ფოტო: Kevin Dietsch/Getty Images
აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაზე მოიპოვა კონტროლი და წარმატებას ტრადიციულად რესპუბლიკელების დასაყრდენ შტატებშიც მიაღწია. არჩევნების შედეგებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკური დღის წესრიგის მიმართ ამომრჩეველთა უკმაყოფილება გამოავლინა. დემოკრატების გამარჯვებას ხელი ეკონომიკურმა პრობლემებმა, ცხოვრების გაძვირებამ, ტრამპის მიერ შერჩეული კანდიდატების ნაკლებმა პოპულარობამ და ლათინოამერიკელ ამომრჩევლებში რესპუბლიკელების მხარდაჭერის შემცირებამ შეუწყო.
Reuters-ის ანალიზის მიხედვით, არჩევნების შედეგები რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას გამოკვეთს, რომლებიც არა მხოლოდ რესპუბლიკელების მარცხს, არამედ დემოკრატების წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსაც აჩვენებს.
დემოკრატების გამარჯვება მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა
წინასაარჩევნო გამოკითხვები დემოკრატებისთვის წარმატებულ შედეგებს პროგნოზირებდა, თუმცა პარტიის გამარჯვების მასშტაბმა ანალიტიკოსების მოლოდინსაც გადააჭარბა. დემოკრატებმა წარმატებას მიაღწიეს არა მხოლოდ ტრადიციულად კონკურენტულ, არამედ რესპუბლიკელების დასაყრდენ შტატებშიც.
ტეხასში დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ რესპუბლიკელი კენ პექსტონი დაამარცხა და შტატში ბოლო 38 წლის განმავლობაში პირველი დემოკრატი გახდა, რომელმაც სენატორის მანდატი მოიპოვა. სამხრეთ კაროლინაში ენი ენდრიუსმა რესპუბლიკელი დარლინ გრეჰემი დაამარცხა. ეს შტატი დემოკრატებს სენატის არჩევნებში მიმდინარე საუკუნეში არასდროს მოუგიათ.
დემოკრატებმა გამარჯვება მოიპოვეს ოჰაიოშიც, სადაც შეროდ ბრაუნმა გაიმარჯვა. კანზასში კი ადამ ჰამილტონმა რესპუბლიკელი მოქმედი სენატორი როჯერ მარშალი დაამარცხა. კანზასიდან დემოკრატებს სენატის არჩევნები ბოლოს 1932 წელს, დიდი დეპრესიის პერიოდში ჰქონდათ მოგებული.
ანალიტიკოსების შეფასებით, დემოკრატების წარმატებას ხელი შეუწყო როგორც პარტიის მხარდამჭერების მაღალმა აქტივობამ, ისე დამოუკიდებელი ამომრჩევლების მხარდაჭერამ. ამასთან, პარტიამ კანდიდატები ყველა საარჩევნო ოლქში წარადგინა, მათ შორის ისეთებშიც, სადაც გამარჯვების შანსი რამდენიმე თვის წინ მინიმალურად მიიჩნეოდა.
თუმცა, Reuters-ის ანალიზის თანახმად, კონგრესზე კონტროლის დაბრუნება დემოკრატებისთვის გარკვეულ გამოწვევებსაც ქმნის. ამომრჩევლები პარტიისგან მხოლოდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლას კი არა, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასაც მოელიან. ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა შეზღუდული იქნება, რადგან პრეზიდენტს მიღებული კანონების ვეტოს უფლება კვლავ რჩება.
ამომრჩევლები ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან
ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მხარდამჭერებს არაერთხელ მოუწოდა, წარმოედგინათ, თითქოს თავადაც საარჩევნო ბიულეტენში იყო შეტანილი. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლებმა ეს მოწოდება გაითვალისწინეს, თუმცა რესპუბლიკელებისთვის არასასურველი შედეგით.
ეგზიტპოლების მიხედვით, ამომრჩეველთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ცხოვრების გაძვირება და ქვეყნის განვითარების მიმართულება იყო. გამოკითხულთა თითქმის 90%-მა განაცხადა, რომ ცხოვრების ღირებულება მათი არჩევანისთვის მნიშვნელოვანი ან ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო. ამასთან, ბევრის შეფასებით, მათი ფინანსური მდგომარეობა ორი წლის წინანდელთან შედარებით გაუარესებულია.
2024 წელს ტრამპი ინფლაციის შემცირების დაპირებით აირჩიეს, თუმცა უცხოურ საქონელზე დაწესებულმა ტარიფებმა და ირანთან ომმა ამერიკელებისთვის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ეგზიტპოლების თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ორმა მესამედმა მაღალი ფასების გამო პასუხისმგებლობა უშუალოდ ტრამპს დააკისრა, ხოლო სამი მეოთხედი ქვეყნის განვითარების მიმართულებით უკმაყოფილებას გამოხატავს. ამომრჩეველთა შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი ხელისუფლებაში არსებული კორუფცია იყო.
ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები დამარცხდნენ
არჩევნები მხოლოდ რესპუბლიკური პარტიისთვის არ აღმოჩნდა წარუმატებელი, მარცხი პირადად ტრამპსაც შეეხო. რამდენიმე შტატში მისი მხარდაჭერით წარდგენილმა კანდიდატებმა, რომლებსაც ადგილობრივი რესპუბლიკელების ნაწილი არ უჭერდა მხარს, არჩევნები წააგეს.
