ავტორი: მეგი საჯაია
CBT ფსიქოლოგი
სტატიის წარმდგენია ინერი, პირველი ქართული მობილური აპლიკაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
“ექიმთან რიგში ვიდექი, პასუხებს ველოდი, ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ცუდი პასუხები მექნებოდა”, – მსგავსი შინაარსის ფრაზა არაერთხელ მომისმენია სესიების დროს. გქონიათ ასეთი გამოცდილება, რომ კითხულობთ სიმპტომს ინტერნეტში, ან მეგობარი გიყვებათ თავის მდგომარეობაზე და რამდენიმე წუთში ამ სიმპტომს უკვე საკუთარ სხეულშიც ამჩნევთ?! თითქოს სხეული უცებ იწყებს იმის განცდას, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია და გვაშფოთებს. შესაძლოა ეს განცდა ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი იყოს. ზოგჯერ შფოთვა მალევე ქრება და გვავიწყდება კიდეც. თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის ის ყოველდღიურობის ლაიტმოტივია და დღედაღამ დაავადებაზე, სიმპტომებზე ფიქრობს, მეტიც გრძნობს კიდეც მათ. შიში და მოლოდინი, იმისა რომ ყველაზე კატასტროფული აზრი, შესაძლოა რეალობა გახდეს, ყოველდღიურობის ნაწილია. გონება მუდმივად ფიქრობს: “მე ავად ვარ, მძიმე სენი მჭირს”. ამ მდგომარეობას იპოქონდრია ეწოდება.
იპოქონდრია (Health Anxiety) არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძლიერი შფოთვა, რომელიც სხეულის შეგრძნებებისა და სიმპტომების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია. ადამიანი სხეულის ჩვეულებრივ ან ბუნდოვან სენსოპათიურ შეგრძნებებს სერიოზული დაავადების დამადასტურებელ ნიშნებად აღიქვამს. ეს შეგრძნებები შეიძლება იყოს ნორმალური, რეალური ფიზიკური სიმპტომები, მაგალითად, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი, გულისცემის ცვლილება, სუნთქვასთან დაკავშირებული ჩივილები და სხვა. თუმცა შფოთვის ფონზე ისინი ხშირად ინტერპრეტირდება, როგორც კონკრეტული მძიმე დაავადების მტკიცებულება, რაც ავად გახდომის შიშს აძლიერებს.
იპოქონდრიის მქონე პაციენტები აღნიშნავენ, რომ მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ისინი სიმპტომებს იგონებენ ან აზვიადებენ. რეალურად კი, ადამიანი სიმპტომს ნამდვილად გრძნობს. ტვინი ამ შეგრძნებას საფრთხედ აღიქვამს და არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს. მაგალითისთვის, ჩვეულებრივი თავის ტკივილი შეიძლება თავის ტვინის სიმსივნის ნიშნად აღიქმებოდეს, გულმკერდის დაჭიმულობა — გულის დაავადებად ან ინფარქტად, ჩვეულებრივი დაღლილობა კი მძიმე, სისტემური პრობლემის მტკიცებულებად.
იპოქონდრიის დიაგნოზის მქონე ადამიანი დარწმუნებულია, რომ სერიოზულად არის ავად, მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევები საწინააღმდეგოს ადასტურებს. ეს დარწმუნება ბოდვის ხარისხს არ აღწევს, მაგრამ ისეთი მდგრადია, რომ ექიმის სიტყვა “ყველაფერი კარგადაა” მას მხოლოდ რამდენიმე საათით ან დღით ამშვიდებს. მსგავსი შფოთვის მქონე ადამიანები ხშირად აკითხავენ ექიმებს და უამრავ სამედიცინო ანალიზს იტარებენ. გამოკვლევები უმეტესწილად ნორმალურ პასუხს აჩვენებს, მაგრამ პასუხებით გამოწვეული სიმშვიდე დიდხანს არ ნარჩუნდება. რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ ეჭვი დაავადების არსებობის შესახებ, შფოთვა და განცდები ისევ ბრუნდება, ზოგჯერ ახალი ფორმითაც კი. ასეთ დროს, სულ რაღაც ერთ კვირაშიც კი პაციენტი იმავე პროფილის სხვა ექიმს სტუმრობს მოსმენილი პასუხების გადასამოწმებლად.
