შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას ტექნოლოგიურმა კომპანიებმა საკუთარი სიახლეებით გაგვანებივრეს: Samsung-მა ახალი თაობის სმარტფონები და პლანშეტები წარმოადგინა, Ferrari-მ და Qualcomm-მა პარტნიორობა დააანონსეს, ხოლო Meta-მ მეტავერსში ძალადობის აღმოსაფხვრელად უჩინარი ბარიერები შექმნა – ამასთანავე, გავრცელდა დამატებითი ცნობები ორი მსხვილი გარიგების შესახებ: Microsoft-მა გარკვეული დაპირებები გასცა, ხოლო Nvidia-მ Arm-თან დადებული ხელშეკრულება ჩაშალა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Samsung Galaxy Unpacked: კორეული გიგანტის ყველა სიახლე
გასულ კვირას Samsung-მა საკუთარი ღონისძიება, Galaxy Unpacked-ი ჩაატარა, რომელზეც ახალი მოწყობილობები, მათ შორის Galaxy S22-ის სერიის რამდენიმე სმარტფონი და Galaxy Tab S8-ის სერიის პლანშეტები წარმოადგინა.
ვიზუალურად, Samsung-ის ახალი თაობის სმარტფონები, 6.1-ინჩიანი Galaxy S22 და 6.6-ინჩიანი Galaxy S22 Plus-ი წინა თაობის სმარტფონების დიზაინს იმეორებს, მაგრამ ერთი განსხვავებით – უკანა კამერის გარშემო არსებული სივრცე ტელეფონის ფერის იდენტური გახდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთავარი ფიზიკური ცვლილება, რომელიც სმარტფონმა განიცადა, Gorilla Glass Victus Plus-ის შუშის გამოჩენაა, რომელმაც წინა თაობის სმარტფონებზე ორივე მხარეს არსებული პლასტმასის შესახედაობის მქონე შუშა ჩაანაცვლა. ამასთანავე, დაიხვეწა კამერებიც – გაუმჯობესდა ღამით გადაღებისა და პორტრეტის რეჟიმები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy S22-ის დასამზადებლად კორეული გიგანტი პლასტმასის გადამუშავებულ სათევზაო ბადეებს გამოიყენებს. გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას თუ დავუჯერებთ, მსოფლიოს ოკეანეებში, ყოველწლიურად, 640 ათასი ტონის მოცულობის სათევზაო ბადეები ხვდება – პლასტმასის ეს უხილავი ბადეები თევზებისა და ოკეანეების სხვა ბინადრებისთვის, მათ შორის მარჯნის რიფებისთვის, ძალიან სახიფათოა.
„ოკეანეებში გადაგდებული ეს სათევზაო ბადეები ჩვენს ბუნებაში არსებულ დელიკატურ ბალანს ძალიან სწრაფად არღვევს“, – ვკითხულობთ Samsung-ის განცხადებაში. „ამ ბადეების შეგროვება და გადამუშავება – პირველი ნაბიჯია ოკეანეების გასუფთავებისა და პლანეტისა და ჩვენი მომავლის გადარჩენის გზაზე“.
განსაკუთრებით საინტერესოა Samsung-ის ახალი მოდელი, Galaxy S22 Ultra, რომელსაც, წინა თაობის ამავე მოდელის სმარტფონისგან განსხვავებით, სტილუსი ექნება. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარად, ახალი სმარტფონი Galaxy Note-ს უფრო ჰგავს, ვიდრე Ultra-ს – თუმცა კი, მისი სტილუსი 9 მილიწამით უფრო სწრაფია, ვიდრე S-Pen-ის ტიპის სტილუსი.
რაც შეეხება კამერას, ის წინა თაობის Ultra-ს მსგავსია: სმარტფონს 108-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და სამმაგი და ათმაგი გადიდების ტელეფოტოკამერები აქვს, რომლებითაც როგორც ფართო, ასევე უკეთესი საპორტრეტო სურათების გადაღებაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ Galaxy S22-ის საწყისი ფასი $799.99 იქნება, Galaxy S22 Plus-ის – $999.99, ხოლო Galaxy S22 Ultra-სი – $1199. რაც შეეხება ახალ პლანშეტებს, 14.6-ინჩიანი OLED დისპლეის მქონე Galaxy Tab S8 Ultra-ს ფასი $1099.99-დან იწყება, 12.4-ინჩიანი Galaxy Tab S8-ისა $899.99-დან, ხოლო 11-ინჩიანი Galaxy Tab S8-ის – $699.99-დან.
