ფოტო: AP
ესპანეთი, რომელიც მსოფლიოში ზეითუნის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია, ბაზარზე ფასების შემდგომი შემცირების თავიდან ასაცილებლად წარმოებული პროდუქციის ნაწილს დროებით შეინახავს. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2026 წლის ნოემბრიდან ზეთის საწარმოები ყოველთვიური წარმოების 12%-ს ბაზრიდან გაიტანენ. მოსალოდნელია, რომ ამ ნაბიჯის შედეგად, 2027 წლის 30 სექტემბრამდე ბაზარზე დაახლოებით 188 000 ტონა ზეითუნის ზეთი აღარ მოხვდება.
როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება ქვეყნის ყველა საწარმოზე გავრცელდება. მწარმოებლებს პროდუქციის შენახვა როგორც საკუთარ საწყობებში, ისე მესამე მხარის ობიექტებში შეეძლებათ. შეზღუდვა შეეხება მხოლოდ 2026 წლის ნოემბრიდან წარმოებულ ზეთს და არ გავრცელდება ოქტომბერში ან უფრო ადრე მიღებულ პროდუქციაზე. შენახული მარაგის ბაზარზე დაბრუნება 2027 წლის 30 სექტემბრამდე არ იქნება შესაძლებელი.
ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მოსალოდნელი უხვი მოსავალი და ბაზარზე უკვე არსებული დიდი მარაგებია. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, სეზონის დასაწყისში ზეითუნის ზეთის მარაგი 357 040 ტონას შეადგენდა, ხოლო მიმდინარე სეზონზე წარმოება, არსებული პროგნოზით, 1 602 596 ტონას მიაღწევს. ამ მოცულობების ერთობლიობა მიწოდების ზრდისა და, შესაბამისად, მწარმოებლებისთვის ფასების შემდგომი შემცირების რისკს ქმნის.
ესპანეთის კანონმდებლობა ხელისუფლებას პროდუქციის ბაზრიდან დროებით გატანის უფლებას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ სეზონის საწყისი მარაგებისა და მოსალოდნელი წარმოების ჯამური მოცულობა ბოლო ექვსი სეზონის საშუალო მაჩვენებელს მინიმუმ 20%-ით აღემატება. მიმდინარე სეზონზე ეს პირობა დაკმაყოფილებულია. აღსანიშნავია, რომ ესპანეთი მსგავსი მექანიზმს პირველად იყენებს.
ფასების კლების ტენდენცია უკვე აისახა მწარმოებლების შემოსავლებზეც. გამოცემა El País-ის ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისში ესპანელი მწარმოებლები ერთი კილოგრამი Extra Virgin-კატეგორიის ზეითუნის ზეთს დაახლოებით 3 ევროდ ყიდდნენ, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ მისი ფასი დაახლოებით 4 ევრო იყო.
ბოლო წლებში ზეითუნის ზეთის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გვალვები და სიცხის ტალღები განაპირობებდა. კლიმატურმა პირობებმა მოსავალი შეამცირა და მიწოდების დეფიციტი წარმოქმნა. წარმოების აღდგენისა და მოსავლის ზრდის შემდეგ კი ფასებმა კლება დაიწყო.
ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანა მსოფლიო ზეითუნის ზეთის წარმოების დაახლოებით 45%-სა და ევროკავშირის წარმოების 70%-ს უზრუნველყოფს. ეს მაჩვენებლები მოსავლის მოცულობის მიხედვით იცვლება.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









