2020 წელი პალატისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, შეიძლება ითქვას – გარდამტეხიც. გვაქვს ბევრი ახალი ინიციატივა და გეგმები, რომ დაიხვეწოს ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, დაინერგოს ახალი და გაუმჯობესებული სერვისები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პალატის სრული რებრენდინგი და უახლოეს მომავალში წარვადგენთ ახალ ვებგვერდს, რომელიც მეწარმეებს საშუალებას მისცემს, პალატის მომსახურებები ონლაინრეჟიმში მიიღონ. ახალი ვებგვერდის მეშვეობით გამარტივდება და დაიხვეწება ისეთი მოთხოვნადი სერვისები, როგორიცაა: პარტნიორის მოძიება, სერტიფიკატების მიღება, ორმხრივი ბიზნესშეხვედრების დაგეგმვა და სხვა. 2020 წელს უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ პროფესიული განათლების სფეროს, არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარებას, ექსპორტის ხელშეწყობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ამასთან, გვაქვს სრულიად ახალი მიმართულება – ვგეგმავთ ეგრეთ წოდებული Think-Tank-ის დაფუძნებას და მის ფარგლებში აკადემიურ წრეებთან ერთად ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი კვლევების წარმოებას.
პროფესიული განათლება
პალატა გეგმავს საკუთარი როლის გაზრდას პროფესიული განათლების სისტემაში და ამ მიზნით საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. შემუშავებული გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ამ გეგმაში ჩართულნი არიან დარგის წამყვანი ექსპერტები როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ განათლებაში გათვალისწინებული იყოს კერძო სექტორის პოზიცია და მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ შეუსაბამობას არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ბიზნესის მოთხოვნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ პალატის ჩართულობით გაიზრდება პროფესიული განათლების არა მხოლოდ ცნობადობა, არამედ ეფექტიანობაც.
ექსპორტის მხარდაჭერა და ინვესტიციების მოზიდვა
პალატა განსაკუთრებით გააქტიურდება ექსპორტის მხარდაჭერისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებებით. ამ კუთხით, ვამუშავებთ კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ქართველი მეწარმეებისთვის ახალი ბაზრების მოძიებას. ვგეგმავთ საზღვარგარეთ სავაჭრო მისიებისა თუ ბიზნესფორუმების როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხის გაზრდას. უკვე დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს ემირატებში არსებული ბიზნესწრეებისთვის ქართული საინვესტიციო გარემოს გაცნობას, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნესკავშირების დამყარებას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური შეხვედრა ემირატების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანთან, ბატონ ჰამიდ მოჰამედ ბინ სალემთან; შეხვედრისას გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმიც. შეხვედრას დაესწრებიან ადგილობრივი პალატების წარმომადგენლები და ფედერაციის წევრი კომპანიები. მარტის ბოლოს ასევე დაგეგმილია ვიზიტი ბაჰრეინში და შეხვედრა ბაჰრეინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებთან, რა დროსაც მხარეებს შორის ასევე გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი.
ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი კვლევები
მიმდინარე წელს დავაარსებთ ე.წ Think-Tank-ს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება კვლევები ბიზნესისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. ინიციატივის ფარგლებში ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ აკადემიურ წრეებთან და წამყვან მკვლევრებთან. Think-Tank-ი ხელს შეუწყობს სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო სექტორს, დონორ ორგანიზაციებსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მიიღონ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კვლევები ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინიციატივის დაფინანსების წყარო იქნება უშუალოდ ბიზნესი, რაც უზრუნველყოფს საკითხისადმი მიუკერძოებელ და კვლევებზე დაფუძნებულ მიდგომას.
დავების ალტერნატიული გადაწყვეტა – არბიტრაჟი
პალატა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის პოპულარიზაციას საქართველოში და ზოგადად რეგიონში. პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ახდენს საქართველოს, როგორც დავების გადაწყვეტის რეგიონული ცენტრის პოზიციონირებას და იგეგმება ღონისძიების გამართვა აზერბაიჯანში, აზერბაიჯანელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. საარბიტრაჟო ცენტრი აგრძელებს დარგის ცნობადობის გაზრდის მიზნით სექტორულ შეხვედრებს, რათა ყველა სექტორს მკაფიო გზავნილი მივაწოდოთ არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ. ამასთან გვაქვს ახალი მიმართულება – კომერციული მედიაცია, სადაც დავები წყდება მოლაპარაკებისა და მედიაციის ექსპერტების ჩართულობით. 2020 წელს ჩატარდება ყოველწლიური „საარბიტრაჟო დღეები“, რომელიც რეგიონის მასშტაბით ამ სფეროში მთავარი ღონისძიებაა. საარბიტრაჟო დღეებში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს 150-მდე ადგილობრივი და უცხოელი დარგის წამყვანი პრაქტიკოსი.
