Tesla ბიტკოინებს აღარ მიიღებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა და მიზეზად კლიმატური ცვლილებები დაასახელა.
„ჩვენ შეწუხებული ვართ ბიტკოინის გამომუშავებისა და ტრანზაქციების მიზნით საწვავის გამოყენების სწრაფი ზრდის გამო, განსაკუთრებით ქვანახშირის გამოყენების გამო, რომელიც სხვა ტიპის ენერგორესურსებს შორის ყველაზე მეტად არის ემისიების წყარო“, – დაწერა მასკმა.
მისივე თქმით, კრიპტოვალუტა ნამდვილად „კარგი იდეაა“, თუმცა ეს გარემოს ძვირი არ უნდა დაუჯდეს. მასკის განცხადებითვე, მისი კომპანია ნაყიდი ბიტკოინების გაყიდვას არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასი 10%-ით დაეცა და ამ დროისთვის ერთი ბიტკოინი დაახლოებით $50 500 ღირს. გარდა ამისა, Tesla-ს აქციების ფასიც დაეცა, რომლებიც ამჟამად $590-ად ივაჭრება.
ცნობისთვის, Tesla-მ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, რომ ის აპირებდა კრიპტოვალუტის, როგორც გადახდის საშუალების მიღებას. უფრო მეტიც, ელექტრომობილების მწარმოებელმა თებერვალში განაცხადა, რომ $1.5 მილიარდის ბიტკოინი ჰქონდა ნაყიდი. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ბიტკოინის ფასის რეკორდული მატებაც. მაგალითად, ერთი ბიტკოინი 2020 წლის მაისში დაახლოებით $9 690 ღირდა, 2020 წლის მარტში კი $59 000-ს მიუახლოვდა.