ბირთვული ენერგია საშუალებას გვაძლევს, სუფთა ელექტროენერგია ვაწარმოოთ და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შევამციროთ, თუმცა მის ნარჩენებთან გამკლავება საკმაოდ რთულია, რის გამოც ის არცთუ ისე პოპულარულია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში დახარჯული დაახლოებით 370 ათასი ტონა ბირთვული საწვავი დროებით საცავებში ინახება.
ახლახან შვედეთის მთავრობამ ბირთვული საწვავისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით მომუშავე კომპანიის, SKB-ის გეგმა დაამტკიცა. ეს უკანასკნელი საწყობის მშენებლობას ისახავს მიზნად, სადაც ქვეყნის მიერ გამოყენებული ბირთვული საწვავი 100 ათასი წლის განმავლობაში უსაფრთხოდ შეინახება.
„ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც SKB-ს საშუალებას აძლევს, ჩვენი თაობის მიერ შექმნილი ბირთვული ნარჩენები განკარგოს. მოუთმენლად ველით შვედეთის გარემოს დაცვის უდიდესი პროექტის განხორციელებას“ – განაცხადა SKB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოჰან დაშტმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ ამბიციურ პროექტზე დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მუშაობდა და შვედეთსა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ექსპერტებთან თანამშრომლობდა. პროექტი გულდასმით შეისწავლა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანომ, რათა მისი განხორციელების შემდეგ ზიანი არ მიადგეს გარემოსა და ადამიანებს.
უნდა ითქვას, რომ ბირთვული ნარჩენების პრობლემის მოგვარების გარდა პროექტი დაახლოებით 1,500 სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. SKB ამჟამად სასამართლოსგან და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანოსგან ნებართვას ელის. როგორც ცნობილია, ამ პროცედურების გავლის შემდეგ ობიექტის აშენებას, სადაც ბირთვული ნარჩენები შეინახება, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.