ჯო ბაიდენის რეიტინგი პირველად ჩამოსცდა 50%-ს

ჯო ბაიდენის რეიტინგი პირველად ჩამოსცდა 50%-ს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში არსებული ქაოსის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი წნეხის ქვეშ ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იმყოფება. შეიძლება ითქვას, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში ის ყველაზე რთულ პერიოდში იმყოფება. ბაიდენის კრიტიკოსები აშშ-ს პრეზიდენტს ავღანეთიდან ჯარების გაყვანისა და ინფრასტრუქტურული კანონის გამო აქტიურად აკრიტიკებენ.

ამას კი თან დაერთო NBC-ის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ჯო ბაიდენის მოწონების რეიტინგი 50%-ს ჩამოსცდა. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მის მიერ იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ. საინტერესოა, რომ ამერიკელთა მხოლოდ 25%-ის მიაჩნია მართებულად პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ავღანეთთან მიმართებით.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მისი გაპრეზიდენტების შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი მათგანი საგადასახადო სისტემასა და მოგების გადასახადს უკავშირდება, რომელიც ინდივიდუალური ინვესტორებისა და მსხვილი კორპორაციებისათვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და ეკონომისტთა და პოლიტიკოსთა დებატების საგანია.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენის ინიციატივით გასულ კვირას ახალი ინფრასტრუქტურული პაკეტი დამტკიცდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 1 ტრილიონი აშშ დოლარია. გეგმა ამერიკის შეერთებული შტატების გზების, გვირაბების, ხიდებისა და მაგისტრალების განახლებას ითვალისწინებს.

ამ ყველაფერს კი ემატება გასულ დღეებში ქაბულში განვითარებული მოვლენებიც, რომლის პირდაპირ მიზეზადაც ექსპერტთა დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ავღანეთის ტერიტორიებიდან გასვლას ასახელებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჯო ბაიდენის მიმართ კრიტიკის ტალღა კიდევ უფრო მეტად იმატებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *