„გალტ ენდ თაგარტი“ კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამაში ერთვება

„გალტ ენდ თაგარტი“ კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამაში ერთვება

„გალტ ენდ თაგარტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ ერთვება.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას საქართველოში „გალტ ენდ თაგარტთან“ ერთად BDO ხელმძღვანელობს.

18 თვიანი პროექტის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის კვლევას და იმ არსებული ბარიერების დადგენას გულისხმობს, რომლებიც კომპანიებისთვის  კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს.

პროექტის მეორე ეტაპი კი, პროგრამის ფარგლებში შერჩეულ კომპანიებს ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების ათვისებაში, იქნება ეს  სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი, მათ შორის სასესხო ვალდებულება, თუ  კაპიტალი.

მონაწილე კომპანიები მიიღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ბიზნესი და საბოლოოდ, ეფექტურად გამოიყენონ ქართული კაპიტალის ბაზრები. ამასთან, ისინი მიიღებენ მხარდაჭერას კაპიტალის ბაზრებზე წვდომისათვის, მათ შორის დაფინანსებას ემისიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დასაფარად.

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ამ უპრეცენდენტო პროექტში „გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO საქართველოს ხელმძღვანელობით. “გალტ ენდ თაგარტი” უკვე წლებია, ჩართულია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში. EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კაპიტალის ბაზრის,  ასევე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის. გვჯერა, რომ ეს შესაძლებლობა არაერთ ადგილობრივ კომპანიას შეუწყობს ხელს საქმიანობის განვითარებაში, რის შედეგადაც ქართულ კაპიტალის ბაზრებს უფრო მეტი აქტიური მოთამაშე ეყოლება“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

პროექტში მონაწილეობის მსურველი ქართული კომპანიები განაცხადების ონლაინ დარეგისტრირებას ოქტომბრიდან, აღნიშნული ვებგვერდის დახმარებით შეძლებენ: https://cms.org.ge/

შერჩევა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის, კაპიტალის ბაზართან დაკავშირებული რეგულაციებისა და ინვესტორების პრეფერენციების შესაბამისად მოხდება.