ფოტო: MEO
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრელიაზე განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი საგანი სირიასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღდგენა იყო. კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები განიხილეს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სირიასთან თითქმის 20 წლის წინანდელ თანამშრომლობის შეთანხმებას განაახლებენ, რითაც პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკი ომით დაზარალებულ ქვეყანასთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს.
„სირიას სჭირდება ინვესტიციები და წარმატებული გარდამავალი პროცესი. ჩვენი მიზანია ევროპასა და სირიას ვაჭრობის, პოლიტიკური დიალოგისა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩო მიეცეს, რაც შეიძლება მალე.“ – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა.
კალასმა განაცხადა, რომ დიპლომატები ახლა შეთანხმების ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე იმუშავებენ, რათა საბოლოო სახე მისცენ დოკუმენტს, რომელიც ბრიუსელსა და დამასკოს შორის თავისუფალი ვაჭრობის, პოლიტიკური დიალოგისა და უფრო ფართო თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნის.
2025 წელს ევროკავშირმა სირიის ეკონომიკაზე დაწესებული მძიმე სანქციები გააუქმა, რათა ხელი შეეწყო ქვეყნის აღდგენისთვის თითქმის 14-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ.
2026 წლის დასაწყისში კი ბრიუსელმა ქვეყნისთვის ორწლიანი დაფინანსების პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც €620 მილიონია.
კაია კალასის განმარტებით, სირიასთან ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთი წინაპირობა, სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაცაა.
„წევრი ქვეყნების მინისტრებმა არაერთი საკითხი წამოჭრეს, რომ ჩვენ პირობები უნდა დავაწესოთ ადამიანის უფლებების მიმართულებით. პირობად უნდა გვქონდეს აგრეთვე უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც მათ ასადის რეჟიმის დროს აღიარეს და სხვადასხვა საკითხი, რომელიც წევრმა ქვეყნებმა დააყენეს. ახლა სამუშაო ჯგუფებში განვიხილავთ ყველა სახის ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალს, თუმცა წინ მივიწევთ“ – განაცხადა კაია კალასმა.
ცნობისათვის, სირიასთან ასოცირების შეთანხმების ტექსტი 2008 წელს, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს მომზადდა, თუმცა მოგვიანებით, სირიაში სამოქალაქო ომის ფონზე, მისი იმპლემენტაცია გადაიდო.









