რესპოდენტთა შორის კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ვიხილეთ.

პანევროპული სატელევიზიო ქსელის ორგანიზებით ჩატარებული „ევროკავშირის გაფართოების სამიტი: ევროპის მომავალი“ ევროკომისიის მიერ „2026 წლის გაფართოების პაკეტის“ წარდგენას უძღოდა წინ. პაკეტი, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებაც მოიცავს ანგარიშს დღეს, 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს.

რა თქვა კობახიძემ Euronews-ის სამიტზე?

გუშინ გამართულ სამიტზე კი, კობახიძის გამოსვლისას ინტერვიუერი მარია ტადეო იყო, რომლის პირველივე კითხვა პირდაპირი და კრიტიკული აღმოჩნდა. ტადეომ საუბარი „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წელს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებით და საქართველოზე ევროკომისიის კრიტიკული ანგარიშით დაიწყო:

„თქვენს კონსტიტუციაში განსაზღვრულია ქვეყნის მისწრაფება, რომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება. და ამის მიუხედავადაც, 2024 წელს გადაწყვიტეთ ინტეგრაციაზე მოლაპარაკებები შეგეჩერებინათ. ეს კი, რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა, რაც ევროკომისიამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი ანგარიში გამოაქვეყნა… მაშინ, რატომ ხართ დღეს აქ?“

ტადეოს კითხვის საპასუხოდ, კობახიძემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა და მათ შორის, აღნიშნა 2022 წელს, ბლოკის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის ფაქტი, რაც საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი შეცდომა იყო და ის შიდა ძალებმა — ოპოზიციამ და ევროპული და სხვა წყაროებიდან დაფინანსებულმა არასამთავრო ორგანიზაციებმა — რევოლუციის მცდელობისთვის გამოიყენეს.

ასევე, კობახიძემ არაერთგზის გაიმეორა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული რჩება, თუმცა როგორც Euronews-მა მოგვიანებით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, მან „მოლაპარაკებების განახლების კონკრეტული გეგმა ვერ წარმოადგინა“. გარდა ამისა, როგორც გამოცემამ აღნიშნა, ინტერვიუში პრემიერმა არსებული უთანხმოება ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დაუკავშირა და ევროკომისია საქართველოს მიმართ „პოლიტიკურ შანტაჟში“ დაადანაშაულა.

„საბოლოოდ არა ჩვენ, არამედ ევროკომისია იყო ის, ვინც გადაწყვიტა, რომ 2024 წლის ივნისში საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეეჩერებინა. ეს იქამდე მოხდა, სანამ ჩვენ მოლაპარაკებებზე განცხადებას გავაკეთებდით“, — განაცხადა კობახიძემ და ინტერვიუერის კითხვაზე, მოხდა თუ არა ეს ევროკომისიის კრიტიკული ანგარიშის საპასუხოდ დაამატა: „დიახ, ევროკომისიის ზოგადი, უსამართლო პოლიტიკის საპასუხოდ“. კობახიძის თქმით, თუ ევროკომისია მოლაპარაკებების გახსნას გადაწყვეტს, საქართველო პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთვება.

ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული სადავო კანონები იყო, რომლებმაც ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. თუმცა კობახიძემ კატეგორიულად გამორიცხა, როგორც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული რეესტრის შესახებ კანონმდებლობის გაუქმება.

მან ასევე გააკრიტიკა ევროსაბჭოს ვენეციის კომისია, რომელმაც კანონდებლობის მიზნები და ცალკეული მუხლები ბუნდოვნად შეაფასა, ხოლო სისხლისსამართლებრივი სანქციები, მისივე შეფასებით, არაპროპორციული იყო. კობახიძემ ვენეციის კომისიის შეფასებას „პოლიტიკური“ უწოდა და განაცხადა, რომ ის სამართლებრივ საფუძვლებს არ ეყრდნობა.

ტადეომ არაერთგზის აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, სწორედ საქართველოა ის სუბიექტი, რომელიც უნდა შეიცვალოს და კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს. თუმცა, ამის მიუხედავადაც, კითხვაზე, რატომ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ხელისუფლება ევროპულ ინსტიტუტებს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და ევროკომისიაც და 27 ქვეყნის ლიდერებიც ამ ბიუროკრატიის ნაწილია, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ცვლილების იმედი აქვს. მისი თქმით, საქართველო ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ შეიცვლება.

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ისინი შეიცვლებიან“, — განაცხადა მან.

