გასული კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში პროცესების ესკალაციის ფონზე, მსოფლიოს წამყვანი თავდაცვის კომპანიების აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის დაწყების პარალელურად, Lockheed Martin-ის, Raytheon-ის, Northrop Grumman-ისა და L3Harris-ის აქციათა ფასი საშუალოდ 2.6%-ით გაიზარდა.
Lockheed Martin-ისა და Raytheon-ის აქციათა ფასი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა, Northrop Grumman-ისა და L3Harris-ის აქციების ფასმა კი 2022 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელი დააფიქსირა.
გუშინვე 1.2%-ით გაიზარდა BlackRock-ის მიერ მართვადი აშშ-ის საავიაციო და თავდაცვის სექტორის აქციათა ფონდი. ჯამში iShares U.S Aerospace & Defense ფონდი წელს უკვე 43%-ითაა გაზრდილი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს S&P 500-ის 33%-იან ზრდის მაჩვენებელს. შედარებისათვის, გუშინ მომხდარი ესკალაციის ფონზე S&P 500-ის აქციათა ფასი 0.8%-ით შემცირდა.
როგორც წესი, თავდაცვის სექტორის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე მაშინ იმატებს, როცა აშშ-ის მთავრობა ინდუსტრიასთან ძვირად ღირებულ კონტრაქტებს აფორმებს. ისრაელისა და უკრაინისათვის შეიარაღების რეგულარულად გადაცემის ფონზე კი სამხედრო კონტრაქტების რაოდენობა ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.