ინოვაციების რეიტინგში საქართველო 57-ე ადგილზეა

2 (16)

ინოვაციების გლობალურ ინდექსში საქართველო 139 ქვეყანას შორის 57-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ინოვაციების გლობალურ ინდექსს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) აქვეყნებს, რომელიც გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა. ინდექსი 2007 წლიდან ქვეყნდება. ბოლო ანგარიში 139 ქვეყანას მოიცავს და ძირითადად 2024-2026 წლების მონაცემებს ეყრდნობა.

ქვეყნების ინოვაციურობა 80 ინდიკატორით ფასდება, რომლებიც 7 კრიტერიუმად და 2 ქვეინდექსად არის დაჯგუფებული. ინოვაციების რესურსების ქვეინდექსი 5 კრიტერიუმს მოიცავს: 1. ინსტიტუტები, 2. ადამიანური კაპიტალი და კვლევა, 3. ინფრასტრუქტურა, 4. ბაზრის განვითარება, 5. ბიზნესის განვითარება. ინოვაციების შედეგების ქვეინდექსი კი 2 კრიტერიუმს მოიცავს: 6. ცოდნა და ტექნოლოგიები და 7. შემოქმედებითი შედეგები. თითოეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 100 ქულით ფასდება, ხოლო ქვეყნის საბოლოო ქულა ორი ქვეინდექსის საშუალოა. ინფორმაციის წყარო საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკური მონაცემები და გამოკითხვებია.

საქართველო ინოვაციების გლობალურ ინდექსში

2026 წლის ინდექსში საქართველოს 32.2 ქულა აქვს და 57-ე ადგილს იკავებს 139 ქვეყანას შორის. გასულ წელთან შედარებით საქართველოს ქულა დაახლოებით 1 პუნქტით გაიზარდა, თუმცა სხვა ქვეყნების ქულების ზრდის გამო, რეიტინგში 1 საფეხურით ჩამოქვეითდა. რეიტინგში შემავალ საშუალოზე მეტი შემოსავლის მქონე 35 ქვეყანას შორის საქართველო მე-9 ადგილზეა.

ბოლო წლებში საქართველოს პოზიცია მერყეობს. 2020-2021 წლებში საქართველო 63-ე ადგილზე იყო, 2022 წელს 74-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, 2023 წელს – 65-ე, 2024 წელს – 57-ე, ხოლო 2025 წელს 56-ე ადგილზე იყო. რეიტინგში საქართველოს ყველაზე მაღალი პოზიცია – 48-ე ადგილი – 2019 წელს ეკავა.

2026 წელს საქართველოს ქულები 7 კრიტერიუმიდან 5-ში გაიზარდა, ხოლო 2-ში შემცირდა.

ცხრილი 1. საქართველოს ქულები კრიტერიუმების მიხედვით

შეფასების კრიტერიუმები20252026ცვლილება
შემოქმედებითი შედეგები20.023.8+3.8
ინფრასტრუქტურა41.243.7+2.5
ადამიანური კაპიტალი და კვლევა33.034.9+1.9
ცოდნა და ტექნოლოგიები21.021.8+0.8
ბაზრის განვითარება38.739.2+0.5
ბიზნესის განვითარება28.225.9-2.3
ინსტიტუტები68.464.5-3.9

წყარო: WIPO

ყველაზე მეტად, 3.8 პუნქტით, შემოქმედებითი შედეგების ქულა გაიზარდა, რაც სამრეწველო დიზაინების რეგისტრაციის, ქართული ბრენდების ღირებულებისა და მობილური აპლიკაციების ჩამოტვირთვების ზრდამ განაპირობა. 2.5 პუნქტით გაიზარდა ინფრასტრუქტურის ქულა, ხოლო 1.9 პუნქტით – ადამიანური კაპიტალისა და კვლევის ქულა, რაც უმაღლეს განათლებაში ჩართულობისა და განათლებაზე ხარჯების ზრდამ განაპირობა.

ყველაზე მეტად, 3.9 პუნქტით, ინსტიტუტების ქულა შემცირდა, რაც მთავრობის ეფექტიანობის, რეგულაციების ხარისხისა და ბიზნესისთვის პოლიტიკური სტაბილურობის შეფასებების გაუარესებამ გამოიწვია. 2.3 პუნქტით შემცირდა ბიზნესის განვითარების ქულა, რაშიც მთავარი როლი ბიზნესის მიერ დაფინანსებული კვლევების წილის კლებამ ითამაშა.

ამჟამად საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა (64.5) ინსტიტუტებში აქვს (37-ე ადგილი). შემდეგ მოდის ინფრასტრუქტურა 43.7 ქულით და ბაზრის განვითარება 39.2 ქულით. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (21.8) ცოდნისა და ტექნოლოგიების კრიტერიუმში აქვს. შემდეგ მოდის შემოქმედებითი შედეგები 23.8 ქულით და ბიზნესის განვითარება 25.9 ქულით. ჯამში, ინოვაციების რესურსებში საქართველო 53-ე ადგილზეა, ხოლო ინოვაციების შედეგებში – 69-ე ადგილზე. ეს ნიშნავს, რომ ინოვაციებში ჩადებული რესურსი შედარებით ნაკლებ შედეგს იძლევა. საქართველოს სუსტ მხარეებს შორისაა კვლევებზე დაბალი დანახარჯი (მშპ-ს 0.26%), საერთაშორისო რეიტინგში უნივერსიტეტების ფაქტობრივად ვერმოხვედრა და მაღალტექნოლოგიური წარმოების დაბალი წილი.

ქვეყნები, სადაც ინოვაციების დონე ყველაზე მაღალია

ინოვაციების გლობალურ ინდექსში ზედიზედ მე-16 წელია, პირველ ადგილზე შვეიცარიაა 66.7 ქულით. მეორეზე შვედეთია 63.2 ქულით, მესამეზე კი აშშ-ია 62.3 ქულით. ტოპ–10-ში ერთადერთი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა ჩინეთია.

ცხრილი 2. ტოპ-10 ქვეყანა ინოვაციების გლობალურ ინდექსში

ადგილიქვეყანაქულა
1შვეიცარია66.7
2შვედეთი63.2
3აშშ62.3
4სამხრეთი კორეა61.4
5სინგაპური61.0
6გაერთიანებული სამეფო59.6
7ნიდერლანდები58.4
8ფინეთი57.9
9დანია57.7
10ჩინეთი57.0

წყარო: WIPO

გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ:

  • თურქეთი 45-ე ადგილი (37.5 ქულა)
  • რუსეთი 58-ე ადგილი (31.8 ქულა)
  • სომხეთი 59-ე ადგილი (31.6 ქულა)
  • აზერბაიჯანი 85-ე ადგილი (25.8 ქულა)

რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩადია 9.5 ქულით. ბოლოდან მეორეზე ნიგერია 12.1 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა 12.6 ქულით.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა