გასული კვირის განმავლობაში საზოგადოების ყურადღება მეცნიერების სხვადასხვა დარგში მომხდარმა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა მიიპყრო. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოსარჩევი მედიცინის მიმართულებაა. თელ-ავივის უნივერსიტეტის საგოლის რეგენერაციული ბიოტექნოლოგიის ცენტრში მომუშავე მეცნიერების ჯგუფმა ადამიანის ზურგის ტვინის 3D-ქსოვილი შექმნეს და დამბლით დაავადებულ თაგვებს ჩაუნერგეს. პროცედურიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გავლა მღრღნელების 80%-მა შეძლო. კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა არცთუ ისე სახარბიელო, თუმცა მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინეს. მათ დაადგინეს, რომ პლასტმასის ბოთლებისგან მათში შენახულ სითხეში ასობით ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა.
ტრადიციულად, სიახლეებია კოსმოსის ათვისების მიმართულებით. ასტრონომებმა მზის უახლოესი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის მიმდებარედ მესამე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც პროქსიმა d უწოდეს. ის ჩვენგან დაახლოებით 4.2 სინათლის წლით არის დაშორებული. NASA-მ კოსმოსური ზონდის, Parker Solar Probe-ის მიერ გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც პლანეტა ვენერას ზედაპირია აღბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ აპარატმა ციური სხეულის გამოსახულება ხილულ სპექტრში პირველად დააფიქსირა. მოცემული ბლოგი ბოლო დღეების განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ეთმობა.
მეცნიერებმა პარალიზებულ თაგვებს ადამიანის ზურგის ტვინის 3D-იმპლანტები ჩაუდგეს
თელ-ავივის უნივერსიტეტის საგოლის რეგენერაციული ბიოტექნოლოგიის ცენტრში მომუშავე მეცნიერებმა ადამიანის ზურგის ტვინის 3D-ქსოვილი შექმნეს და დამბლით დაავადებულ თაგვებს ჩაუნერგეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცედურა მედიცინის ისტორიაში პირველად ჩატარდა. მკვლევრებმა ნაშრომი, რომელშიც მოცემულ საკითხს დეტალურად განიხილავენ, გამოცემა Advanced Sciences-ში გამოაქვეყნეს.
სპეციალისტებმა ადამიანის მუცლის ცხიმოვანი ქსოვილიდან ბიოფსიისთვის აღებული მასალა გამოიყენეს, რომელიც უჯრედებისა და უჯრედგარე მატრიქსისგან შედგება. უჯრედგარე მატრიქსისგან უჯრედების გამოყოფის შემდეგ მეცნიერებმა მათი რეპროგრამირებისთვის გენურ ინჟინერიას მიმართეს. მკვლევრებმა ისინი დააბრუნეს მდგომარეობაში, რომელიც ემბრიონის ღეროვან უჯრედებს წააგავს – მათ შეუძლიათ, ორგანიზმში ნებისმიერი ტიპის უჯრედად იქცნენ.
მეცნიერებმა უჯრედგარე მატრიქსიდან გამოიმუშავეს პერსონალიზებული ჰიდროგელი, რომელიც არ გამოიწვევდა ორგანიზმის იმუნურ პასუხს და სხეული მასთან შეთავსებაზე უარს არ იტყოდა. ამის შემდეგ მათ ღეროვანი უჯრედები ჰიდროგელში მოათავსეს და, ზურგის ტვინის ემბრიონული განვითარების პროცესის მიბაძვით, უჯრედები ნეირონული ქსელის 3D-იმპლანტებად გადააქციეს, რომლებიც მოტორულ ნეირონებს შეიცავენ.
ამის შემდეგ ადამიანის ზურგის ტვინის იმპლანტები თაგვებს ჩაუნერგეს. მკვლევრებმა ოპერაციამდე მღრღნელები ორ ჯგუფში გაანაწილეს. პირველში მოხვდნენ – დროებითი, მეორეში კი ხანგრძლივი დამბლით დაავადებული თაგვები. იმპლანტების ჩადგმის შემდეგ კვლევაში მონაწილე ცხოველების 80%-მა სიარული კვლავ შეძლო.
მეცნიერების ამ მიღწევამ შესაძლოა მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით პარალიზებული ადამიანის ცხოვრება შეცვალოს, რომლებსაც ზურგის ტვინი აქვთ დაზიანებული. სპეციალისტები დამბლით დაავადებული თითოეული ადამიანისთვის ზურგის ტვინის პერსონალიზებული იმპლანტების შექმნას ისახავენ მიზნად.
მეცნიერები ახლა კლინიკური კვლევებისთვის ემზადებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ პარალიზებული ადამიანებისთვის ასეთი იმპლანტების ჩანერგვას ძალიან მალე შეძლებენ და მათ ფეხზე დადგომისა და სიარულის შესაძლებლობას მისცემენ.
ასტრონომებმა მზის უახლოესი ვარსკვლავის მიმდებარედ ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში ასტრონომებმა მზის უახლოესი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის მიმდებარედ პოტენციური სუპერდედამიწა აღმოაჩინეს. მანამდე ამავე ვარსკვლავურ სისტემაში, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 4.2 სინათლის წლით არის დაშორებული, კიდევ ერთი ეგზოპლანეტა იყო დაფიქსირებული. ახლა კი მეცნიერებმა პროქსიმა კენტავრის მიმდებარედ კიდევ ერთ ციურ სხეულს მიაკვლიეს.
ასტრონომებმა ეგზოპლანეტა, რომელსაც პროქსიმა d უწოდეს, სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (ESO) კუთვნილი ტელესკოპით, Very Large Telescope-ით აღმოაჩინეს, რომელიც ჩილეში მდებარეობს. მეცნიერებმა ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა Astronomy & Astrophysics-ში გამოაქვეყნეს.
სპეციალისტების განცხადებით, პროქსიმა d-ის მასა დედამიწისაზე ოთხჯერ ნაკლებია. ეს ყველაზე მსუბუქი ციური სხეულია პლანეტებს შორის, რომელთა მონაცემებიც მეცნიერებს ამ დრომდე გამოუთვლიათ. როგორც ცნობილია, პროქსიმა d თავისი მნათობიდან დაახლოებით 4 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და ვარსკვლავის გარშემო ორბიტაზე ერთ ბრუნს ხუთ დღეში ასრულებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტა მასპინძელ ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, გაცილებით ახლოს, ვიდრე სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი ზონაა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იქ წყლის არსებობა ფაქტობრივად გამორიცხულია.
ბრიტანულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში მდებარე კვლევით დაწესებულება Joint European Torus-ში (JET) განლაგებულმა ტოკამაკის ტიპის თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რისთვისაც მას დაახლოებით 24 წელი დასჭირდა. რეაქტორმა ბოლო ექსპერიმენტის დროს 59 მეგაჯოული ენერგია ხუთი წამის განმავლობაში უწყვეტად აწარმოვა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის ორგანოს (UKAEA) საკუთრებაში არსებული JET-ის რეაქტორმა პირველად რეკორდი ჯერ კიდევ 1997 წელს დაამყარა. მაშინ დანადგარმა თერმობირთვული სინთეზის დროს 22 მეგაჯოული ენერგიის წარმოქმნა შეძლო. აღსანიშნავია, რომ რეაქტორის მიერ ბოლო ექსპერიმენტის დროს წარმოქმნილი სიმძლავრე წამში 11 მეგავატს შეადგენდა.
თერმობირთვული სინთეზის რეაქტორების შექმნასა და განვითარებაზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მუშაობენ. მეცნიერების მიზანი მზესა და კოსმოსში განლაგებულ სხვა ვარსკვლავებში მიმდინარე რეაქციის გამეორება და ენერგიის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით წარმოების მიღწევაა. რეაქტორებში ბირთვული შერწყმა ორი ატომის ერთმანეთთან შეჯახებისას ხდება, რაც უფრო მძიმე ბირთვის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
თერმობირთვული სინთეზის რეაქტორებს, რომლებსაც ხშირად „ხელოვნური მზის“ სახელწოდებით მოიხსენიებენ, კაცობრიობის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ყავის ზომიერად მოხმარება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
ლონდონში მდებარე დედოფალ მერის უნივერსიტეტსა და ბუდაპეშტში განლაგებულ სემელვეისის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში სამი ფინჯანი ყავის სმა დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზე. მკვლევართა თქმით, ის ინსულტის განვითარების რისკსა და სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელს ამცირებს. ამის შესახებ დეტალურად სპეციალისტები გამოცემა European Journal of Preventative Cardiology-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
მეცნიერებმა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკში არსებული 468,629 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რომელთაც კვლევის დასაწყისში გულის დაავადებები არ აწუხებდათ.
კვლევაში მონაწილეებს გამოჰკითხეს ინფორმაცია ყავის სმის სიხშირისა და ცხოვრების წესის (მაგალითად, მოწევა და ფიზიკური აქტივობა) შესახებ. დეტალურ კითხვარში ასევე შეგროვდა მონაცემები მათი გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების შესახებ, როგორიცაა მაღალი წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის დონე.
მეცნიერებმა კვლევის მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. ერთ ჯგუფში მოხვდნენ ისინი, ვინც ყავას არ სვამდნენ, მეორეში – ყავის ზომიერად მომხმარებლები და მესამეში ისინი – ვინც მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ყავას დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა MRI-სკანირებას მიმართეს, რათა დაედგინათ, როგორ მოქმედებდა ყავის სმა დროთა განმავლობაში გულის ანატომიასა და ფუნქციონირებაზე.
სპეციალისტების განცხადებით, კვლევამ ნათელყო, რომ ყავის ზომიერად მოხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის არათუ საზიანო, არამედ შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს. მეცნიერების ინფორმაციით, ეს დღემდე ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევა იყო, რომელიც გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე ყავის სმის გავლენის დადგენას ემსახურებოდა.
მეცნიერთა ინფორმაციით, ყავის ზომიერად მომხმარებლებში, მათთან შედარებით, ვინც ამ სასმელს არ ეტანებოდა, საერთო სიკვდილიანობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალების რისკი 12%-ით ნაკლები იყო. მათივე თქმით, მათ შემთხვევაში, ვინც დღეში საშუალოდ სამ ფინჯან ყავას სვამდა, ინსულტის განვითარების რისკი 21%-ით დაბალი იყო. მკვლევართა განცხადებით, ყავის ტიპს მნიშვნელობა არა აქვს.
NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა ვენერას ზედაპირს ხილულ სპექტრში ფოტოები პირველად გადაუღო
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მზის შესასწავლად გაგზავნილი კოსმოსური ზონდის, Parker Solar Probe-ის მიერ გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც პლანეტა ვენერას ზედაპირია აღბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ აპარატმა ციური სხეულის გამოსახულება ხილულ სპექტრში პირველად დააფიქსირა.
სქელ ღრუბლებს მიღმა ვენერას ზედაპირი ჩვეულებრივ მხედველობის არისგან დაფარულია, თუმცა კოსმოსურმა ზონდმა მისი დაფიქსირება კამერის, Wide-Field Imager-ის (WISPR) დახმარებით ხილულ სპექტრში შეძლო. ეს არის სინათლის ტიპი, რომელსაც ადამიანი აღიქვამს.
NASA-მ Parker Solar Probe-ის მიერ ვენერას ჩაბნელებული მხარისთვის გადაღებული ფოტოები გააერთიანა და მოკლე ვიდეო შექმნა. სურათებში ვენერას ზედაპირის სუსტი ნათება შეიმჩნევა, რომელიც პლანეტის გეოლოგიურ თავისებურებას ავლენს. ციური სხეულის ირგვლივ თვალშისაცემია ჟანგბადის მანათობელი ჰალო.
ცნობისთვის, აპარატმა სურათები ვენერასთან მესამე და მეოთხე ჩავლის დროს დააფიქსირა. მათი დახმარებით მეცნიერებს საშუალება მიეცემათ, ვენერას ზედაპირის გეოლოგიური მახასიათებლების, მისი მინერალური შემადგენლობისა და პლანეტის ევოლუციის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ.
მას შემდეგ, რაც 2018 წლის აგვისტოში აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ Parker Solar Probe-ი კოსმოსში გაუშვა, აპარატმა საზოგადოების ყურადღება არაერთხელ მიიპყრო. მათ შორის, გასულ წელს ხომალდმა მზის ატმოსფეროში, იმავე გვირგვინში გაიარა და, შედეგად, კაცობრიობის ისტორიაში პირველი აპარატი გახდა, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო.
კვლევა: პლასტმასის მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები ასობით ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფენ
კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ონკანის წყალში, რომელსაც პლასტმასის მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებში ინახავდნენ, ასობით ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს. ამ ნივთიერებებიდან რამდენიმე პოტენციურად საზიანოა ადამიანთა ჯანმრთელობისთვის.
სპეციალისტები იმის დადგენას შეეცადნენ, თუ რომელი ქიმიური ნივთიერებები გამოიყოფა სითხეებში, რომლებიც რბილი პლასტმასის მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებშია მოთავსებული. შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. მეცნიერები გაოგნებულნი დარჩნენ ქიმიური ნივთიერებების რაოდენობით, რომლებიც პლასტმასის ბოთლში 24 საათის განმავლობაში შენახულ წყალში აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ისეთი ნივთიერებაც იყო, რომელიც პლასტმასაში აქამდე არასდროს უპოვიათ.
უფრო კონკრეტულად კი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლში 400-ზე მეტი, ასევე ჭურჭლის სარეცხი მანქანის საპონში 3,500 ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს. მათი დიდი რაოდენობის იდენტიფიცირება მკვლევრებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს. თუმცა იდენტიფიცირებული ნივთიერებებიდანაც კი 70%-ის ტოქსიკურობა ან უვნებლობა მოცემული დროისთვის უცნობია.
აღმოჩენილ ტოქსიკურ ნივთიერებებს შორისაა ფოტოინიციატორები, რომლებსაც ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა ენდოკრინული დარღვევები. ასევე, ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმში კანცეროგენების წარმოქმნას. გარდა ამისა, მეცნიერებმა ბოთლებში შენახულ წყალში პლასტმასის დამარბილებლები, ანტიოქსიდანტები და სხვა ნივთიერებები იპოვეს, რომლებიც პლასტმასის წარმოებაში გამოიყენება. სითხეში აღმოჩნდა დიეთილტოლუამიდი, რომელსაც კოღოს სპრეი შეიცავს.
ქიმიკოსების განცხადებით, რომლებიც აღნიშნულ კვლევას არ უძღვებოდნენ, მწარმოებლების უკეთ რეგულირება და წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებაა საჭირო.