Microsoft-ის დაპირება: Call of Duty-ის სერია Xbox-ის ექსკლუზივად არ გადაიქცევა
ორი კვირით ადრე გამოქვეყნებულ ტექნოლოგიურ მიმოხილვაში მოგახსენეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ანტიმონოპოლიური ორგანო, ფედერალური სავაჭრო კომისია Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენის ფაქტის შესწავლას იწყებს. საინტერესოა, რომ გასულ კვირას, ამ საქმეს ირიბი გაგრძელება მოჰყვა: საქმე ისაა, რომ Microsoft-ის პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა გამოაქვეყნა ბლოგი, რომელშიც იმ არაერთი ბრალდების წინასწარ გაქარწყლებას შეეცადა, რომლებიც შესაძლოა, Microsoft-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ წაუყენოს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც ბრედ სმიტმა გააჟღერა, არის ის, რომ Call of Duty-ის უაღრესად პოპულარული სერიის ვიდეოთამაშები Xbox-ის ექსკლუზივად არც მას მერე გადაიქცევა, რაც Activision Blizzard-სა და Sony-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოიწურება. გამომდინარე იქიდან, რომ Sony PlayStation-ის შემოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ Call of Duty-ის სერიის ვიდეოთამაშებზე მოდის, Microsoft-ის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია.
ამასთანავე, საკუთარ ბლოგში ბრედ სმიტმა ღიაობის პრინციპებზე ისაუბრა, რომელთა დანერგვას Microsoft-ი საკუთარ სავაჭრო პლატფორმებზე გეგმავს: „გვსურს, რომ მარეგულირებელსა და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამ [ახალი] პრინციპებით, Microsoft-ი, როგორც კომპანია, ახალ კანონებთან ადაპტაციას გეგმავს“. ზემოხსენებული პრინციპები, რომლებიც უმეტესწილად ვიდეოთამაშების შემქმნელებისათვის უკეთესი პირობების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, ძირითადად ამერიკული, ევროპული და კორეული სამართლის ნორმებს ეხმიანება.
ამასთანავე, ბრედ სმიტი საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებს: მისი თქმით, დღეს, გლობალურად, ვიდეოთამაშებს 2.8 მილიარდი ადამიანი თამაშობს და 2030 წლისთვის ეს რაოდენობა 4.5 მილიარდამდე გაიზრდება. ბრედ სმიტის თქმით, Microsoft-ს სურს, რომ გეიმერებს ნებისმიერი თამაშის ნებისმიერ მოწყობილობაზე თამაში შეეძლოთ, თანაც ნებისმიერ ადგილას, ქლაუდის დახმარებით.
Ferrari და Qualcomm-ი თვითმართვად ავტომობილს ერთად შექმნიან
გასულ კვირას ტექნოლოგიურ სამყაროში ერთი ფრიად საინტერესო ამბავი გავრცელდა: ლეგენდარულმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა, Ferrari-მ თვითმართვადი ტექნოლოგიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, Qualcomm-თან სტრატეგიული კოლაბორაცია დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, რამდენიმე წელიწადში, Ferrari-ს მიერ თვითმართვადი ავტომობილის გამოშვებით უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცნობია, თუ Qualcomm-ის რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებს Ferrari ამ ეტაპზე, მაგრამ, როგორც იტალიური ავტომწარმოებლის პრესრელიზში ვკითხულობთ, პირველ რიგში, დრო ციფრული სამართავი პანელის შექმნას დაეთმობა. „Qualcomm Technologies-თან გაფორმებული შეთანხმება დიდ ტექნოლოგიურ გავლენას მოახდენს Ferrari-სა და მისი მანქანების ციფრული ტრანსფორმაციის ტემპზე. უკვე დასახული მარტივი პროექტების გარდა, როგორიცაა, მაგალითად, ციფრული სამართავი პანელის შექმნა, ჩვენს კომპანიებში არსებულ იდეებსა და გამოცდილებას გავაერთიანებთ, რათა ახალი შესაძლებლობები გამოვიყენოთ და არაერთი ტექნოლოგიური გადაწყვეტა შევიმუშაოთ“, – ვკითხულობთ Ferrari-ს პრესრელიზში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორთავე კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებები საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომელთა გამოყენებას იტალიური ავტომწარმოებელი აპირებს. Ferrari-ს თქმით, ისინი Qualcomm-ის Snapdragon Digital Chassis-ით მომსახურებას გეგმავენ, მაგრამ ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია როგორც Snapdragon Ride-ის თვითმართვადი ტექნოლოგია, ასევე Snapdragon Cockpit-ის შიდასაავტომობილო გამოცდილების უზრუნველყოფა და Snapdragon Auto Connectivity-ს LTE-, 5G- და Wi-Fi-მხარდაჭერა.
თუმცა ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის როდია – ტექნოლოგიური მხარდაჭერის გარდა, Qualcomm-ი Ferrari-ს ფორმულა ერთის გუნდის სპონსორი გახდება, ხოლო კომპანიის ლოგო წითელ იტალიურ ბოლიდზე გამოჩნდება.
ისე კი, Ferrari სულაც არ არის პირველი ავტომწარმოებელი, რომელიც Qualcomm-ის ტექნოლოგიას იყენებს – ამ სიაში Volvo, Honda, Renault და GM-იც ხვდებიან. ამასთანავე, Qualcomm-ის ჩიპებს ვხვდებით როგორც Yamaha-ს ყურსასმენებში, ასევე არაერთი ბრენდის სმარტფონებში.
Nvidia-სა და Arm-ს შორის დადებული $40-მილიარდიანი შეთანხმება ჩაიშალა
ამერიკელი და ევროპელი მარეგულირებლის მიერ შექმნილი უზარმაზარი წნეხის ფონზე, გრაფიკული ბარათების უმსხვილესმა მწარმოებელმა, Nvidia-მ მიკროჩიპების მწარმოებელი Arm-ის $40-მილიარდიან შესყიდვაზე, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში დაანონსდა, უარი განაცხადა. ამ გარიგების შედეგად, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი იქნებოდა, Nvidia წვდომას მიიღებდა ლამის ყველა პატენტთან, რომლებსაც ისტორიის განმავლობაში გამოშვებული თითქმის ყველა სმარტფონი და პლანშეტი იყენებს, მათ შორის Apple-ის არაერთი პროდუქტი. ცნობისთვის გეტყვით, რომ Arm-ი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც SoftBank-მა 2016 წელს შეიძინა, $31 მილიარდად.
ჩაშლილი გარიგების შედეგად, Nvidia იძულებული იქნება, Arm-ის მფლობელ კომპანიას, SoftBank-ს $1.25 მილიარდი გადაუხადოს. ამასთანავე, გადადგა Arm-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, საიმონ სეგარსი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რენე ჰაასმა ჩაანაცვლა – ცნობისთვის, თავის დროზე, ჰაასი Nvidia-ში მუშაობდა. პარალელურად ამისა, SoftBank-ის აღმასრულებლები Arm-ის შესაძლო IPO-ს შესახებ ალაპარაკდნენ – საფონდო ბირჟაზე კომპანია შემდეგ ფისკალურ წელს უნდა მოხვდეს.
ორი კომპანიის გარშემო დატრიალებულ ამბავს Nvidia-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი, იენსენ ჰუანგი გამოეხმაურა: „Arm-ს ნათელი მომავალი აქვს, ხოლო ჩვენ, როგორც მათი ლიცენზიის მქონე კომპანია, მათ შემდეგ ათწლეულებშიც გვერდში დავუდგებით“. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით პრესრელიზი Arm-მაც გაავრცელა, თუმცა ჩაშლილი გარიგების შესახებ იქ არაფერი წერია – პრესრელიზი კომპანიის შიდა საკადრო ცვლილებებს ეხება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გარიგება კითხვებს მისი გამოცხადებისთანავე აჩენდა – Nvidia-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელს, იენსენ ჰუანგს მისი დაცვაც არაერთხელ მოუხდა და აქტიურად განიხილებოდა ის სცენარიც, რომლითაც ამ გარიგების დასახურად იმაზე მეტი დრო იქნებოდა საჭირო, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ გარიგების შესაძლო ჩაშლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გავრცელდა, როცა Bloomberg-მა დაწერა, რომ ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი მარეგულირებლები ამ გარიგებით უკმაყოფილონი იყვნენ.
Polygon-ის შემქმნელებმა Sequoia Capital-ისა და სხვა ინვესტორებისგან $450 მილიონი მოიზიდეს
საკუთარი კრიპტოვალუტის, Matic-ის გაყიდვით, დეცენტრალიზებული პროტოკოლის, Polygon-ის შემქმნელებმა Sequoia Capital India-სგან, SoftBank Group Corp.-ის Vision Fund 2-ის, ალექსის ოჰანიანისა და სხვა ინვესტორებისგან $450 მილიონი მოიზიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ Polygon-ი კრიპტოკომპანიაა, მისი კრიპტოვალუტის, Matic-ის შეძენა ყველაზე ახლოს არის იმასთან, რასაც ფინანსურ სამყაროში აქცია ეწოდება.
აღსანიშნავია, რომ დეცენტრალიზებული ინტერნეტისთვის Polygon-ი ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიაა, რომლის მთავარი მიზანი Etherium-ის პლატფორმისათვის პარალელური პროტოკოლის შექმნაა, რომელიც Etherium-ის მზარდ დატვირთულობას შეამცირებს. მარტივად რომ ავხსნათ, Polygon-ი Etherium-ის ბლოკჩეინზე მოქმედი პროტოკოლია, რომელიც Etherium-იდან ტრანზაქციებს იღებს, მათ მოცულობას ამცირებს და კვლავ ბლოკჩეინზე ტვირთავს – ამგვარად, Etherium-ის ბლოკჩეინზე ტრანზაქციის გატარება უფრო სწრაფი და გაცილებით უფრო იაფი ჯდება.
Polygon-ის ინფორმაციით, მათი პროტოკოლი ამჟამად 7000-ზე მეტ დეცენტრალიზებულ აპლიკაციასა 130 მილიონზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს აერთიანებს – ამასთანავე, ყოველდღიურად პლატფორმაზე ვერიფიკაციას 3 მილიონი ტრანზაქცია გადის. საბოლოო ჯამში, 2017 წლიდან Polygon-ზე 3.4 მილიარდი ტრანზაქცია არის გატარებული.
შესაძლოა, გეომაგნიტურმა შტორმმა Starlink-ის 40 სატელიტი გაანადგუროს
ამა წლის 3 თებერვალს ილონ მასკის Starlink-მა დედამიწის ორბიტაზე კიდევ ორმოცდაცხრა სატელიტი გაგზავნა, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, გეომაგნიტური შტორმის გამო, ორმოცი სატელიტი განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, – ამის შესახებ SpaceX-ის განცხადებაში ვკითხულობთ.
საქმე ისაა, რომ შტორმმა, რომლის შედეგად ატმოსფერო ხურდება, ხოლო ატმოსფერული სიმკვრივე იზრდება, 50%-ით უფრო მძლავრი წინაღობა წარმოშვა, ვიდრე ეს სატელიტების წინა განთავსებების დროს შეინიშნებოდა. გაზრდილი წინაღობის დასაძლევად, Starlink-მა საკუთარი სატელიტები გვერდულად, თაბახის ფურცლის მსგავსად გაგზავნა, მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემას არც ამან უშველა – ორმოცი სატელიტი დანიშნულების საბოლოო ადგილს ვერ მიაღწევს და დედამიწის ატმოსფეროში დაიწვება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ SpaceX-მა ერთ-ერთ ნიშანსვეტს მიაღწია – კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე მე-2000 სატელიტი გაუშვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამომავლოდ კომპანია დამატებით 12 ათასი სატელიტის გაშვებას გეგმავს, ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ გლობალური გადმოსახედიდან, ორმოცი დამწვარი სატელიტი კომპანიისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს Starlink-ის გარშემო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სასაუბრო თემა გამოჩნდა: მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დედამიწის ორბიტაზე ბრუნვისას, Starlink-ის სატელიტები კვალს ტოვებენ, რომელიც ხშირად ასტრონომებს სხვა კოსმოსური ობიექტების, მათ შორის დედამიწისათვის სახიფათო ასტეროიდების ამოცნობაში უშლის ხელს.
