ბაზარზე გამოჩენიდან ორწელიწად–ნახევრის შემდეგ თიბისი დაზღვევა უკვე თქვენს ჯანმრთელობასაც აზღვევს. ორი თვის წინ კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში შევიდა და ამით საკუთარი სერვისებით დაზღვევის ყველა სახეობა მოიცვა.
მცირე, საშუალო და დიდი ზომის კომპანიებს თიბისი დაზღვევა მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უკეთებს. კერძოდ კი არსებული სტანდარტული ნაკრებების გარდა, თიბისი კლიენტებს სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომას. ასე რომ, სადაზღვევო პირობები ყველა კომპანიისთვის შესაძლოა უნიკალური იყოს.
“ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე რთული სადაზღვევო პროდუქტია. ჩვენთვის ამ კუთხით ამოსავალი მომსახურების ხარისხია. დიდწილად ვითვალისწინებთ კომპანიების თანამშრომლების ინტერესებს. სანამ ამ სეგმენტზე შევიდოდით, კარგად შევისწავლეთ კომპანიებისა და მათი თანამშრომლების მოთხოვნები. კარგად ვიცოდით თავად ჩვენი თანამშრომლების მოთხოვნებიც და სწორედ ამ ინტერესებზე მორგებული პროდუქტი შევქმენით. კომპანიის ზომიდან და პროფილიდან გამომდინარე, მათთან მოლაპარაკებით სპეციალურ შეთავაზებას ვაკეთებთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენთან ურთიერთობა იყოს მარტივი, სწრაფი და კომფორტული”, – ამბობს ნინო გაჩეჩილაძე, თიბისის სამედიცინო დაზღვევის დირექტორი.
იმისთვის, რომ კლიენტებთან ურთიერთობა მარტივი, სწრაფი და კომფორტული იყოს, თიბისი დაზღვევა მათ რამდენიმე გამორჩეულ სერვისს სთავაზობს. ის, რომ სიტყვა კომფორტი დღეს პირდაპირ ნიშნავს ხარისხიან ციფრულ მომსახურებას, ახალი არაა. სწორედ ამიტომ თიბისიმ დაზღვევამ გადაწყვიტა, ციფრული მომსახურება არა მხოლოდ დაზღვეულებისთვის, არამედ კომპანიებისთვის, მათი HR თანამშრომლებისთვის და ადმინისტრაციისთვის შეეთავაზებინა.
“კომპანიების HR-ებსა და ადმინისტრაციული განყოფილების თანამშრომლებს ძალიან შრომატევადი სამუშაოს გაწევა უწევთ. სწორედ ამიტომ ჩვენ სპეციალური ვებპლატფორმა შევქმენით, რომელიც მათ უსასყიდლოდ მისცემს შესაძლებლობას, პროცესები გაიმარტივონ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პლატფორმა ადამიანს ცვლის”, – ამბობს ნინო გაჩეჩილაძე.
დღეს თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის სეგმენტი საქართველოს მასშტაბით 200–მდე კლინიკას და სტომატოლოგიურ ცენტრს ფარავს, პროვაიდერების რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება. თიბისის დაზღვეულებს თანხის ანაზღაურება ვებაპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ, სხვა არსებული სერვისებისგან განსხვავებით მათ თანხობრივი ლიმიტი არა აქვთ. 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მყისიერად – იმავე დღეს ხდება, ხოლო 500 ლარს ზემოთ – მაქსიმუმ სამ სამუშაო დღეში.
“კომპანიების უმეტესობა დღეს კონცენტრირებულია მომსახურების ხარისხზე, რაც ჩვენი მთავარი ორიენტირია. ფაქტობრივად, შეიძლება მთელი წელი ისე გავიდეს, რომ დაზღვეულს ჩვენს სერვისცენტრში მოსვლა არც კი დასჭირდეს, რაც მას დამატებით კომფორტს უქმნის”, – ამბობს ნინო გაჩეჩილაძე.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათ პროდუქტს გამორჩეულად ის ფაქტიც აქცევს, რომ კლიენტს პროვაიდერების არჩევის თავისუფლებას აძლევენ. კერძოდ, სამედიცინო ანაზღაურების მიღება კლიენტს ნებისმიერი კლინიკის შემთხვევაში შეუძლია. პროვაიდერ და არაპროვაიდერ კლინიკებს შორის თანაგადახდის პირობებში კი განსხვავება არაა.
ხარისხი, სერვისი და კომფორტი, – კიდევ რა აქცევს თიბისის ჯანმრთელობის დაზღვევას გამორჩეულს? ან რა იყო ის, რამაც ზემოთ მოყვანილი სამი ფაქტორი განსაზღვრა? ეს, რა თქმა უნდა, გუნდია – გუნდი, რომელიც კომპანიისთვის მუშაობს.
“მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოვჩნდით, ჩვენი გუნდი სადაზღვევო ბიზნესში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებით არის დაკომპლექტებული. ისინი თავიანთ საქმეში საუკეთესოები არიან. მათ მიიღეს გამოწვევა და, ფაქტობრივად, პროდუქტის სტარტაპ ეტაპზე დაიწყეს კომპანიაში მუშაობა. ეს თავისთავად ზრდის პასუხისმგებლობას, თუმცა ცოდნა, კვალიფიკაცია და მაღალი პროფესიონალიზმი საუკეთესო შედეგის მომტანია”.
გამარტივებული ტიპის მომსახურებები, დივერსიფიცირებული პორტფელი და მომსახურების დროის მინიმიზება, – სწორედ ეს არის სამი მთავარი მიზანი, რომელთაც კომპანია მიჰყვება. თიბისი დაზღვევის დირექტორი პაატა ღაძაძე ამბობს, რომ სამომავლოდ თიბისი დაზღვევა ისეთ სპეციფიკურ სეგმენტებში შესვლასაც გეგმავს, როგორიც, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაა.
“ჩვენ სამი მთავარი ამოცანა გვაქვს. მათგან პირველია, რომ ბანკთან დამოკიდებულის ხარისხი იყოს მინიმალური, რაც უკვე 28%-მდეა შემცირებული. მეორე ამოცანაა მაღალტექნოლოგიური პლატფორმების შექმნა, რათა როგორც გაყიდვების, ასევე ზარალის მომსახურება მყისიერად მოხდეს. დაბოლოს, გვსურს, დაზღვევის ისეთ სეგმენტებზე შევიდეთ, როგორიც, მაგალითად, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაა”.
მიუხედავად იმისა, რომ თიბისი დაზღვევა ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა, კომპანიამ უკვე შეძლო დაზღვევის სხვადასხვა სახეობაში ლიდერი პოზიციის მოპოვება. კერძოდ, 2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, არაჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის საცალო სეგმენტის 39.8% და მთლიანი არაჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის 22.8% სწორედ თიბისიზე მოდის.