სამხრეთ კაროლინასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა სენატორობის კანდიდატებმა, დარლინ გრეჰემმა და მაიკლ უეთლიმ, გამარჯვება ვერ მოიპოვეს. ტეხასში კი კენ პექსტონი დემოკრატ ჯეიმს ტალარიკოსთან დამარცხდა.
მარცხმა შესაძლოა კვლავ გააჩინოს კითხვები ტრამპის პოლიტიკურ გათვლებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის გადაწყვეტილებაზე, კანდიდატების შერჩევისას უპირატესობა პირად ერთგულებას მიანიჭოს და არა მათ ფართო საარჩევნო მხარდაჭერას.
ეგზიტპოლების შედეგები ასევე მიუთითებს, რომ ამომრჩეველთა ის კოალიცია, რომელმაც ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოუტანა, მნიშვნელოვნად შესუსტებულია. რესპუბლიკელებმა მხარდაჭერა განსაკუთრებით ლათინოამერიკელებსა და ახალგაზრდა ამომრჩევლებში დაკარგეს.
ეკონომიკურმა პრობლემებმა რესპუბლიკელების წინასაარჩევნო გზავნილები გადაფარა
კამპანიის ბოლო კვირებში ტრამპი და რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ცდილობდნენ, დემოკრატები რადიკალებად და კომუნისტებად წარმოეჩინათ. მათი მტკიცებით, დემოკრატების გამარჯვება ქვეყნისთვის საფრთხეს შექმნიდა.
თუმცა ამომრჩეველთა ყურადღება იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე მეტად ყოველდღიურ ეკონომიკურ პრობლემებზე იყო მიმართული. მათთვის მთავარი საკითხები სურსათისა და საწვავის ფასები და ცხოვრების გაძვირება აღმოჩნდა. ამომრჩევლები ტრამპისგან ფასების შემცირების კონკრეტულ გეგმას ელოდნენ.
კამპანიის განმავლობაში პრეზიდენტი არაერთხელ აცხადებდა, რომ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში აშშ „კომუნისტურ ქვეყნად“ გადაიქცეოდა. სხვადასხვა შტატში დემოკრატიულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კი „შეშლილ რადიკალებად“ მოიხსენიებდა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის არჩევნებში ოპონენტების საფრთხედ წარმოჩენა ხშირად გამოყენებული პოლიტიკური ტაქტიკაა, ამ შემთხვევაში ამომრჩეველთა პრიორიტეტი ეკონომიკური მდგომარეობა აღმოჩნდა. რესპუბლიკელებმა ვერ შეძლეს, მათი ყურადღება ყოველდღიური ფინანსური პრობლემებიდან დემოკრატების იდეოლოგიურ დღის წესრიგზე გადაეტანათ.
რესპუბლიკელებმა ლათინოამერიკელი ამომრჩევლების მხარდაჭერაც დაკარგეს
ტრამპის მიმართ ლათინოამერიკელი ამომრჩევლების მხარდაჭერა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, შესუსტდა. ეს რესპუბლიკელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ლათინოამერიკელი ამომრჩევლები კალიფორნიიდან ფლორიდამდე არაერთ შტატში მნიშვნელოვან საარჩევნო ჯგუფს წარმოადგენენ.
ტეხასში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 40% ლათინოამერიკელია, დემოკრატებმა როგორც გუბერნატორის, ისე სენატის არჩევნებში გაიმარჯვეს.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა ლათინოამერიკელი ამომრჩევლების თითქმის ნახევრის მხარდაჭერა მოიპოვა, მაშინ როდესაც 2020 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით მესამედი იყო. თუმცა, ეგზიტპოლების მიხედვით, 2026 წლის არჩევნებში რესპუბლიკელების მხარდაჭერა ამ ჯგუფში დაახლოებით მესამედამდე შემცირდა, 2024 წლის 46%-თან შედარებით. ამ ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკური უკმაყოფილებამაც ითამაშა.
ლათინოამერიკელი ამომრჩევლების მნიშვნელობას დემოკრატების გამარჯვებებიც უსვამს ხაზს. ჯინა ჰინოიოსა ტეხასის პირველი ლათინოამერიკელი გუბერნატორი ქალი გახდება, ხოლო ხავიერ ბეკერა კალიფორნიის პირველი არჩეული ლათინოამერიკელი გუბერნატორი იქნება.
2026 წლის შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ რესპუბლიკელებისთვის გამოწვევა მხოლოდ კონგრესში უმრავლესობის დაკარგვით არ შემოიფარგლება. პარტიას ამომრჩეველთა იმ ჯგუფების მხარდაჭერის აღდგენაც მოუწევს, რომლებმაც 2024 წელს ტრამპის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. დემოკრატებისთვის კი კონგრესზე კონტროლის დაბრუნება ნიშნავს, რომ მათ ამომრჩეველთა ეკონომიკურ მოლოდინებზე პასუხისმგებლობის აღებაც მოუწევთ.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









