მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ Oracle-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ლარი ელისონმა Tesla-ს დირექტორთა საბჭო დატოვა, კომპანიამ მისი შემცვლელი იპოვა – Airbnb-ის თანადამფუძნებელი, ჯო ჯებია, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამრიგად, Tesla-ს დირექტორთა საბჭოში დღეს რვა წევრია – მათ შორის არიან კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ილონ მასკი და მისი ძმა, კიმბალ მასკი.
როგორც მედია იუწყება, დირექტორთა საბჭოში ჯო ჯებიას დამატებით, ილონ მასკს კომპანიის მმართველობაში კიდევ ერთი მოკავშირე გაუჩნდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ორ ანტრეპრენიორს შორის აქტიური კომუნიკაცია, სულ მცირე 2018 წლიდან დაიწყო, როცა მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს აქციების გამოსყიდვას და მის კერძო კომპანიად გადაკეთებას აპირებდა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Airbnb-ში დაკავებული თანამდებობა ჯო ჯებიამ მიმდინარე წლის ივლისში დატოვა, როცა განაცხადა, რომ სურს, ოჯახსა და ახალ პროექტებს მეტი დრო დაუთმოს. შეგახსენებთ, რომ სახლების გაქირავების ინოვაციური სერვისი, სახელწოდებით Airbnb-ი ჯო ჯებიამ, ბრაიან ჩესკიმ და ნეითან ბლეჩარჩიკმა ჯერ კიდევ 2008 წელს დააფუძნეს – დღეს, Airbnb-ი საჯარო კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $70 მილიარდს აღემატება.
Tesla-ს დირექტორთა საბჭოს წევრობის გარდა, ჯო ჯებია Airbnb-ის დირექტორთა საბჭოს და Airbnb.org-ის, კომპანიის არაკომერციული მიმართულების საბჭოს წევრად რჩება.