საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 15.1%–ით გაიზარდა, ხოლო ივნისის თვესთან შედარებით 0.3%–ით შემცირდა.
2021 წლის ივნისთან შედარებით ფასები 1.4 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ფასების 6.9 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმა თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.76 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.7 პროცენტი), რამაც 0.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება ძირითად ლითონებზე (3.2 პროცენტი).
რაც შეეხება 12 თვიან პერიოდს, ინდექსის 15.1%–იან ზრდაზე ძირითადი ზეგავლენა შემდეგ პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ გამოიწვია:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.44 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (17.4 პროცენტი), მომსახურება ბეჭდვით და ჩანაწერების აღწარმოებით (87.6 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (33.5 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 9.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.94 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
ფასების შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე: ფასები შემცირებულია 0.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-8.7 პროცენტი).