მიუხედავად ინტერვიუს მსვლელობისას ტადეოს მიერ რამდენჯერმე დასმული კითხვისა, თუ როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებას — მაშინ, თუ ევროკომისიის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და არც კურსის შეცვლას აპირებს — და აქვთ თუ არა მათ გეგმა ინტეგრაციისთვის, კობახიძის ერთადერთი გამოსავალი — „ღია და საჯარო მოლაპარაკებების დაწყება“ იყო.

კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ღირსების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვით აპირებს. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა თანასწორობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„დაახლოებით 70 წლის განმავლობაში, საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და ჩვენ ის დრო გვახსოვს,“— განაცხადა კობახიძემ და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება საბჭოთა პერიოდში მოსკოვის პოლიტიკას შეადარა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, ევროკომისიასთან ყველა საკითხი განიხილოს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბრიუსელი თბილისთან დიალოგისთვის მზად არაა. „თუ ვინმეს სურს, საქართველოში რაიმე შეიცვალოს, ჩვენ უნდა გვესაუბროს. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ისინი ჩვენ არ გვესაუბრებიან“, — განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება, თუ ორივე მხარე თანხმდება, რომ მიზანი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკურად ძლიერი და სუვერენული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო და ევროკავშირი საერთო ღირებულებებს იზიარებენ, რაც ტადეომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მთავრობის მეთაურს ჰკითხა, თუ რამდენად მიესადაგება ძლიერ დემოკრატიულ მმართველობას პარტიების აკრძალვის პროცესი, რომელიც ამჟამად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. კობახიძის თქმით, მსგავსი პროცესები ჩევნ წარსულში მოლდოვასა და უკრაინაშიც ვიხილეთ, რაზეც რეპორტიორმა მას განუცხადა, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრნი არ არიან, ხოლო მისი კითხვა ბლოკის სახელმწიფოებს შეეხებოდა.

თუმცა მიუხედავად ტადეოს მიერ რამდენჯერმე განმეორეული კითხვისა, თუ რა გეგმა აქვს საქართველოს მთავრობას, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურს და მინიშნებისა, რომ ცვლილებების გარეშე, დიდი ალბათობით, წლევანდელი ანგარიშიც საქართველოს შესახებ ისეთივე კრიტიკული იქნება, როგორც გასული შეფასება, Euronews-მა მოგვიანებით გამოქვეყებულ სტატიაშიც აღნიშნა, რომ ინტერვიუს განმავლობაში კობახიძემ ვერ წარმოადგინა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ევროკავშირთან არსებული ჩიხის დასაძლევად უნდა გადაიდგას.

„მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროპული ბიუროკრატია შეიცვლება“, — ამ სიტყვებით დაამთავრა კობახიძემ გამოსვლა ბრიუსელში.

ვინ მონაწილეობდნენ Euronews-ის ორგანიზებით გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტში“?

ევროკავშირის გაფართოების სამიტში უკრაინის, ალბანეთის, მოლდოვის, საქართველოს, ჩრდილოეთი მაკედონიის, სომხეთის, ხორვატიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ Euronews-ს წერილობით მიმართვაში განუცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზანმა ქვეყნებს შორის ისტორიული უთანხმოებების დაძლევას, ნაციონალისტური რიტორიკის უარყოფასა და რეალური თანამშრომლობის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ევროპის გამოცდილება აჩვენებს, რომ გაფართოება ყველასთვის სასარგებლოა“, — აღნიშნა კოშტამ.

აქვე არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ შეფასებებში, რომელშიც Euronews-მა კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთს შეადარა, სამხრეთ კავკასიაში საქართველო და სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების განსხვავებულ გზას ადგანან. სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანას ემზადება, საქართველოს პროცესი კი შეჩერებულია და უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში დღეს უნდა გამოაქვეყნოს. ინტერვიუს შემდეგ კობახიძემ გაფართოების ანგარიშზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ „დიდ ცვლილებებს არ ელოდება“.

„რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება რეკომენდაციების შინაარსზე. რეკომენდაციას იმიტომ ჰქვია რეკომენდაცია, რომ ადამიანმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს. ეს ხომ დირექტივა არ არის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დირექტივებზე, დირექტივები გვახსოვს თავის დროზე მოსკოვიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით“, — განაცხადა კობახიძემ.

ამასთან ირაკლი კობახიძე Euronews-თან ინტერვიუსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ინტერვიუერი, მარია ტადეო სათანადოდ ინფორმირებული არ იყო: „სამწუხაროდ, არ იყო ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული და იმავეს ვხედავთ ხოლმე ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც. ეს შეიძლება, იყოს იმის შედეგი, რომ სათანადო ცოდნა, ინფორმაცია არ აქვთ, შესაძლოა, შეგნებულად აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში“.