OpenAI-ის შემოსავალი 50%-ით გაიზარდა, თუმცა ზარალი კვლავ $10 მილიარდს აჭარბებს

OpenAI-ის შემოსავალი 50%-ით გაიზარდა, თუმცა ზარალი კვლავ $10 მილიარდს აჭარბებს

მესამე კვარტალში OpenAI-ის შემოსავალი წლიურად დაახლოებით 50%-ით, $10 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია კვლავ მნიშვნელოვან საოპერაციო ზარალს აფიქსირებს.

The Wall Street Journal-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, საანგარიშო პერიოდში OpenAI-ის საოპერაციო ზარალმა $10.9 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი წინა კვარტალში $10.1 მილიარდი იყო.

ამასთან, კომპანიის კორექტირებული საოპერაციო მარჟა გაუმჯობესდა და -150%-დან -109%-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ფინანსური შედეგები აჩვენებს, რომ შემოსავლების სწრაფი ზრდა ჯერჯერობით საოპერაციო ზარალის შემცირებას ვერ უზრუნველყოფს.

OpenAI-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მაშინ, როდესაც ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის სექტორის კომპანიების ფინანსურ მდგრადობასა და მასშტაბურ კაპიტალდაბანდებებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი მოვლენაა OpenAI-ის კონკურენტის, Anthropic-ის საფონდო ბირჟაზე გასვლისთვის მზადებაც.

Claude-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემქმნელმა კომპანიამ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილ დოკუმენტებში განაცხადა, რომ 825 მილიონი აქციის გაყიდვას გეგმავს, თითოეულის $70-78-ად შეთავაზებით. საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციები ტიკერით ANT გამოჩნდება. IPO-ს ფარგლებში, Anthropic-ის შეფასებამ შესაძლოა $1.4 ტრილიონს მიაღწიოს.

ამასთან, Google-ი, Nvidia, AMD და Microsoft-ი კიდევ სამ ტექნოლოგიურ კომპანიასთან ერთად Anthropic-ის 26 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების შეძენაზეც შეთანხმდნენ. აღნიშნული გარიგება ცალკე კერძო განთავსების ფორმით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ შვიდივე კომპანია Anthropic-ის ინვესტორია ან მას გამოთვლითი სიმძლავრეებით უზრუნველყოფს.

ხელოვნური ინტელექტის სექტორში ფინანსური შედეგებისა და ინვესტიციების მიმართ ყურადღების ზრდას თან ახლავს ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მერყეობა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა Nvidia-ს შემთხვევა – ბოლო დღეებში კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც მისი ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის პირადი ცხოვრების გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კვირას Nvidia-ს ხელმძღვანელმა თანამშრომლებს დაუდასტურა, რომ ქორწინების მიღმა ურთიერთობა ჰქონდა ელის ჰუანგთან – ბიზნესმენთან, რომელზეც აშშ-ის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროსთან თანამშრომლობდა და კომპანიის შესახებ ჯაშუშურ ინფორმაციას აგროვდება.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი