Photo Credits to REUTERS/Mike Segar
გასულ კვირას ევროპულმა საფეხბურთო ფედერაციების ასოციაციამ, UEFA-მ და მისმა წევრმა 55-მა ფედერაციამ FIFA-ს მიერ ორგანიზებული მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა ტურნირების ბოიკოტირებას კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.
FIFA-სა და UEFA-ს, ასევე სხვა ასოციაციებს შორის უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის პრივატიზაციის გეგმა წარმოადგინა, რომლის თანახმად ამ ტურნირისთვის ახალი იურიდიული პირი დაფუძნდება და მისი 20%-იანი წილი კერძო ინვესტორზე გასხვისდება.
შეგახსენებთ, რომ FIFA-ს ოფიციალური რეიტინგის 10 საუკეთესო ქალთა და მამაკაცთა ეროვნული ნაკრებიდან 6 ევროპაშია.
FIFA-ს ინიციატივას წინააღმდეგობა გამოუცხადა ჩრდილო და ცენტრალურამერიკული საფეხბურთო ფედერაციების ასოციაცია CONCACAF-მა და მისმა წევრმა 41-მა ფედერაციამაც. თუმცა მოგვიანებით მექსიკის საფეხბურთო ფედერაციამ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და მას FIFA-ს მიერ ორგანიზებული სადისკუსიო შეხვედრის შემდეგ გამოაცხადებს.
ცნობისათვის, FIFA-მ კრიტიკული განცხადებების შემდეგ ფართო შემადგენლობის ღია დისკუსიის ფორმატში შეხვედრა დააანონსა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს წარმოდგენილი ახალი მოდელის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და დოკუმენტაციას გააცნობენ.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი აცხადებს, რომ UEFA-ში გამართულ კენჭისყრაზე FIFA-ს მიერ ორგანიზებული მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას მხარი 55-ვე ფედერაციამ დაუჭირა. ეს ფაქტი განსაკუთრებით საგულისხმოა იმის გათვალისწინებით, რომ ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში მომავალ წელს გაიმართება. მამაკაცების მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი კი 2030 წელს ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში ჩატარდება.