DSM-5-ის კრიტერიუმებით, იპოქონდრიის დიაგნოზი ისმევა, როდესაც მდგომარეობა მინიმუმ 6 თვე გრძელდება. მდგომარეობა სხვა რომელიმე ფსიქიატრიული დიაგნოზით არ იხსნება და მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის სოციალურ ფუნქციონირებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას.
როგორც ვთქვით, იპოქონდრიის მთავარი მექანიზმი სხეულის შეგრძნებების კატასტროფული ინტერპრეტაციაა. ხშირად პრობლემა თავად სიმპტომში არ არის. პრობლემა ხდება სიმპტომის აღქმა/შინაარსი: ის, თუ რას ნიშნავს ეს სიმპტომი ადამიანის გონებისთვის.
წარმოვიდგინოთ რომ ექიმი პაციენტს ეუბნება: “წნევა ნორმაშია, უბრალოდ მოგვიანებით გადავამოწმოთ”. ადამიანის გონება, რომელსაც ჯანმრთელობის ძლიერი შფოთვა აქვს, ხშირად პირველ ნაწილს – წნევა ნორმაშია, აიგნორებს და საერთოდ ვეღარ აქცევს ყურადღებას. მას ყურში მხოლოდ სიტყვა გადამოწმება ხვდება და ის მომენტალურად აღიქმება საფრთხედ. „გადასამოწმებელი რომ არ იყოს ან რაიმე სერიოზული, არ იტყოდა, ესე იგი, ყველაფერი ძალიან ცუდადაა“
სწორედ ამიტომ იპოქონდრიის შემთხვევაში ლოგიკური არგუმენტები ყოველთვის არ მუშაობს. ადამიანისთვის ამ დროს პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა არ არის. პრობლემა ისაა, რომ შიშის განცდის დროს ინფორმაცია განსხვავებულად გადამუშავდება.
იპოქონდრიულ მდგომარეობას რამდენიმე ფაქტორი ასაზრდოებს. განვიხილოთ ისინი.
კოგნიტური ფაქტორი
ტვინი სხეულის სიგნალებს სელექციურად “კითხულობს”. ყურადღება ფოკუსირდება მხოლოდ ისეთ განცდებზე, რომლებიც საშიშ სცენარს ადასტურებს და შიშს ამყარებს. თითქოს ადამიანი მუდმივად ცდილობს “გამორჩენილი” დაავადების აღმოჩენას. ექიმს გამორჩა, რომელიღაც ანალიზი დაავიწყდათ, მე ვერ გადავამოწმე სწორად. მსგავსი აზრები უამრავია.
პაციენტები ხშირად ჩივიან, რომ იპოქონდრიის შემთხვევაში ყველაზე დამღლელი არა კონკრეტული სიმპტომი ან მისი განცდა, არამედ მუდმივი შინაგანი დაკვირვებაა. მდგომარეობა, როდესაც ყურადღება წამითაც არ უნდა მოადუნო და მუდმივად აკონტროლო საკუთარი სხეული/სხეულის შეგრძნებები. ასევე საყურადღებოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვა, რომელიც ხშირად პერსევერაციული აზროვნების ფორმას იღებს და ერთგვარ ზესიფხიზლის სტრატეგიად ყალიბდება. ადამიანი მუდმივად აკვირდება საკუთარ სხეულს, რომ დროულად
“დააფიქსიროს” დაავადების შესაძლო ადრეული ნიშნები, თუმცა სწორედ ეს გადაჭარბებული ფოკუსირება აძლიერებს შფოთვას და საფრთხის განცდას.
ქცევითი ფაქტორი
ქცევით დონეზე, იპოქონდრიის მქონე პაციენტებში ხშირია: სხეულის განმეორებითი შემოწმება, პულსის ხშირი შემოწმება, სუნთქვაზე კონცენტრირება, კანის დათვალიერება, ექიმებთან განმეორებითი ვიზიტები, საშიში ინფორმაციის თავიდან არიდება. ყველა ეს ქცევა შიშისა და შფოთვის თავიდან ასარიდებლად ხორციელდება. ეს ქცევები შფოთვას არ ამცირებს, პირიქით ინარჩუნებს და მეტიც, ზრდის კიდეც მას.
