სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან (ივლისი) ინდექსი 1%-ით გაიზარდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური წერს, ეს ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6%-ით ზრდამ განაპირობა. ამან კი ინდექსის ცვლილებაში 0.6%-იანი წვლილი შეიტანა.
აქვე, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში დაფიქსირებული მაჩვენებელი 10.9%-ით აჭარბებს 2022 წლის თებერვლის მონაცემს. ამ პერიოდის განმავლობაში ინდექსის ზრდა, საქსტატის ცნობით, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.1%-ით ზრდამ, ასევე სამშენებლო მასალების 6.2%-ით გაძვირებამ განაპირობა. ამან კი, შესაბამისად, ინდექსის ცვლილებაში 6.45 და 3.46%-იანი წვლილი შეიტანა.