მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და მისმა მეუღლემ ინვესტიცია დანიურ ფარმაცევტულ კომპანიაში ჩადეს, რომელიც Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატის შექმნაზე მუშაობს.
ივან ლონჩარევიჩი, QuantBioRes A/S-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, გაზეთ BT-სთან საუბრისას ადასტურებს ჯოკოვიჩის წილს. მეუღლესთან, იელენასთან ერთად, ის ფლობს კოპენჰაგენში დაფუძნებული კომპანიის 80%-ს, რომელსაც Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატი ბაზარზე ჯერ არ გამოუტანია.
არავაქცინირებულმა ჩოგბურთელმა ამ თვეში ავსტრალიის ღია პირველობა მას შემდეგ გამოტოვა, რაც იქაურმა ხელისუფლებამ ჯანმრთელობის გამო ვიზა გაუუქმა. ეს ყველაფერი კი ავსტრალიელების პროტესტის ფონზე ხდებოდა. მთავრობამ განაცხადა, რომ იგი მზად არის, დაიცვას ქვეყნის საზღვრები.
ფარმაცევტული კომპანიის QuantBioRes-ის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ კომპანია ექსპერიმენტებს ატარებს, შესაძლებელია თუ არა ვირუსში ჩარევა ეგრეთ წოდებული რეზონანსული ამოცნობის მოდელის გამოყენებით. დანიის ოფიციალური კომპანიების რეესტრის მიხედვით, ჯოკოვიჩებმა თავიანთი წილები 2020 წლის ივნისში იყიდეს.
ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა ჯოკოვიჩის ვიზა. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩოგბურთელი ქვეყანაში ვაქცინაციის წესების დაუცველად შევიდა.