აბასთუმნის ისტორიული სანატორიუმ „არაზინდოს“ თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნისთვის „აჭარა ჯგუფის“ ჰოლდინგი დაახლოებით 13.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ „აჭარა ჯგუფი“ იტყობინება. კომპანია ასევე თანამშრომლობს Wings and Freeman Capital-თან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციიდან (DFC) დაფინანსების მოზიდვაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება Rooms Hotel Abastumani-ს განვითარება.
როგორც ჯგუფში აცხადებენ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერების მიზნით, „აჭარა ჯგუფის“ ჰოლდინგი აბასთუმნის სასტუმროს თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადაამზადებს. ამასთან ერთად, კომპანია იმუშავებს მოწვეულ ექსპერტებთან გამაჯანსაღებელი ტურისტული სერვისებისა და უსაფრთხოების ნორმების განვითარებაზე.
Rooms Hotel Abastumani-ში სტუმრების მიღება 2022 წლის ზამთრიდან იგეგმება. პროექტი დაახლოებით 150 სამუშაო ადგილს შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალ, მაღალანაზღაურებად დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებას.
აბასთუმნის უნიკალურ კლიმატურ ზონაში მდებარე სასტუმროში, დაახლოებით 76 ოთახთან ერთად, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეები მოეწყობა. Rooms Hotel Abastumani-ის რესტორანი და ბარი კი სტუმრებს შესთავაზებს „აჭარა ჯგუფის“ ჰოლდინგის ფერმიდან-მაგიდაზე კონცეფციის გასტრონომიულ პროგრამას, რომელიც ჯანსაღ კვებაზე იქნება ორიენტირებული.
Rooms Hotel Abastumani-ს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ობიექტები და პროგრამები, რომელთა მიზანი ჯანმრთელობაზე ზრუნვა იქნება საერთაშორისო ტენდენციებისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.