Bloomberg-ის ინფორმაციით, კერძო საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management-ი ჩიპების მწარმოებელ Intel-ში $5 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ Intel-ი ერთ დროს ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი იყო, თუმცა დღეს მისი აქციების ფასი საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კომპანიამ წლის დასაწყისიდან დღემდე საბაზრო კაპიტალიზაციის თითქმის 60% დაკარგა და 10-წლიან მინიმუმზეა.
როგორც ჩანს, აქტივების მმართველი კომპანია Apollo Intel-ის მდგომარეობით დაინტერესდა და ზრდის პერსპექტივაც დაინახა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ამჟამად მოლაპარაკებების ეტაპზე არიან და პირობებს ათანხმებენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, შესაძლოა თავდაპირველად გაჟღერებული ინვესტიციის მოცულობა შეიცვალოს კიდეც.
თავად Intel-ი და Apollo მოლაპარაკებების შესახებ მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. შეგახსენებთ, რომ Apollo-მ Intel-თან დაკავშირებული საწარმოს წილის შესყიდვის სურვილი წლის დასაწყისშიც გამოთქვა. მაშინ საქმე ირლანდიაში მდებარე საწარმოში $11-მილიარდიან ინვესტიციას ეხებოდა.
Intel-თან გაერთიანებისა და შერწყმის სურვილი კიდევ ერთმა ჩიპების მწარმოებელმა Qualcomm-მაც გამოთქვა. კომპანიის განცხადებით, ორი ფირმის შერწყმა ინდუსტრიაში გარდამტეხი უპირატესობის მოპოვებას განაპირობებს. შესაბამისად, Intel-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს Qualcomm-ის აღმასრულებელი საბჭოც აწარმოებს.