მიკროჩიპების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ევროკავშირი $49 მილიარდის დახარჯვას გეგმავს
რახანია, რაც მიკროჩიპების გლობალური დეფიციტი სხვადასხვა ინდუსტრიას აზარალებს. ამ პრობლების აღმოსაფხვრელად, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ $49 მილიარდად შეფასებული სპეციალური გეგმა, „ჩიპების ევროპული აქტი“ წარადგინა, რომლითაც ევროპელ ბიუროკრატებს მიზნად მიკროჩიპების ევროპული წარმოების გაფართოება და აზიურ წარმოებაზე დამოკიდებულების შემცირება დაუსახავთ.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს თქმით, მათ მიერ შემუშავებული გეგმა ბლოკის ქვეყნებში კვლევისა და წარმოების მიმართულებებს გააძლიერებს და შესუსტებულ მიმართულებებს აამუშავებს. ცნობისთვის, ეს საკანონმდებლო წინადადება საჯარო და კერძო ინვესტიციებს აერთიანებს – ამ გზით, ევროკავშირს სურს, რომ 2030 წლამდე მიკროჩიპების გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილი გააორმაგოს და 20%-მდე გაზარდოს.
„ჩიპების ევროპული აქტი ევროპის საერთო ბაზრის გლობალურ კონკურენტუნარიანობას გაზრდის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „მოკლევადიან პერსპექტივაში, მიწოდების ჯაჭვში სამომავლო შეფერხებების აღმოჩენის გზით, ეს აქტი მომავალი კრიზისებისადმი გამძლეობას შეგვმატებს. საშუალოვადიან პერსპექტივაში კი ის ევროპას ინდუსტრიულ ლიდერად აქცევს ამ სტრატეგიული მიმართულებით“.
აღსანიშნავია, რომ ევროპელი ბიუროკრატების ეს გადაწყვეტილება ამერიკელი კანონმდებლების გადაწყვეტილებას იმეორებს – ამ თვეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ $352-მილიარდიანი აქტი გამოსცა, რომელიც აერთიანებს როგორც ნახევარგამტარების მწარმოებლებისადმი გადასახდელ სუბსიდიებს, ასევე კვლევებისათვის მიმართულ თანხებს. თუკი ეს საკანონმდებლო ინიციატივა ამერიკელი სენატორების თანხმობას მიიღებს, მას ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.
თუკი ამერიკასა და ევროპაში ეს დოკუმენტები ძალაში შევა – აშშ-ს, ევროკავშირსა და აზიის ქვეყნებს შორის კონკურენცია გაჩაღდება, რაც ჩიპების გლობალურ წარმადობას გაზრდის და დადებითად აისახება როგორც სამედიცინო აღჭურვილობის, ელექტრომობილებისა და სათამაშო კონსოლების წარმოებაზე, ასევე სხვა სფეროებზეც, რომლებიც მიკროჩიპებს იყენებენ.
მეტავერსში ძალადობისგან პირადი სივრცის ვირტუალური ბარიერები დაგიცავთ
სექსუალური და სხვა სახის ძალადობისგან მომხმარებლების დასაცავად, Meta, საკუთარ ვირტუალურ სამყაროში, Horizon Worlds-ში 60-სანტიმეტრიანი რადიუსის მქონე პირადი სივრცის ვირტუალურ ბარიერებს ამატებს – ამ უჩინარი ბარიერის დამსახურებით, მომხმარებლები ერთმანეთის პირად სივრცეში უნებართვოდ შესვლას ვერ მოახერხებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც Horizon Worlds-მა ბეტა-ვერსიის საზოგადოებისთვის გახსნის შემდეგ განიცადა – უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში, სულ მცირე, ერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს.
„პირადი სივრცის ბარიერებს თანდართულ, მუდმივად ჩართულ ფუნქციად გამიზნულად ვამატებთ – გვჯერა, რომ ამგვარად ქცევის ნორმებს ჩამოვაყალიბებთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირტუალური რეალობის მსგავსი ახალი მედიუმისთვის. მომავალში მომხმარებლებს კონტროლის მექანიზმებისა და სამომხმარებლო ინტერფეისის შეცვლის საშუალებას მივცემთ – ამ დროს მომხმარებლებს მათი პირადი სივრცის დისტანციის შეცვლა შეეძლებათ“, – ვკითხულობთ Horizon-ის ვიცე-პრეზიდენტის, ვივეკ შარმას ბლოგში.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი სოციალური ბარიერები სხვა, უფრო ძველ ვირტუალურ რეალობებში გვხვდება, მათ შორის VRChat-სა და Rec Room-ში, თუმცა იქ მომხმარებლებს პარამეტრების შეცვლა საკუთარი გემოვნების მიხედვით შეუძლიათ.