ამჟამად, აშშ საექსპორტო გაზის ძირითად ნაწილს ევროპას აწვდის

ამჟამად, აშშ საექსპორტო გაზის ძირითად ნაწილს ევროპას აწვდის

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე, ევროპამ აზია ჩაანაცვლა და აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა. 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) თითქმის სამი მეოთხედი ევროპაში გაგზავნა, რაც გასულ წელთან შედარებით ერთი მესამედით მეტია.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის განცხადებით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ევროპის რეგიონში თხევადი ბუნებრივი აირის ყოველდღიურმა მიწოდებამ გასული წლის საშუალო მაჩვენებელს სამჯერ გადააჭარბა. შედეგად, ამჟამად აშშ ევროპის LNG იმპორტის თითქმის ნახევარს იკავებს, რაც 2021 წლის მონაცემს დაახლოებით ორჯერ აღემატება.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ევროპაში საწვავის მიწოდების გაზრდის პირობა მას შემდეგ დადო, რაც ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსულ გაზზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება განიზრახა. თუმცა რეგიონში მიწოდების ჯაჭვის შეფერხების პრობლემები ომის დაწყებამდეც არსებობდა, რის შედეგადაც ევროპაში გაზის ფასები უპრეცედენტო დონემდე გაიზარდა. უფრო მაღალი მოგების პერსპექტივამ კი ამერიკელი მიმწოდებლები წაახალისა, რომელთაც, სხვა მიმართულებების ხარჯზე, ევროპისთვის საწვავის მიწოდების ზრდა გადაწყვიტეს.

EIA-ის მონაცემებით, აზიაში, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ის LNG-ის თითქმის ნახევარს იღებდა, 2022 წელს მოცულობა განახევრდა. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წელს LNG-ის ექსპორტის მთლიანი მოცულობაც გაზარდა. საწვავის მიწოდება, Sabine Pass-ისა და Calcasieu Pass-ის ტერმინალების მოცულობის ზრდის შედეგად, 2021 წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *