Amazon-ი აცხადებს, რომ გეგმავს, ნიდერლანდებში მშენებარე უმსხვილესი ახალი ქარის ელექტროსადგურისგან ენერგიის ნახევარი იყიდოს. ამის შესახებ CNBC წერს.
ცნობისთვის, Shell-მა და Eneco-მ გასულ ივლისს ჩრდილოეთის ზღვაში 759-მეგავატიანი ქარის ენერგიის სადგურის აშენების უფლება მოიპოვეს. Amazon-ი კი ამბობს, რომ იქ გამომუშავებული ენერგიის ნახევარს ანუ 380 მეგავატს იყიდის, რათა ევროპაში კომპანიის ოპერირება უზრუნველყოს.
ზღვაში გაშენებული ქარის ელექტროსადგური ოპერირებას, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის დაიწყებს. სადგური ნიდერლანდების სანაპიროდან 18.5 კილომეტრში მდებარეობს, რომელსაც CrossWind Consortium-ი მართავს. ეს უკანასკნელი კი Shell-ისა და Eneco-ს ერთობლივი კომპანიაა.
სადგურზე 69 ქარის ტურბინა დამონტაჟდება, რომელთა დიამეტრი ცალ-ცალკე 200 მეტრია.
აღსანიშნავია, რომ როგორც ბევრი ტექნოლოგიური კომპანია, Amazon-იც ცდილობს განახლებადი რესურსების გამოყენებას, რათა ჰაერში გამონაბოლქვი შემცირდეს. მოგეხსენებათ, კომპანიის მონაცემთა ცენტრები მსოფლიო მასშტაბით დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას იყენებენ Amazon-ისა და სხვა კომპანიების კომპიუტერული ოპერირებისთვის. წლების განმავლობაში გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ი Amazon-ს ადანაშაულებდა იმ მონაცემების გასაიდუმლოებაში, რომლებიც კომპანიის მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარებას ეხება.კომპანიას ასევე აკრიტიკებენ თვითმფრინავებისა და სატვირთოების დიდი რაოდენობით გადაადგილების შედეგად გარემოს დაბინძურებაშიც.
ახლა კი Amazon-ი ამბობს, რომ ნიდერლანდების პროექტი მას დაეხმარება, 2040 წლისთვის გახდეს კომპანია, რომლის ოპერირებაც ნულოვან გამონაბოლქვს იწვევს. კომპანია ამბობს, რომ მას ახლა 187 მზისა და ქარის ენერგიის პროექტი აქვს მსოფლიო მასშტაბით. მათ შორის 125 მზის პანელი საწყობების სახურავებზე.
ამასთან, Amazon-ი ამბობს, რომ ის მსოფლიოში განახლებადი ენერგიის ყველაზე მსხვილი კორპორაციული შემსყიდველია.