ჩვენ გვაქვს კანონის მიხედვით დათქმა, რომ მთელი გენერაციის დაახლოებით 2% უნდა იყოს მზის ენერგიისგან მიღებული ელექტროენერგია, – ამის შესახებ სემეკის წევრმა, მაია მელიქიძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანას დღეს მზის ენერგიის მხოლოდ 0.2% აქვს ათვისებული, – „მზის ენერგიის გამოყენების ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს. 2020 წლის დეკემბერში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ დიდი ბიძგი მისცა იმას, რომ მოსახლეობამ და ბიზნესმა მზის ენერგიის გამოყენებაზე დაიწყო ფიქრი. ამ თვალსაზრისით მოთხოვნა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან გაიზარდა“, – ამბობს მელიქიძე.
კითხვაზე, თუ რა ვადაზეა გათვლილი ამ 2%-ის ათვისება, სემეკის წევრი აღნიშნავს, რომ გეგმისამებრ ეს 5-6 წელიწადში უნდა მომხდარიყო, თუმცა, პროცესი დაჩქარდა, რის გამოც შესაძლოა, ვადა განახევრდეს – ანუ 2-3 წლამდე შემცირდეს.
„თუ 2%-ს გადავაჭარბებთ, შემდეგ უნდა ჩატარდეს კვლევა, თუ რამდენად შეუძლია ჩვენს ენერგოსისტემას 2%-ზე მეტის მიღება ელექტროსისტემის ქსელში. თუ დავინახეთ, რომ შესაძლებელია, მაშინ ეს ზღვარი აუცილებლად გაიზრდება. თუმცა მომავალში ასევე განიხილება ბატარეების დამონტაჟებაც. დღეისათვის საკმაოდ აქტიურად მოქმედებს ნეტო-აღრიცხვის სისტემა, რომლის ფარგლებშიც ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა ხდება გამანაწილებელი კომპანიის ქსელში და ქსელიდან გამოყენების შემთხვევაში ელექტროენერგიის აღრიცხვა ხდება რევერსული მრიცხველით. იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება მზის ენერგიის ათვისება და გადაიტვირთება გამანაწილებელი ქსელი, შესაძლოა, რეგულაციის პირობა გახდეს ბატარეების დადგმაც, რომლებიც შეინახავს ელექტროენერგიას, დაიტენება დღის განმავლობაში და საღამოს მომხმარებელი ელექტროენერგიას ბატარეის საშუალებით გამოიყენებს“, – განმარტავს მაია მელიქიძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სემეკის მიზანია, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მათ, ვისაც აქვს მზაობა, მზის პანელებისა და განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადოს. „დღეს უკვე არიან ისეთი ინვესტორები, რომლებმაც ამ კუთხით საქართველოში თავისუფალი სივრცე დაინახეს და ინტერესი გამოხატეს“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ BMG-სთან ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ფონდი მზის ელექტროსადგურის 3 პროექტზე მუშაობს. როგორც ის ამბობს, საუბარია 5-, 25- და 50-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებზე. სამივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.
მზის ელექტროსადგურების მშენებლობა საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში იგეგმება. მზის ელექტროსადგურების ოპერირება 2022 წლის ბოლოსკენ დაიწყება.