„აჭარასპორტის“ კუთვნილმა სპორტულმა სატელევიზიო არხმა – „სეტანტა სპორტს ევრაზიამ“ სხვადასხვა სპორტული შეჯიბრის ჩვენების უფლება მიიღო. აღნიშნული ცვლილებებით, მომხმარებლებს ინგლისის პრემიერ ლიგის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის, სერია A-ს, ბუნდესლიგის, NBA-ს, NHL-ს, EuroLeague Basketball-ის, Formula 1-ის, Formula E-ს, NASCAR-ის, ATP-სა და WTA tennis-ის ტრანსლაციის ნახვა შეეძლებათ. ამიერიდან სერვისის მიღება, ტრადიციულ საკაბელო ტელევიზიასთან ერთად, ინტერნეტბრაუზერებისა და აპლიკაციების საშუალებითაც იქნება შესაძლებელი.
„პირველ ყოვლისა, ჩვენი მიზანი, კომპანიის განვითარებასთან ერთად, მოსახერხებელი და სანდო პლატფორმის სახით მომხმარებლებისათვის მრავალფეროვანი შინაარსის მასალის შეთავაზებაა. სერვისის ზემოხსენებული ფორმები სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. ამგვარი სერვისი კომპანიისათვის პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო რეგიონისთვის ინოვაციურ შესაძლებლობას. ამის გათვალისწინებით, ჩვენ არსებული ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას ვცდილობთ“,- აცხადებს „აჭარასპორტისა“ და „სეტანტა სპორტსის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ფრუიძე.
შეგახსენებთ, რომ „სეტანტა სპორტი“ 2013 წელს დაარსდა, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში „აჭარა ჯგუფმა“ შეიძინა. იგი ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყანაში ოპერირებს.