ახლავე შეწყვიტეთ ლოკდაუნები!

ახლავე შეწყვიტეთ ლოკდაუნები!

ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ლოკ­და­უ­ნე­ბი, აგერ უკვე წელიწადზე მეტია რომ დაწესდა ყველაზე საზიზღარი გლობალური პანდემიის გამო, რაც კი რამ მსოფლიოს 1918–20 წლების ესპანური გრიპის შემდეგ ახსოვს, ხანმოკლე ზომებად იყო ჩაფიქრებული, რათა არ მომხდარიყო საავადმყოფოების გადავსება. ასეა თუ ისე, ერთი წელი გავიდა და კვლავ აქ ვართ: კვლავ სხვადასხვა ხარისხის შეზღუდვებში გვიწევს ცხოვრება. ამ ზომებს ამსუბუქებენ და აუქმებენ, თუმცა ისეთი ნელი ტემპით, რომ სკოლის მოსწავლეებს, კონკრეტულად, და ეკონომიკას, ზოგადად, არასაჭირო ზიანი ადგებათ.

მალე ლამის ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აცრა მოუნდება, შეძლებს ამას. მეტიც, უკვე თვეებია, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უაღრესად ეფექტიანი საშუალებები გამოჩნდა, რითაც ვირუსის მწვავე ფორმის მქონე ჰოსპიტალიზებული ადამიანების მკურნალობაა შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ უნდა შეწყდეს ახლავე ლოკდაუნები.

გასული წლის გაზაფხულის მიწურულს ნათელი გახდა, რომ საუკეთესო მიდგომა – ძალისხმევათა ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისკენ მიმართვა იყო. იგულისხმება ხანდაზმულები და ისინი, ვისაც ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, მეცნიერული ლოგიკით მოქმედების ნაცვლად, უამრავმა პოლიტიკოსმა და ჯანდაცვის წარმომადგენელმა ყოვლისმომცველი შეზღუდვები შემოიღო (და განაგრძობენ მათ შემოღებას), რომლებიც უსარგებლო, იმპულსური ან კონტრპროდუქტიული გამოდგა.

ქვეყანას ამაში შემზარავი ფასის გადახდა მოუწია (და განაგრძობს მის გადახდას). არაპროპორციულად დაზარალდნენ დაბალშემოსავლიანი ოჯახები: მშობლებს აღარ შეუძლიათ მუშაობა, იმიტომ რომ, იძულებულნი არიან, შინ დარჩნენ და ბავშვებს მოუარონ, რომლებსაც აღარ შეუძლიათ სკოლაში სიარული.

ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ მასწავლებელთა პროფკავშირები საჯარო სკოლებს დახურულს ტოვებენ ან ჰიბრიდულ სისტემაზე გადაჰყავთ, მაშინ როცა უკვე კარგა ხანია, ფაქტები გვიჩვენებს, რომ ბავშვები კოვიდ-19-ისადმი ყველაზე ნაკლებად მოწყვლადები არიან და ყველაზე მცირეა ალბათობა, დაავადების გადამტანები რომ გახდნენ. კერძო სკოლები, სათანადო ზომების დაცვით, თვეებია, გახსნილია და ამ ნაბიჯს უკუჩვენებები, პრაქტიკულად, არ მოჰყოლია.

მნიშვნელოვნად გაზრდილია დეპრესიისა და ადიქციის სხვადასხვა ფორმის სტატისტიკა, ისევე როგორც თვითმკვლელობისა და ზედოზირების შემთხვევები.

შეადარეთ იმ შტატების სტატიკა, სადაც ინფორმირებული, სამეცნიერო მიდგომა აირჩიეს, – მაგალითად, ფლორიდაში – იმ შტატების სტატისტიკას, სადაც ასეთი მიდგომა არ აურჩევიათ, მაგალითად, ნიუ-იორკში. ფლორიდა, რომელიც დღეს სრულად გახსნილია, საწყისი ლოკდაუნების შემდეგ ყოველთვის უფრო ნაკლებად შემზღუდავი იყო, ვიდრე ნიუ-იორკი. პირველში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მეორეში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი ჰყავს ასაკოვანი მოსახლეობა. პირველის ეკონომიკა ყვავის, მეორისა კი კვლავ კოჭლობს.

ეს უკმეხი სიმართლეა: შტატები, რომლებიც გაიხსნენ, უკეთეს მდგომარეობაში არიან ჯანმრთელობისა და ეკონომიკის თვალსაზრისით, ვიდრე უფრო შემზღუდავი შტატები.

ეს ყველაფერი კი მარტში, მთელი ქვეყნისადმი მიმართვის დროს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გაკეთებულ კომენტარს ჯიუტსა და არაგონივრულს ხდის, როცა თქვა, შესაძლოა, ოთხ ივლისს – ანუ თვეების შემდეგ – პატარა ოჯახური შეკრებები უსაფრთხო იყოსო.

კარგი რა, ბატონო პრეზიდენტო: ასეთი რამეები უსაფრთხოა…

დღესვე!