მიტანის პოპულარული სერვის Glovo-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელსა და თანადამფუძნებელ ოსკარ პიერს დიდი გეგმები აქვს. ის ესპანური კომპანიის აქციების პირველად საჯარო განთავსებას (IPO) მომდევნო ორ წელიწადში აპირებს. გარდა ამისა, Glovo-ს CEO გეგმავს, ესპანური ბრენდი მომავალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში დამატებით ათ ახალ ქვეყანაში შეიტანოს.
„ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ახლა გვინდოდა საჯარო კომპანიად გადაქცევა. მე ვაკვირდები, თუ როგორ განვითარდება მოვლენები Deliveroo-ს შემთხვევაში, ეს არ არის ის სიტუაცია, რომელში ყოფნასაც ვისურვებდი, ძალიან ბევრი თავის ტკივილია. თუმცა, თუ გაქვს ამბიცია, შენი კომპანია ევროპაში უმსხვილეს მდგრად ტექ-კომპანიად აქციო, მაშინ სხვა გზა არ დაგრჩენია“, – განაცხადა პიერმა.
ცნობისთვის, ბრიტანული მიტანის სერვისის, Deliveroo-ს აქციების პირველადი საჯარო განთავსების შედეგად, კომპანიის ღირებულება საგრძნობლად – 30%-ით – შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ესპანურმა ბრენდმა, Glovo-მ, თურქეთი, ეგვიპტე და ლათინური ამერიკა დატოვა მას შემდეგ, რაც საკმარისი რაოდენობის მომხმარებლების მიზიდვა ვერ შეძლო. თურქეთის ბაზარზე მისი უდიდესი მეტოქე ადგილობრივი კომპანია Getir-ი იყო.
Glovo 2015 წელს ესპანეთში დაარსდა, ის დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის – საქართველოსა და უკრაინაში.