საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის აპრილში, 2017 წლის აპრილთან შედარებით, 18 მლნ დოლარით (17%-ით) გაიზარდა. აპრილში სულ 124 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აპრილის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს აპრილში საქართველოში 124 მლნ და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.
აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 3 მლნ დოლარით მეტია 2017 წლის აპრილის მაჩვენებელზე.
იანვარ-აპრილში, ჯამში, 479 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 21%-ით (83 მლნ დოლარით) მეტია.
აპრილში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | აპრილი, 2017 | აპრილი, 2018 | ზრდა |
იტალია | 10 | 14.5 | 4.5 |
საბერძნეთი | 11 | 15 | 4 |
ისრაელი | 9 | 11.8 | 2.8 |
აშშ | 11.2 | 12.7 | 1.5 |
თურქეთი | 8.5 | 9.3 | 0.8 |
წყარო: ეროვნული ბანკი