მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ალმასის სახეობაზე ფასები მკვეთრად იკლებს. მიზეზი, პანდემიის შემდეგ, მომხმარებლის მიერ ფუფუნების საგნებზე დანახარჯების შემცირებაა, რის გამოც ამერიკელები ნიშნობის ბეჭდებისთვის უპირატესობას უკვე ლაბორატორიაში დამზადებულ ქვებს ანიჭებენ.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის მასშტაბით, იმ ქვების ფასები, რომლებიც ერთ- ან ორკარატიან სოლიტერს განეკუთვნება, შედარებით უფრო მკვეთრად დაეცა, ვიდრე სხვა ბაზრებზე. ინდუსტრიის ინსაიდერების აზრით, ამის მიზეზი სწორედ ლაბორატორიაში დამზადებულ ქვებზე მოთხოვნის ზრდაა მაშინ, როდესაც მომხმარებელი ფასების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა.
ალმასებზე მოთხოვნის შესუსტებას, De Beers-მა, „ამორჩეულად დამზადებული პროდუქციისთვის“ (select makeables), რომელიც საშუალოდ 2-4 კარატამდე დაუმუშავებელი ბრილიანტია, ფასების მკვეთრი შემცირებით უპასუხა. ამ კატეგორიაში, გასულ კვირას, De Beers-მა ფასები 40%-ზე მეტით შეამცირა. გარდა ამისა, 2022 წლის ივნისში, ამ ტიპის ალმასებისთვის, De Beers-ი კარატზე დაახლოებით $1,400-ს იხდიდა, რაც მიმდინარე წლის ივლისისთვის $850-მდე შემცირდა.
ლაბორატორიაში გამოყვანილ ქვებზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი ნიშანი ინდოეთიდან ექსპორტში მათი წილია. ცნობისთვის, ინდოეთში ალმასების გლობალური მიწოდების დაახლოებით 90% იჭრება და პრიალდება. თუ ხუთი წლის წინ ლაბორატორიაში დამზადებული ალმასების წილი ექსპორტში მხოლოდ 1%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის ივნისის მოცემულობით, ეს ციფრი 9%-მდეა გაზრდილი.