ჯეკ დორსიმ Twitter-ის CEO-ს თანამდებობა დატოვა

ჯეკ დორსიმ Twitter-ის CEO-ს თანამდებობა დატოვა

Twitter-ის დამაარსებელმა, ჯეკ დორსიმ კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ამერიკულმა გამოცემა  CNBC-მ გაავრცელა, ხოლო მოგვიანებით უშუალოდ დორსიმ დაადასტურა. ჯეკ დორსის შემცვლელად პარაგ აგრავალი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე კომპანიის ტექნოლოგიური ხელმძღვანელი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც CNBC-მ ჯეკ დორსის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, წინასაბაზრო ვაჭრობაში Twitter-ის აქციათა ფასმა 12.5%-ით იმატა, თუმცა საბოლოო ჯამში ვაჭრობა 2,74%-იანი ნამატით დასრულდა. ცნობისთვის, Twitter-ის გარდა, ჯეკ დორსი მის მიერ დაარსებული ციფრული გადახდების პლატფორმის, Square-ის CEO-ც არის.

„Twitter-ს ვტოვებ, რადგან მჯერა, რომ კომპანია მზად არის, მას დამაარსებლები ჩამოშორდნენ“, – აღნიშნა ჯეკ დორსიმ თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში, რომელიც მან Twitter-ზეც გამოაქვეყნა.

კომპანიის ახალ აღმასრულებელ ხელმძღვანელს, პარაგ აგრავალს Twitter-ის ამბიციური გეგმების აღსრულება მოუწევს. საქმე ისაა, რომ წელს Twitter-მა მიზნად დაისახა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის 315 მილიონი მონეტიზირებადი მომხმარებელი ჰყავდეს. გარდა ამისა, კომპანიის მესვეურებს შემოსავლის ორჯერადად გაზრდა სურთ.

პარაგ აგრავალს, რომელიც კომპანიის CTO-ს თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, კომპანიაში ათწლეულზე მეტი აქვს გატარებული: სხვადასხვა დროს, ის ხელოვნური ინტელექტის, მანქანური დასწავლისა და პერსონალიზაციის პროექტებს ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქმე ჯეკ დორსის გათავისუფლებამდე მივიდა – Twitter-ს ის კომპანიის დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა, მაგრამ 2008 წელს აქციონერთა საბჭომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა 2015 წელს, ჯეკ დორსი კვლავ CEO გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ჯეკ დორსი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად რჩება, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ ამ თანამდებობასაც დატოვებს.