ალეკ ბოლდუინის მონაწილეობით „Rust“-ის გადაღების განახლება გაზაფხულზე იგეგმება

ალეკ ბოლდუინის მონაწილეობით „Rust“-ის გადაღების განახლება გაზაფხულზე იგეგმება

პროდიუსერების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვესტერნის ჟანრის ფილმის „Rust“-ის გადაღება, 16-თვიანი პაუზის შემდეგ, ამ გაზაფხულზე განახლდება. მათივე ცნობით, კინოსურათში მონაწილეობას მიიღებს ალეკ ბოლდუინი, რომელსაც სწორედ „Rust“-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. აღნიშნულ ინფორმაციას Variety ავრცელებს.

შეგახსენებთ, ფილმის გადაღებები ნიუ-მექსიკოში მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ირკვევა, მომავალში მონტანაში, Yellowstone Film Ranch-ის სახელწოდებით ცნობილ მოედანზე გაგრძელდება.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ალეკ ბოლდუინსა და ჰანა გუტიერეს-რიდს, კინოპროექტში იარაღზე პასუხისმგებელ პირს, ბრალდება შეუმცირეს. მათ ციხეში ხუთი წლის გატარება ემუქრებოდათ, თუმცა ბრალის შემსუბუქების შემდეგ შესაძლოა 18-თვიანი პატიმრობისა და 5,000 დოლარის ოდენობის ჯარიმის წინაშე აღმოჩნდნენ.

ფილმის რეჟისორის ასისტენტი, დეივ ჰოლსი, რომელმაც დანაშაული უკვე აღიარა, ასევე ბოლდუინი და გუტიერეს-რიდი, რომლებიც ბრალდებას უარყოფენ, სასამართლოს წინაშე პარასკევს წარდგებიან.

„Rust“-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც ალეკ ბოლდუინის მიერ იარაღიდან გასროლილ ტყვიას 42 წლის ჰატჩინსი შეეწირა. როგორც მსახიობმა განაცხადა, მას სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს.