ალტე უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლისთვის ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე იღებს მსურველებს.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ლექტორები მაგისტრანტებს აკადემიურ ცოდნას უზიარებენ და ბიზნესგარემოში მუშაობისთვის საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარებიან.
სასწავლო პროცესი ხელს უწყობს პროფესიული კავშირების გაფართოებასაც. უნივერსიტეტის 200+ პარტნიორი ორგანიზაცია მაგისტრანტებს სტაჟირებისა და დასაქმების მრავალფეროვან პერსპექტივას სთავაზობს. გარდა ამისა, ბიზნესიდეების მქონე სტუდენტები „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ მხარდაჭერით საკუთარ პროექტებს ავითარებენ და მათ განსახორციელებლად საჭირო რესურსებს იღებენ.
პროგრამა სტუდენტებს ორმაგი საერთაშორისო ხარისხის მოპოვების უნიკალურ შესაძლებლობასაც სთავაზობს. „ალტე უნივერსიტეტის“ ქართულ MBA-სთან ერთად, მათ მონპელიეს ბიზნეს სკოლის ფრანგული MSc ხარისხის მიღებაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ MBS მსოფლიოს ბიზნესსკოლების საუკეთესო 1%-ში შედის და მოპოვებული აქვს ბიზნესგანათლების უმაღლესი აღიარება, სამმაგი აკრედიტაცია (Triple Crown: AACSB, EQUIS, AMBA).
1+1 სასწავლო მოდელის ფარგლებში (1 წელი საქართველოში, 1 წელი საფრანგეთში) სტუდენტები თანამედროვე ბიზნესგარემოზე მორგებულ 7 საერთაშორისო MSc სპეციალიზაციას შორის ირჩევენ სასურველ მიმართულებას, მათ შორის: Global Finance, Digital Marketing & Omnichannel Strategy, International Business, Big Data & Artificial Intelligence for Business და სხვა.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლას იურიდიული განათლების მიმართულებით ოცწლიანი გამოცდილება აქვს. სკოლის მთავარი მიზანი დაარსებიდან უცვლელია: პროფესიული საქმიანობისთვის ისეთი კონკურენტუნარიანი იურისტების მომზადება, რომლებიც საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ფლობენ.
ამ მიზნის მისაღწევად სასწავლო გეგმა მუდმივად ახლდება და ზედმიწევნით ასახავს სამართალში მიმდინარე ცვლილებებს. ამასთან, მაგისტრანტები მონაწილეობენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში და საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში იურისტის პროფესიას ეუფლებიან.
მაგისტრანტებს შეუძლიათ, სიღრმისეულად შეისწავლონ საჯარო, კერძო, საერთაშორისო ან სისხლის სამართალი და სასწავლო პროფილი საკუთარ ინტერესებს მოარგონ. თითოეულ მიმართულებას დარგში აღიარებული ლექტორები უძღვებიან და სტუდენტებს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ.
პროგრამა საზღვარგარეთ სწავლის კომპონენტსაც ითვალისწინებს. პარტნიორებს შორის არის ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიცაა: Mykolas Romeris University და Philipps-Universität Marburg, სადაც სტუდენტები სხვა ქვეყნის სამართლებრივ სისტემას ეცნობიან.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები აკადემიური ეთიკის დაცვით რთული სამართლებრივი საკითხების დამოუკიდებლად ანალიზისა და კვლევის უნარებს ფლობენ. ეს კვალიფიკაცია მათ კერძო, საჯარო, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებაში ეხმარებათ.
ალტე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე მიღების პირობები და ვადები
ორივე სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის, ინგლისური ენის შიდა ტესტირებისა და სპეციალობის გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე მიიღებიან ნებისმიერი მიმართულების ბაკალავრები, ხოლო სამართლის პროგრამაზე – მხოლოდ სამართლის ბაკალავრები. სასწავლო გეგმა 60 ან 120 კრედიტისგან შედგება, რომელთა დაგროვების შემდეგაც კურსდამთავრებულებს შესაბამისი კვალიფიკაცია ენიჭებათ.
ინგლისური ენის შიდა გამოცდით B2 დონის ცოდნა მოწმდება. ამ ტესტირებისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც ფლობენ ბოლო ორი წლის განმავლობაში აღებულ TOEFL-ის, IELTS-ის ან Cambridge-ის სერტიფიკატს, ან დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო თუ სამაგისტრო კურსი.
ელექტრონული რეგისტრაცია 2026 წლის 16 ივნისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. მათ, ვისაც სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება „ალტე უნივერსიტეტში“ აქვთ გადაწყვეტილი, წინასწარი რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ.















