აფრიკის სახელმწიფოები ნიგერში 25,000 სამხედროს გასაგზავნად მზად არიან

აფრიკის სახელმწიფოები ნიგერში 25,000 სამხედროს გასაგზავნად მზად არიან

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) წევრი ქვეყნები ნიგერში 25,000-იანი სამხედრო კონტინგენტის გასაგზავნად და პრეზიდენტ მუჰამედ ბაზუმის ძალაუფლების აღსადგენად მზადაა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო კონტინგენტის ნახევარს ნიგერია, დანარჩენს კი კოტ-დიუვარი, სენეგალი და ბენინი დააკომპლექტებენ. მედიასააგენტოებზე დაყრდნობით, ECOWAS-ი კონფლიქტის მოგვარების ამგვარ სცენარს უკიდურეს ვარიანტად განიხილავს.

ცნობისთვის, აფრიკის კავშირის, გაეროსა და ECOWAS-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები 8 აგვისტოს ნიგერში უნდა ჩასულიყვნენ და სიტუაციას პირადად გასცნობოდნენ, თუმცა სამხედრო ხუნტამ მათ ქვეყანაში შესვლის ნებართვა არ მისცა. ნიგერს გარკვეული პერიოდის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ესტუმრა. ნულანდის განცხადებით, აჯანყებული სამხედროები წინა ხელისუფლებისათვის ძალაუფლების დათმობას არ განიხილავენ. ვიქტორია ნულანდმა იმედი გამოთქვა, რომ აჯანყებულები სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტისათვის გზას დაიტოვებენ.

შეგახსენებთ, სამხედრო გადატრიალება ნიგერში 26 ივლისს მოხდა. პრეზიდენტის გვარდიამ მუჰამედ ბაზუმი ძალაუფლებას ჩამოაშორა. სახელმწიფოს მეთაურად კი თავი გვარდიის გენერალმა გამოაცხადა. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური თანამეგობრობის წევრმა ქვეყნებმა ნიგერის ინტერვენციის მზაობა მალევე გამოთქვეს.

ნიგერის ხუნტამ ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურა და ECOWAS-ის წევრ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა. გარდა ამისა, ნიგერიისა და დასავლეთ საზღვრებთან შეიარაღებული ძალები გადაისროლა.