აფექტური ფაქტორი
განცდის მცდარ ინტერპრეტაციას ხშირად თან ახლავს ძლიერი აფექტი და შფოთვა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მუდმივი ფიქრებისა და ხანგრძლივი შფოთვის შემთხვევაში მეორეულ თანმხლებ, კომორბიდულ მდგომარეობად ხშირად დეპრესია ყალიბდება. ხშირ შემთხვევაში შფოთვა თავადაც წარმოქმნის ფიზიკურ სიმპტომებს: გულის აჩქარება, თავბრუსხვევა, კუნთების დაჭიმულობა, სისუსტე, ძილის პრობლემები. ეს სიმპტომები, შემდეგში ახალი მტკიცებულება ხდება, რომ რაღაც ნამდვილად არ არის რიგზე. იკვრება მანკიერი წრე, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია.
ფიზიოლოგიური ფაქტორი
ზოგჯერ სხეულის მუდმივი კონტროლი რეალურ დისკომფორტსაც იწვევს. მაგალითად, ხშირი პალპაცია, სხეულის ერთი ნაწილის განმეორებითი შემოწმება ხელით, შეიძლება თავად გახდეს ტკივილის წყარო, რასაც ადამიანი დაავადების დადასტურებად აღიქვამს.
ჯანმრთელობის ძლიერი შფოთვის მქონე ადამიანების ამიგდალა განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ტვინი საფრთხის სიგნალს იმ დროსაც რთავს, როდესაც ეს უბრალოდ არ არის საჭირო. როგორც უკვე ვთქვით, პრობლემა ხშირად თავად შეგრძნებაში არ არის, პრობლემა ამ შეგრძნების მნიშვნელობაშია. სხეული შეიძლება სრულიად ნორმალურ სიგნალს გზავნიდეს ტვინში, მაგრამ ტვინი მას უკვე საფრთხედ აღიქვამს და თირკმელზედა ჯირკვალი ადრენალინის გამომუშავებას იწყებს.
მნიშვნელოვანი პროცესია ასევე ინტეროცეფცია — სხეულის შიდა მდგომარეობის/სიგნალების აღქმის უნარი. იპოქონდრიის მქონე ადამიანები ამ სიგნალებს გაცილებით მკვეთრად გრძნობენ, ვიდრე სხვები. ზოგი ადამიანი საკუთარ სხეულს იმდენად ინტენსიურად აკვირდება, რომ ისეთ ცვლილებებსაც ამჩნევს, რომლებიც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. მაგალითად, როგორიცაა: გულისცემის რითმის ოდნავი ცვლილება, სუნთქვის უმნიშვნელო ცვლილება, კუნთის მსუბუქი დაჭიმვა.
ინტერნეტმა იპოქონდრიას სრულიად ახალი განზომილება შეჰმატა. გაჩნდა ტერმინი ,,კიბერქონდრია” როდესაც ინტერნეტში სიმპტომების განმეორებითი ძიება ჯანმრთელობის შფოთვის კიდევ უფრო გამაძლიერებელი ფაქტორი ხდება. მექანიზმი ძალიან მარტივია. პირობითად, თქვენ ეძებთ თავის ტკივილის მიზეზს, ინტერნეტში პოულობთ ყველაზე მძიმე სცენარებს, ამ დროს შფოთვა იზრდება. თქვენ კიდევ უფრო მეტს ეძებთ დასამშვიდებლად, თუმცა დამშვიდების ნაცვლად, შფოთვა ძლიერდება და ამ შემთხვევაშიც მანკიერი წრე იკვრება. სიმპტომების ინტერნეტში ძიება შფოთვას გრძელვადიანად ამძაფრებს, ნაცვლად იმისა, რომ დაგვამშვიდოს. რეალურად ეს პროცესი შიშს კიდევ უფრო აძლიერებს და ინარჩუნებს.
კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი გახლავთ ექიმთან ხშირი, განმეორებითი ვიზიტები. ექიმთან ვიზიტი ხშირად ან არ ამშვიდებს ან ძალიან ცოტა ხნით ჰგვრის შვებას იპოქონდრიის მქონე ადამიანს. პრობლემა იმ ინფორმაციაში კი არ არის, რასაც ისმენს, არამედ ინფორმაციის დამუშავების გზაში. ტვინი ეჩვევა “დამამშვიდებელ რიტუალს” და მას სულ უფრო ხშირად ითხოვს. თანაგრძნობა/დაწყნარების ძიება მთავარი ფაქტორი ხდება, თუმცა პასუხს “ყველაფერი კარგადაა” ხშირად მხოლოდ დროებით მოაქვს შვება. ტვინი თანდათან ეჩვევა, შფოთვის საპასუხოდ მუდმივად მოისმინოს დამამშვიდებელი პასუხი და რაც უფრო ხშირად იღებს ასეთ შვებას, მით უფრო ნაკლებ ხანს ჰყოფნის ის.
იპოქონდრია იშვიათად გვხდება სრულიად დამოუკიდებლად. ხშირად ის სხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობებთან იკვეთება. მაგალითად პანიკური აშლილობა, დეპრესია, OCD. ეს კომორბიდობა კლინიკურად მნიშვნელოვანია. აუცილებელია ღრმა დიაგნოსტირება. ასევე მნიშვნელოვანია სწორი იდენტიფიცირება, დაიგნოზის სწორად დასმა. არასწორ დიაგნოზს არასწორ მკურნალობამდე მივყავართ.
დღესდღეისობით იპოქონდრიის მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ითვლება. თერაპიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ადამიანმა ავტომატური ნეგატიური აზრების ამოცნობა ისწავლოს, შეცვალოს სხეულებრივი განცდების აღქმა/აღქმის ინტერპრეტირება აღმოაჩინოს, როდის ირთვება შფოთვა, როგორ მოქმედებს მასზე და როგორ ნარჩუნდება ის. რომელი ქცევები ინარჩუნებს და ამყარებს შიშს ყოველდღიურად. პრაქტიკაში ეს ნიშნავს: სხეულის შემოწმების შემცირებას, ინტერნეტში სიმპტომების ძიებისთვის თავის დანებებას, შფოთვის პატერნების ამოცნობას, გააზრებას, რომ თითოეული სიმპტომი საფრთხეს არ ნიშნავს.
იპოქონდრიის სამკურნალოდ გამოიყენება ექსპოზიციური ტექნიკებიც. ადამიანი თანდათან წარმოიდგენს და გამოცდის კიდეც იმ სიტუაციებს, რომლებსაც ადრე გაურბოდა, და სწავლობს, რომ ასეთ სიტუაციებში კატასტროფა არ ხდება.
ზოგ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა შესაძლოა, ეფექტური და აუცილებელიც კი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იპოქონდრია მძიმე შფოთვით ან დეპრესიულ სიმპტომებთან არის დაკავშირებული.
აღსაქმელად შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ იპოქონდრიის დროს ტვინი რეალურად ჩვენს დაცვას ცდილობს. უბრალოდ ამას ზედმეტი სიფრთხილითა და მონდომებით აკეთებს. მისი მიზანი, საფრთხის ძიება, იმდენად ინტენსიური ხდება, რომ სხეულის თითქმის ყველა სიგნალი ეჭვისა და შფოთვის საგნად იქცევა. ადამიანი საკუთარ სხეულს მუდმივი კონტროლის სივრცედ აღიქვამს. ცდილობს, არაფერი გამოეპაროს, არ მოადუნოს ყურადღება.
თუ საკუთარ თავში ამ ნიშნებს ამოიცნობთ, დაიზაფრებით ან შიშს იგრძნობთ, დაუსვით საკუთარ თავს ერთი შეკითხვა: “ჩემი ეს შიში, ამ წუთას, რეალურ ფაქტებს ეფუძნება თუ ჩემი ტვინის ინტერპრეტაციას?“. ეს კითხვა შეიძლება იყოს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ ადამიანის გონება შიშით და ავტომატური ნეგატიური აზრებით გამოწვეული რეაქციიდან უფრო მშვიდ, რეალისტურ და დაბალანსებულ ხედვაზე გადავიდეს.











