გლობალური ვაჭრობის აღდგენის პროცესი 2021 წლის პირველ კვარტალში კვლავ შენელდება კორონავირუსის პანდემიის გამო, ვინაიდან შექმნილი ვითარება მიმოსვლას აფერხებს. ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია ნათქვამი.
ცნობისთვის, 2020 წელს გლობალური ვაჭრობა 9%-ით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის პირველ ნახევარში ლოკდაუნებმა ვაჭრობის 15%-იანი კლება გამოიწვია, ბოლო კვარტალში კი მესამე კვარტალთან შედარებით ვაჭრობა 8%-ით აღდგა. ეს ძირითადად განვითარებადი ქვეყნებიდან გამომდინარეობდა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, სადაც ვაჭრობა მეოთხე კვარტალში 12%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკები წამყვანი ძალა იყო აღდგენის პროცესში და ეს ექსპორტის ძლიერი ზრდით მოახერხეს“, – აღნიშნულია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ექსპორტის მაჩვენებლები გასულ წელს გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე დანარჩენი ქვეყნებიდან.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი UNCTAD-ი ვარაუდობს, რომ პროდუქტებით გლობალური ვაჭრობა წინა კვარტალთან შედარებით 1.5%-ით დაიკლებს, ხოლო სერვისებით ვაჭრობა 7%-ით შემცირდება.