ღია დიალოგი ბიზნესთან
რეგიონული ბიზნესის განვითარება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერესების გათვალისწინება და მხარდაჭერა პალატის ერთ- ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) საპარტნიორო პროექტის დაფინანსებით იგეგმება შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში. პროექტის „ღია დიალოგი ბიზნესთან“ ფარგლებში ჩავალთ ყველა რეგიონში, სადაც ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილ სახელმწიფო ინიციატივებსა და პროექტებს. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი სამინისტროებისა და სააგენტოების ხელმძღვანელი პირები. აღნიშნული საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრები წარმოადგენს ყველაზე ეფექტიან საშუალებას კერძო სექტორისთვის, დასვან კითხვები და მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე გაჟღერდეს რეგიონში თუ სექტორში არსებული გამოწვევები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აგრძელებს 2019 წლის განმავლობაში დაწყებულ აქტივობებს.
მოიძიე პარტნიორი
2019 წელს პალატამ დანერგა ახალი სერვისი „მოიძიე პარტნიორი“, რომლის მეშვეობითაც ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნესპარტნიორი საზღვარგარეთ მოიძიონ. ზოგადად, პალატა წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის ნაწილს და მსგავსი ტიპის სერვისებისთვის ის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია. 2019 წლის განმავლობაში მჭიდრო კავშირი დავამყარეთ და გავაფორმეთ 17 თანამშრომლობის მემორანდუმი სხვადასხვა პარტნიორ სავაჭრო პალატასთან საზღვარგარეთ. მემორანდუმების ერთ- ერთ მუხლში სწორედ პარტნიორის მოძიების კომპონენტი არის გათვალისწინებული. ამ კუთხით მიმდინარეობს სერვისის დახვეწა და 2020 წელს უფრო გავაქტიურდებით, ქართველ მეწარმეებს შევთავაზებთ ახალ და აუთვისებელ ბაზრებს.
მიმდინარე პროექტები
პალატა მჭიდროდ თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან და გვაქვს არაერთი წარმატებული პროექტი. აღსანიშნავია ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, DCFTA საინფორმაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში 120-ზე მეტი ტრენინგი ჩატარდა, კონსულტაცია კი 6000-ზე მეტმა მეწარმემ მიიღო. მოცემულ ეტაპზე ფუნქციონირებს ოთხი საინფორმაციო ცენტრი – გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. 2020 წელს პალატა გეგმავს გაფართოებას ახალ რეგიონებში წარმომადგენლობების გახსნით, სადაც DCFTA საინფორმაციო ცენტრებიც იქნება წარმოდგენილი. პალატა ასევე ახორციელებს ერთობლივ პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. პროექტი მიზნად ისახავს კერძო სექტორის ინფორმირებულობის გაზრდას გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) წარმატებით განხორციელების ხელშეწყობას.
ბიზნესფორუმები და სავაჭრო მისიები
2019 საკმაოდ დინამიკური წელი იყო ბიზნესფორუმების ორგანიზების მხრივ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტენდენციას. აღსანიშნავია საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც ორივე ქვეყნის 120-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა; გაიმართა საქართველო- ავსტრიის ბიზნესფორუმი, რომელსაც 13 ავსტრიული და 70-მდე ქართული კომპანია ესწრებოდა; საქართველო-ლიბანის ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია. ბიზნესფორუმები საკმაოდ ეფექტიანი მექანიზმია სავაჭრო- ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად, თუმცა მსგავსი ღონისძიებების განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში, საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმი – „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდა. ამასთან, პალატის მხარდაჭერით ბიზნესფორუმები გაიმართა საზღვარგარეთაც, მაგალითად – სლოვაკეთში, ბრატისლავაში ქართული ბიზნესსექტორის მონაწილეობით რეგიონალური ბიზნესფორუმი ჩატარდა და მასში სლოვაკური, ავსტრიული, ჩეხური და ქართული კომპანიების 80-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
თანამშრომლობის მემორანდუმები
პალატა მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო სტრუქტურებთან. ამ მიზნით გაფორმდა მემორანდუმები სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან“ და სსიპ „აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს“ – აკრედიტაციის ცენტრთან. მემორანდუმის საფუძველზე პალატა კიდევ უფრო აქტიურად და ინტენსიურად მიაწვდის ინფორმაციას ქართველ მეწარმეებს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატების შესახებ. გარდა ამისა, მემორანდუმი გაფორმდა პალატასა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის. დოკუმენტის მიზანი მხარეებს შორის თანამშრობლობის გაღრმავება და პალატის წარმომადგენლების დახმარებით რეგიონებში მოქმედ ბიზნესსუბიექტებსა და ბიზნესომბუდსმენს შორის აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობაა.