ADB-მ საქართველოს $200 მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

ADB-მ საქართველოს $200 მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი დაამტკიცა კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიით მიყენებული ზიანისგან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და სოციალური დაცვის სისტემებში გამოწვევების დაძლევის გზით.

ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის ხელშემწყობი პროგრამა ADB-ის დახმარების საყოველთაო და ინტეგრირებული პაკეტის ნაწილია, რომელიც მიმართულია საქართველოში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე პანდემიით მიყენებული ზიანის შესარბილებლად.

“ამ პროგრამით გათვალისწინებული ნაბიჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის ეკონომიკური გავლენის შესარბილებლად და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შესანარჩუნებლად; ასევე კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის დასაცავად,“ — განაცხადა ADB-ის უმცროსმა სპეციალისტმა როჯერიო დე ალმეიდა ვიეირა დე სამ. „პროგრამა დაეხმარება ხანდაზმულ მოქალაქეებს, ვინც კოვიდ-19-ის შედეგების წინაშე განსაკუთრებით დაუცველია.“

მაშინ როცა საქართველოს სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა უმეტესად ეფექტურად უმკლავდება კოვიდ-19-ის გავრცელების შეკავებას, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკაზე ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესამჩნევი შენელებით. პანდემიამ ასევე გააჩინა დიდი ფისკალური გარღვევა, რადგან მთავრობის ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა გაზარდა სახელმწიფო ხარჯვა, ხოლო საგადასახადო შემოსავლები შემცირდა.

ADB-ის პროგრამა მიმართულია სახელმწიფო ფისკალური რისკების მართვის გაძლიერებისა და მთავრობის ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრების გაღრმავებისკენ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მთავრობის ვალის შემცირების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს რეფინანსირების საჭიროებისა და სავალუტო რისკების შემცირებას, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელისშემშლელი ფაქტორია. მაკროეკონომიკური სტაბილურობა კი ეკონომიკის აღდგენის წინაპირობაა.

პროგრამა ასევე დაეხმარება კრიზისის დროს გაზრდილი სოციალური დაცვის პროგრამების ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფას. ხელს შეუწყობს ხანდაზმული მოქალაქეებისთვის მთავრობის ეროვნული საპენსიო სქემის რეფორმას და სხვა სოციალური დაცვის სისტემებს ეკონომიკური ზრდის ინკლუზიური აღდგენისთვის.

პროგრამა ADB-ის მიერ მიმდინარე წლის მაისში დამტკიცებული $100 მილიონიანი სესხის დამატებაა, რომელიც გამიზნული იყო მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების დასახმარებლად, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადების, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი ფულადი დახმარებისა და კოვიდ-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.