Yamaha L700A | Apple-ის AirPods Max-ს კონკურენტი გამოჩნდა

Yamaha L700A | Apple-ის AirPods Max-ს კონკურენტი გამოჩნდა

იაპონურმა Yamaha-მ პრემიუმ-კლასის ახალი ყურსასმენები – L700A გამოუშვა, რომელიც ბაზარზე Apple-ის უახლესი ყურსასმენების AirPods Max-ის მთავარი კონკურენტი იქნება. აღსანიშნავია, რომ იდენტური ფასის კატეგორიის გარდა (ორივე $500-ზე მეტი ღირს), ორ ყურსასმენს ბევრი საერთო აქვს, მათ შორის აქტიური ხმის ჩახშობის ტექნოლოგია (ANC) და აუდიოს სამგანზომილებიანი სივრცითი აღქმა. Yamaha-სა და Apple-ის სივრცითი აუდიო ერთსა და იმავე პრინციპს ეფუძნება: ყურსასმენები მსმენელის თავის მიმართულებას აღიქვამენ და ხმას ისე აგენერირებენ, თითქოს სახლის კინოთეატრში ზიხართ, ყურსასმენების გარეშე.

Yamaha-ს ამ ტექნოლოგიას 3D Sound Field ჰქვია და AirPods Max-ისგან განსხვავებით, რომელსაც აუცილებლად სჭირდება Apple-ის სხვა პროდუქტი, მაგალითად iPhone ან Apple TV 4K, ის უნივერსალურია – კომპანიის განცხადებით, ყურსასმენებს 360-გრადუსიან ხმად ნებისმიერი ორარხიანი სტერეოს გარდაქმნა შეუძლია და ამისათვის ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისია. გარდა ამისა, Yamaha-ს ახალ პროდუქტს ხმის რამდენიმე რეჟიმი აქვს, მათ შორის Cinema, Drama, Music Video – ვიდეო-კონტენტისთვის, Audio Room და Background Music – მუსიკისთვის და Outdoor Live და Concert Hall – სხვადასხვა სახის პერფორმანსებისათვის.

გარდა ზემოაღნიშნული ტექნოლოგიისა, საკუთარი უახლესი პროდუქტი Yamaha-მ სხვა დეტალებითაც აღჭურვა: ყურსასმენებში გამოყენებულია Qualcomm-ის aptX Adaptive Bluetooth კოდეკი, რომლის დახმარებით, ამავე ტექნოლოგიის მქონე სხვა მოწყობილობასთან დაკავშირების შედეგად გაჟღერებული ხმა – ძალიან მაღალი გარჩევადობისაა. აღსანიშნავია, რომ Quaulcomm-ის კოდეკი არ გამოიყენება Apple-ის ტელეფონებსა და ყურსასმენებში. ამას გარდა, Yamaha მოსმენის ოპტიმიზატორითაა აღჭურვილი, რომელიც იმ წამსვე ერგება მსმენელის პარამეტრების ცვლილებას – თუ, მაგალითად, ყურსასმენი და მსმენელის ყურის ნიჟარა ერთმანეთს დასცილდნენ.

თუკი ყურსასმენებში მუსიკის ან სხვა აუდიოს მოსმენისას ANC-სა და 3D ხმის რეჟიმებს არ იყენებს, Yamaha-ს უახლესი ყურსასმენების ელემენტები 34 საათს ძლებენ, თუმცა ორივე ზემოთხსენებული ფუნქციის გააქტიურებისას, ერთი დამუხტვა მხოლოდ 11 საათს ეყოფა. Yamaha L700A-ს მკვრივი ჩასადები, USB-C ტიპის დასამუხტი კაბელი, ანალოგის ტიპის კაბელი და თვითმფრინავის ადაპტერი მოჰყვება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *