საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის აპრილში 2018 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 34%-ით (78 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.5%-ით (4 მლნ დოლარით) შემცირდა.
2019 წლის აპრილში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 307 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 731 მლნ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა რეკორდული მაჩვენებელია საქართველოში, წინა წლებში, აპრილის თვეში განხორციელებულ ექსპორტის მაჩვენებლებში.
აპრილის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -424 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის აპრილის უარყოფით ბალანსზე 82 მლნ დოლარით ნაკლებია.
ოთხი თვის ჯამში, 2019 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 18%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 2.3%-ითაა გაზრდილი. ოთხი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -1 593 მლნ დოლარია, გასული წლის ოთხ თვეში -1 770 მლნ დოლარი იყო.
აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 მაისს გამოქვეყნდება.