მიმდინარე კვირაში ევროკავშირი ეროვნული ბიუჯეტის წესებს გადახედავს. ორგანიზაციის მიზანი არსებული ნორმების პოსტპანდემიურ რეალობასთან, მაღალ სახელმწიფო ვალებთან და ნულოვანი ემისიის ხარჯებთან მორგებაა.
საეტაპო განხილვის დროს, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლამდე გაგრძელდება, მთავრობები და ეკონომისტები ასევე იმსჯელებენ ე.წ. სტაბილურობისა და ზრდის პაქტის გამარტივების თაობაზე, რომელიც, მისივე კომპლექსურობიდან გამომდინარე, რიგი წევრი სახელმწიფოებისათვის გაურკვეველია. პაქტი, სახელმწიფო სესხების შემცირებით ევროს ღირებულებების დაცვას გულისხმობს. მანამდე, სანამ ევროზონას აქვს ერთიანი მონეტარული პოლიტიკა, თითოეული წევრი სახელმწიფო თავად ადგენს საკუთარ საბიუჯეტო პოლიტიკას. ერთი ვალუტის არსებობამ ყველაზე დიდი პრობლემა 2010 წელს წარმოშვა, როდესაც საბერძნეთის სესხმა სუვერენული ვალის კრიზისი გამოიწვია და ევრო თითქმის გაანადგურა.
ამჯერად ქვეყნების ახალი გამოწვევა კორონავირუსის პანდემიისგან წარმოშობილი კრიზისია, რომლის შედეგადაც ევროზონის საშუალო ვალი 1990-იანი წლების, წესების შემუშავების პერიოდის 60-70%-დან 100%-მდეა გაზრდილი. არსებული წესდებით, ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად ვალის ყოველწლიური შემცირება უბრალოდ არარეალურია იმ სახელმწიფოებისათვის, რომელთა დავალიანებაც იტალიისა და საბერძნეთის მსგავსად მშპ-ის 160%-სა და 200%-ს შეადგენს. ამ ეტაპზე წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, პოსტპანდემიური სიტუაციის მოგვარებისთვის მხოლოდ არსებულ კანონთა ინტერპრეტაცია იქნება საკმარისი, თუ სამართლებრივი ტექსტების ცვლილებაც გახდება აუცილებელი.
ევროკავშირის კიდევ ერთი გამოწვევა 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მიღწევაა, რომლისთვისაც ახალმა წესდებამ ქვეყნებს მილიარდობით დოლარის მობილიზებაში ხელი არ უნდა შეუშალოს. დასახული გეგმა, მხოლოდ მიმდინარე ათწლეულში, წლიურად დამატებით მშპ-ის 0,5%-1%-ის სახელმწიფო ინვესტიციის გამოყოფას საჭიროებს. ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა წევრები თავად იდეას მხარს უჭერენ, თუმცა „მწვანე ემისიის“ ზუსტად განსაზღვრას მოითხოვენ, ზოგის აზრით კი არსებული პაქტი საკმარისად მოქნილია და დამატებითი ცვლილებები მხოლოდ ახალი პრობლემების წყარო შეიძლება გახდეს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სტაბილურობისა და ზრდის პაქტის გარშემო დებატები შექმნის დღიდან არ წყდება. პაქტი სულ სამჯერ შეიცვალა, პირველად 2005 წელს, როდესაც საფრანგეთი და გერმანია წესებს არ დაეთანხმნენ, შემდგომ კი 2011 და 2013 წლებში ვალის კრიზისის დროს, რათა ბაზრები ევროში ინვესტიციის უსაფრთხოებაში დაერწმუნებინათ.