ტექნოლოგია ჩვენს სამსახურში - თუ ჩვენ მის ტყვეობაში?

ტექნოლოგია ჩვენს სამსახურში - თუ ჩვენ მის ტყვეობაში?

ავტორი: ნატა ასათიანი

ფსიქოლოგი

სტატიის წარმდგენია ინერი, პირველი ქართული მობილური აპლიკაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.


ჩვენი და ტექნოლოგიების ურთიერთობა ხშირად მაქს ფრიშის „ჰომო ფაბერის“ მთავარ გმირს, ვალტერ ფაბერს მაგონებს. ფაბერი დარწმუნებული იყო, რომ სამყაროს ტექნიკის დახმარებით აკონტროლებდა. თუმცა ფრიშის ირონია სწორედ იმაშია, რომ ადამიანი, რომელსაც თავი ყველაფრის მმართველად მიაჩნდა, საბოლოოდ საკუთარი კონტროლის ილუზიის ტყვე გახდა.

ეკრანთან ჩვენი ურთიერთობაც ზოგჯერ ასეთივე ირონიულია. ტელეფონი იმისთვის შევქმენით, რომ დრო დაგვეზოგა, მაგრამ ახლა თავად გვართმევს დროს; სოციალური ქსელები ადამიანებთან დასაკავშირებლად შეიქმნა, თუმცა რეალურად, გვაშორებს მათ. ტელეფონს „მხოლოდ ხუთი წუთით“ ვიღებთ ხელში და ცოტა ხანში აღმოვაჩენთ, რომ ეს ხუთი წუთი წყალში გადაყრილ საათებად გადაიქცა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში კვლავ გვგონია, რომ სიტუაციას ჩვენ ვაკონტროლებთ, რეალურად კი სულ უფრო და უფრო ვკარგავთ კონტროლს ეკრანთან გატარებულ დროზე.

ეს პარადოქსი ყოველდღიურობაში განსაკუთრებით შეუმჩნევლად იჩენს თავს. ეკრანი სამუშაოს, ურთიერთობის, ინფორმაციის მიღებისა და გართობის ერთდროულ საშუალებად იქცა, ამიტომ ხშირად რთულია იმის დანახვა, სად მთავრდება მიზნობრივი გამოყენება და სად იწყება ჩვევით ნაკარნახევი მოქმედება. 

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ არა მხოლოდ იმას, რამდენ დროს ვატარებთ ეკრანთან, არამედ იმასაც, როგორ იქცა ის ჩვენი თავისუფალი დროის თითქმის ავტომატურ თანამგზავრად.

როგორ ჩნდება კონტროლის ილუზია?

ეკრანი დროს ერთბაშად არ გვართმევს. ყველაფერი თითქოს ერთი უწყინარი მოქმედებით იწყება: ერთი შეტყობინება, ერთი ვიდეო, რამდენიმე წუთის სქროლვა.

ამ დროს გვგონია, რომ არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ, თუმცა ხშირად გადაწყვეტილება უკვე ჩვევას აქვს მიღებული. ხელი ტელეფონისკენ თითქმის ავტომატურად მიდის, არა იმიტომ, რომ კონკრეტული ინფორმაცია გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მოვიწყინეთ, დავიღალეთ, ავღელდით ან უბრალოდ დროებით გვინდა საკუთარ ფიქრებს გავექცეთ.

ტელეფონს ხშირად დასასვენებლად ვიღებთ ხელში, მაგრამ რეალურად ის კიდევ უფრო გვღლის. ერთი სტიმულიდან მეორეზე გადავდივართ, ტვინი კი კვლავ აქტიურ რეჟიმში რჩება. სწორედ ამიტომ ყველაფერი, რაც გვართობს, ყოველთვის არ გვასვენებს, მით უფრო მაშინ, როცა ეს გართობაც ილუზორულია. შეიძლება რამდენიმე საათი ეკრანთან გავატაროთ, მაგრამ დღის ბოლოს მაინც გვქონდეს განცდა, რომ არც დაგვისვენია და არც რაიმე მნიშვნელოვანი გაგვიკეთებია.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ეკრანთან დაგეგმილზე მეტ დროს ვატარებთ. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რას ვეძებთ და რას ვიღებთ სინამდვილეში. ეკრანი ხშირად არ გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება. ჩვენ შეიძლება გვგონია, რომ ის გვაშორებს მოწყენილობას, მარტოობას, დაღლილობას ან შფოთვას, მაგრამ ეს მხოლოდ წარმოსახვაა.  

სწორედ ამიტომ, მთავარი ამოცანა ეკრანთან გატარებული დროის უბრალოდ შემცირება კი არ არის, არამედ იმის შემჩნევა, თუ როდის მივმართავთ მას ავტომატურად და როდის – ჩვენი გადაწყვეტილებით.

როგორ დავიბრუნოთ არჩევანის უფლება?

ეკრანთან ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენა მკაცრი აკრძალვებით არ იწყება. პირველი ნაბიჯია შევამჩნიოთ ის მომენტი, როდესაც ტელეფონს ავტომატურად ვიღებთ ხელში. რა მოხდა მანამდე? მოვიწყინეთ, ავღელდით, დავიღალეთ თუ რთული საქმის გადადება გვინდოდა? როდესაც ქცევის გამომწვევ მიზეზს ვამჩნევთ, არჩევანის გაკეთებაც უფრო მარტივი ხდება.

ასევე, მნიშვნელოვანია, სურვილსა და მოქმედებას შორის მცირე პაუზა შევქმნათ. ტელეფონის აღებამდე შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: „რა მჭირდება ახლა სინამდვილეში?“  შესაძლოა პასუხი იყოს დასვენება, მეგობართან საუბარი, მოძრაობა, სიმშვიდე ან კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტა. შესაბამისად, ტელეფონის აღების ნაცვლად, ჩვენი რეალური საჭიროებები უნდა დავიკმაყოფილოთ. სწორედ ამიტომ, სასურველია დააკვირდეთ, რა გიბიძგებთ ტელეფონის ავტომატურად აღებისკენ?

ასევე, მნიშვნელოვანია იმ გარემო ფაქტორების მართვა, რომლებიც ეკრანის ავტომატურ გამოყენებას ხელს უწყობს. ცვლილება მხოლოდ ნებისყოფაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მცირე წესები, წინასწარ დაგეგმილი აქტივობები და ეკრანისგან თავისუფალი მონაკვეთები ავტომატურ ქცევას ამცირებს.

ტექნოლოგიასთან ჯანსაღი ურთიერთობა არა აკრძალვებს, არამედ მის გაცნობიერებულ გამოყენებას გულისხმობს.  მთავარია, ეკრანს მიზნობრივად ვიყენებდეთ და არა მექანიკურად. 

ეს ცვლილება ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენიმე მარტივი და რეალისტური ნაბიჯით შეიძლება დაიწყოს.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

  • დააკვირდით, რა ემოცია, აზრი ან სიტუაცია გიბიძგებთ ტელეფონის ავტომატურად ხელში აღებისკენ.
  • შექმენით მცირე პაუზა – სურვილის გაჩენისას ათი წამით შეჩერდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რატომ ვიღებ ახლა ტელეფონს?“ შედეგად, შეეცადეთ დაასახელოთ საჭიროება – გჭირდებათ ინფორმაცია, დასვენება, ურთიერთობა, გართობა თუ ემოციისგან ყურადღების გადატანა?
  • შექმენით ეკრანისგან თავისუფალი სივრცეები – მაგალითად, სამზარეულო, საძინებელი ან მეგობრებთან შეხვედრა.
  • გამორთეთ არასაჭირო შეტყობინებები – რაც ნაკლებია გარეგანი სიგნალი, მით ნაკლებია ავტომატური რეაქცია.
  • გაართულეთ ავტომატური წვდომა  – წაშალეთ სოციალური ქსელების აპლიკაციები საწყისი ეკრანიდან, გამოდით ანგარიშიდან ან გამორთეთ ავტომატური შესვლა. რაც მეტი მცირე ნაბიჯია საჭირო, მით მეტი დრო გვრჩება არჩევანის გასაკეთებლად.
  • შეაფასეთ შედეგი – ეკრანის შემდეგ თავს უფრო მშვიდად გრძნობთ თუ უფრო დაღლილად? როგორია შფოთვის დონე?

საბოლოოდ, ყველაფერი იმ მომენტით იწყება, როდესაც ვამჩნევთ, რატომ ავიღეთ ტელეფონი და გაცნობიერებული იყო თუ არა ეს ქცევა. ტექნოლოგიასთან ჯანსაღი ურთიერთობა ერთჯერადი ან სეზონური ცვლილება არ არის – ის ყოველდღიურად განმეორებადი  არჩევანის შედეგია. 

ჩვენი დროის განაწილების უფრო ფართო სურათის დანახვაში შეიძლება დაგვეხმაროს ე.წ. “სამი რვიანის პრინციპი: დღე-ღამის განმავლობაში რვა საათი ძილისა და დასვენებისთვის, რვა საათი სამუშაოს, სწავლისა და ვალდებულებებისთვის, ხოლო დარჩენილი რვა საათი – პირადი ცხოვრებისთვის: მოძრაობისთვის, ურთიერთობებისთვის, საყვარელი საქმიანობისთვის, სიმშვიდისა და საკუთარ თავთან ყოფნისთვის. ეს მკაცრი მათემატიკური ფორმულა არ არის, არამედ მარტივი ორიენტირია, რომელიც გვეხმარება, ყოველდღიურობაში ადგილი დავუთმოთ დასვენებას, ურთიერთობებს და საკუთარ თავს. ეკრანსაც შეიძლება მივუჩინოთ აქ თავისი ადგილი, მაგრამ მან მთელი თავისუფალი დრო არ უნდა ჩაანაცვლოს. 

ცვლილება კი გრანდიოზული გადაწყვეტილებით არ იწყება – ზოგჯერ საკმარისია ერთი გაცნობიერებული არჩევანი და ერთი ახალი ჩვევა. ამის დაწყება ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია. როგორც ერთი დიდი მოაზროვნე ჯერ კიდევ მრავალი ასეული წლის წინ წერდა: „ვიდრე ცოცხლობ, ისწავლე, როგორ იცხოვრო.“ ვფიქრობ, დროა, თავად განვსაზღვროთ, რა ადგილი ეკუთვნის ეკრანს ჩვენს ცხოვრებაში – სანამ ამას ჩვევა გადაწყვეტს ჩვენს ნაცვლად.