ათასობით წლის წინ, როდესაც ფული მხოლოდ მონეტების სახით არსებობდა, ჩინეთში ქაღალდი გამოიგონეს, რამაც სისტემა მთლიანად შეცვალა. როგორც ჩანს, ჩინეთი ინოვატორულ ლიდერობას რიგ საკითხებში არც ახლა თმობს და ვალუტის გაციფრულებას აპირებს.
საკითხზე საუბრისას ჩნდება კითხვა – ფული ხომ ისედაც ვირტუალურადაა წარმოდგენილი, თუნდაც, ისეთი აპლიკაციების საშუალებით, როგორიც Apple Pay-ია? რეალურად, ასეთი პლატფორმები ნაბეჭდ ფულს აციფრულებს. ჩინეთს კი სულ სხვა გეგმები აქვს.
პოტენციური ციფრული მომავლის ერთ-ერთი ჩანასახი აწმყოში კრიპტოვალუტებია, თუმცა ისინი ტრადიციული გლობალური ფინანსური სისტემის გარეთ არსებობენ. ჩინეთის გეგმით ახალი ელექტრონული ფულადი სისტემა ცენტრალურმა ბანკმა უნდა აკონტროლოს.
როგორც პეკინში ამბობენ, ციფრულ იუანს (ჩინეთის ეროვნული ვალუტა) ქვეყანა საერთაშორისო გამოყენებაშიც ჩაუშვებს, ასევე ასახავს მსოფლიო ფინანსურ სისტემაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ დოლარი მეფობს.
უკვე დაიწყო იმის განხილვა,თუ რა გავლენას მოახდენს გაციფრულებული ფული დოლარზე. თუ ამას პოლიტიკური პრიზმიდან შევხედავთ, საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის როლის შემცირება აშშ-ის მიერ წაყენებული სანქციების სიმძიმეს შეამცირებს ჩინური კომპანიებისა და ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის.
ციფრული იუანი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბარათებზე, აგრეთვე მობილურ ტელეფონებში და მის გამოყენებას არ დასჭირდება ინტერნეტკავშირი. ტესტირება უკვე დაიწყო – გასული თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩინეთის მოქალაქემ გადმოწერა საკუთარ ტელეფონებში სპეციალური აპლიკაცია, რომელიც, თავის მხრივ, ცენტრალური ბანკის მიერ კონტროლდება.
როგორც ექსპერტები ამბობენ, გაციფრულებული ფული მაკროეკონომიკურ ოცნებას წარმოადგენს, რადგანაც რეალურ დროში ეკონომიკური ქცევისთვის თვალის მიდევნება ასე უფრო მარტივდება. დღევანდელი ელექტრონული ტრანზაქციებისაგან განსხვავებით, ციფრული იუანი A-დან B ადგილზე წამიერად აისახება, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, რადგან ოპერაციის შესრულებისას ერთადერთი მედიატორი ცენტრალური ბანკი იქნება და არა რომელიმე აპლიკაცია, როგორც ეს ამჟამადაა.
ციფრული ვალუტის გამოყენებისთვის საჭირო პროტოკოლის შესამუშავებლად პეკინი უკვე თანამშრომლობს ჰონკონგის ცენტრალურ ბანკთან, ტაილანდთან და გაერთიანებულ საამიროებთან.