საქართველოს ინოვაციების ინტერნაციონალიზაცია

საქართველოს ინოვაციების ინტერნაციონალიზაცია

გინდა, ისე მაღლა აგწიო, რომ სილიკონის ველი დაგანახვო?“

დღეს საქართველოს ინოვაციებისა და სტარტაპ-ეკოსისტემიდან ნელ–ნელა შესაძლებელი ხდება, დაინახო და შეიგრძნო სილიკონის ველის სული – ეს დაწყებული რეფორმებისა და ინტერნაციონალიზაციის შედეგია, აგრეთვე იმ პოტენციალის კაპიტალიზებისა და გლობალური სტარტაპ – იდეების ფორმირების, რომლებიც საქართველოში არსებობს. სილიკონის ველი მაღალტექნოლოგიური სექტორის, ერთ ღამეში გამილიონერებისა და ინოვაციების აკვანის სინონიმია. სილიკონის ველი გაშლილია დასავლეთ ამერიკაში, კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოს სამხრეთ ყურეში. თავად ტერმინი კი 1970-იან წლებში ამ რეგიონში დამზადებული სილიკონის ჩიპების გამომგონებლებს ეკუთვნით. სილიკონის ველი თანამედროვე ცივილიზაციის საწინდარი და დამაჩქარებელი, კალიფორნიის ორნიშნულიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველმყოფელია. სილიკონის ველის “სხვანაირი აზროვნების“ საწინდარი მასში არსებული ძლიერი საგანმანათლებლო დაწესებულებებია (Stanford University, Singularity University, ა.შ.), რომლებიც უზრუნველყოფენ ძლიერ, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანების ფორმირებას, მასზე ასევე თავმოყრილია წამყვანი ინვესტორები (Angel, Venture), კორპორაციები (google, facebook, apple და ა.შ.), ყველაფერი ერთად კი ჯაჭვურად ქმნის გლობალურ პროდუქტს, რომლისკენაც მიუწევთ გული მსოფლიო სტარტაპებს.  

რატომ უნდა შექმნა ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება?

ვინაიდან ის პასუხობს გლობალურ გამოწვევებს, შესაბამისად, მომხმარებლების არეალიც ფართოვდება, რაც შემოსავლების ზრდის პროპორციულია. ჩვენი ქვეყანა არ არის განებივრებული ბუნებრივი რესურსებით, რომლებზე დაყრდნობაც შეუძლია ეკონომიკას. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც მდიდარი არიან ნავთობითა თუ სხვა ბუნებრივი რესურსებით, 21-ე საუკუნეში გადადიან ინტელექტსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობაზე. ამ პროცესს თან ახლავს ბევრი ახალი პროფესიის როგორც გაჩენა, ისე გაქრობაც, რისთვისაც ქვეყანა მზად უნდა იყოს.  საქართველოს ინოვაციების და სტარტაპ- ეკოსისტემა საკმაოდ მყიფეა, თუმცა სხარტი და საინტერესო. ქვეყანას აქვს ძლიერი ფიზიკა-მათემატიკური ცოდნის ბაზა, რომელიც კაპიტალიზებას საჭიროებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ის ხუთი ძირითადი მიმართულება, რაც ერთიან ჯაჭვში მომხიბლავ ინოვაციურ გარემოს ქმნის. დღეს, ციფრული ერაში და მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ქრება საზღვრები, მათ შორის – აზროვნების საზღვრებიც. ადრე თუ მეწარმეები კონცენტრირებულნი იყვნენ ადგილობრივ გამოწვევებზე, დღეს უკვე წარმატებული ანტრეპრენიორები ფიქრობენ, როგორ უპასუხონ გლობალურ გამოწვევებს და როგორ გააცნონ მსოფლიოს საქართველოში შექმნილი იდეა. ინოვაცია ხომ ადამიანს ცხოვრებას უმარტივებს და ბევრად უფრო მომხიბლავს ხდის. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ის ბევრს შეეხოს.

Think global, Think big” – ხშირად გაიგონებთ ამ კომენტარს ინვესტორებისაგან, რომლებიც სტარტაპებს მოუწოდებენ, საზღვრებს გასცდნენ, შეხედონ არსებულ პრობლემას გლობალურ ჭრილში და გაზარდონ მომხმარებლებისა და შემოსავლების ნაკადის მასშტაბი. საერთაშორისო თანამშრომლობა და ინტერნაციონალიზაცია სააგენტოს შექმნის დღიდან მის ერთ- ერთ ძირითად ღერძს წარმოადგენდა. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მისი არა დუბლირება, არამედ ადგილობრივ ბაზარს და საჭიროებებს მორგება. ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი თანამშრომლობები დამყარდა 2014 წლიდან, გამოცდილების გაზიარებისა და ეკოსისტემის დასახმარებელი ინსტრუმენტების შემუშავების მიზნით. დღეს GITA უკვე გვევლინება აღმოსავლეთ ქვეყნების მრჩევლად და ინოვაციების პოლიტიკის შექმნის მხარდამჭერად, ის საკუთარ წარმატებულად განხორციელებულ რეფორმას ისეთ ქვეყნებს უზიარებს, როგორიცაა უზბეკეთი, აზერბაიჯანი და სხვა.

