მსოფლიოში უდიდესი ავეჯის ბრენდი, IKEA, საკუთარ სამშობლოში, შვედეთში, შიდა ბაზარზე სექტემბრიდან შინა მეურნეობებისათვის განახლებადი ენერგიის მიყიდვას დაიწყებს.
IKEA-ს მაღაზიების მფლობელი კომპანიის, Ingka Group-ის, განცხადებით, შინა მეურნეობებს მზისა და ქარის სადგურებიდან განახლებადი ენერგიის შეღავათიან ფასად ყიდვა და მათი გამოყენების აპლიკაციის დახმარებით კონტროლი შეეძლებათ.
Ingka-ს პარტნიორი კომპანია, Svea Solar, IKEA-სთვის მზის პანელებს ამზადებს. შეთანხმების თანახმად, Svea Solar ელექტროენერგიას Nord Pool-საგან იყიდის და შემდეგ მას დამატებითი ღირებულების გარეშე მიჰყიდის შვედებს. შინა მეურნეობები კი ფიქსირებულ ყოველთვიურ გადასახადსა და განსხვავებულ პროცენტს გადაიხდიან.
IKEA მზის პანელებს საკუთარ მაღაზიებში 11 ბაზარზე ყიდის. მათი განცხადებით, მყიდველებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის კონტროლი აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლებს ზედმეტი ელექტროენერგიის კომპანიისათვის უკან მიყიდვაც შეეძლებათ.
IKEA Sweden-ის წარმომადგენლის, ჯონას კარლეჰედის განცხადებით, კომპანია იმედოვნებს, რომ მალე აღნიშნული შეთავაზების გაკეთება ყველა იმ ბაზარზე შეეძლება, სადაც მზის პანელებს ყიდის.
გარდა ამისა, კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მიზანია განახლებადი ენერგიის გამოყენება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. IKEA-ს მიზანი გლობალური კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ მომხმარებლებისა და კომპანიების გაერთიანებაა. კომპანია 2030 წლისათვის სასათბურე აირების გამოყოფის მნიშვნელოვნად შემცირებასაც ისახავს მიზნად, რისთვისაც საკუთარ წარმოების პოლიტიკას მნიშვნელოვნად ცვლის.