საერთაშორისო ეკოსისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი დამაჩქარებელი იყო ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისათვის. ჯერ კიდევ 2015 წელს ისრაელში სასწავლო ვიზიტით გაგზავნილი ორმოცდაოთხი სტარტაპ-დამფუძნებელი საქართველოში დაბრუნებიდან დღემდე თელ- ავივის სულისკვეთებითა და ინსპირაციით განაგრძობს მუშაობას საკუთარ ინოვაციურ იდეებზე. ამასთან ერთად მოხდა აზროვნების – “რასაცა გასცემ, შენია!“ – ფორმირება. ეს კულტურა სტარტაპ- ეკოსისტემის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია: უნდა დაეხმარო ეკოსისტემის მოთამაშეებს, უნდა გაუზიარო გამოცდილება, რადგან სწორედ ჯანსაღი კონკურენცია ქმნის ჯანსაღ გარემოს. წვდომა შეღავათიან მომსახურებებზე, მათ შორის სამუშაო სივრცეზე ტექნოპარკში, ასევე იქცა არა მხოლოდ წარმატებულ ინფრასტრუქტურულ პროდუქტად, არამედ შესაძლებობად ტენანტი სტარტაპერებისთვის, თითქმის ყოველდღიურად შეხვედროდნენ სტუმარ დელეგატებს და მათთან დაკავშირებული კონტაქტებით შესულიყვნენ სხვა ქვეყნის ბაზრებზე. ამის წარმატებული მაგალითია ტექნოპარკის რეზიდენტი wifisher-ი, რომელიც უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ინტერნაციონალიზაციის ერთ- ერთი აუცილებელი გადაწყვეტილება, რაც სააგენტომ მიიღო, იყო სილიკონის ველის ექსპერტების ჩართულობა სტარტაპების შეფასების ნაწილში. სააგენტო სრულად გამოვიდა გადაწყვეტილების მიღებიდან და სტარტაპების შეფასების, შემდეგ კი გამარჯვებულების გამოვლენა ექსპერტებს ანდო. ექსპერტების ჩართულობით არა მხოლოდ ხარისხისა და სტანდარტის დაახლოება მოხდა სილიკონის სტანდარტებთან, არამედ ინვესტორების მადის აღძვრა ქართულ სტარტაპებში ფულის ინვესტირების. გადამზადებისა და შემფასებელ საინვესტიციო კომიტეტში სააგენტომ შეძლო ისეთი ვენჩურული თუ ანგელოზი ინვესტორების მობილიზება, როგორიცაა Garage Ventures-ი, Catapult-ი, SV Hub-ი, Startup Wise Guys-ი და სხვა.

გადამზადებული და პირველი მუშა მინიმალური ღირებულების პროდუქტით (MVP) ქართველი სტარტაპები უკვე სილიკონის ველზეც გავიდნენ და იქ საკუთარი ინოვაციური იდეები ინვესტორებს, დიასპორის წარმომადგენლებსა და ეკოსისტემის მოთამაშეებს გააცნეს. იქ დამყარებული კავშირების შედეგი ყველაზე ნათლად ინვესტორების მიერ ერთ- ერთ სტარტაპში განხორციელებულმა ინვესტიციამ აჩვენა. Pulsar AI-ის მიერ აწეული $1,2 მილიონი აშშ დოლარი მკაფიო დემონსტრირებაა საქართველოში შექმნილი გლობალური პროდუქტის პოტენციალის, ასევე იმის, თუ როგორ შეიძლება აქციო დიასპორის მიერ გამოგზავნილი თანხები მაღალი ღირებულების მომხიბვლელ ინვესტიციად.  

დღეს სილიკონის ველის სული უკვე თბილისშიც ტრიალებს!

საქართველო გლობალური ღონისძიებების მასპინძელი გახდა. 2019 წელს Google Entrepreneur-თან გაფორმებული მემორანდუმის საფუძვლად თბილისი სან-ფრანცისკოსა და ლონდონის მერე მესამე ლიცენზირებული ქვეყანაა ყველაზე მასშტაბური Startup Grind-ის ღონისძიების მასპინძლობით. 2020 წლის ივნისში რუსთაველის თეატრში 2,000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის 800-მდე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, წამყვანი საინვესტიციო ფონდების 50-მდე ინვესტორი და სპიკერი მოიყრის თავს. 500 სტარტაპი – მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორი (დამაჩქარებელი) უკვე თბილისშია რეგიონალური წარმომადგენლობით! მაღალკვალიფიციურ კადრებთან და მენტორებთან წვდომისა და ინოვაციური პროდუქტის გლობალურ ბიზნესად ფორმირებისთვის მხოლოდ სამი თვე იქნება საჭირო! აღნიშნულ პროექტში კერძო ინვესტიციის მონაწილეობა საქართველოს ბანკის სახით წარმატების ერთ- ერთი გარანტორი და, სხვათა შორის, ქართული სტარტაპების პოტენციალის დამადასტურებელია.

საქართველო საინტერესო ხდება გლობალური კორპორაციებისთვისაც – ქვეყნის მომხიბვლავი ბიზნესგარემოთი და არსებული ინტელექტუალური რესურსით ინტერესდებიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Epam-ი და სხვა. სააგენტოს 2020-ის საერთაშორისო მიმართულებით ერთ- ერთ მთავარ გამოწვევად Apple-ის, Google-ისა და სხვა კორპორაციების მომსახურებებზე წვდომა რჩება. რუკების ადაპტირება, ქართული ბარათების მიღება, აპლიკაციების ელ-მაღაზიებისა თუ მოწყობილობების საქართველოში რეგისტრირების გამოწვევების მოგვარება იქნება სააგენტოს ერთ- ერთი ძირითადი საერთაშორისო ამოცანა. ოქროს ჭიშკრის ხიდი (Golden Gate Bridge) უკვე გადებულია სილიკონის ველსა და ქართულ ოქროს ყანას შორის, მისი აქტიური და ეფექტიანი გამოყენება კი აწმყოსთვის მიგვინდვია.